№ას-1598-1501-2012 29 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. მ-ი (მოპასუხე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ჭ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სარჩელი მოპასუხე ე. მ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ე. მ-ს გ. ჭ-ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1022 ლარის გადახდა; მასვე დაევალა გ. ჭ-ას მიერ ექსპერტიზის დასკვნის შედგენისათვის გაწეული ხარჯის, 200 ლარის ანგარიშში 153 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. ჭ-ა და ე. მ-ი 2009–2010 წლის პერიოდისათვის წარმოადგენდნენ ქ.თბილისში, მ-ს ქ.№16-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს და მეზობლებს;
დასახელებულ მისამართზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის №32 ბინა, რომელიც განთავსებულია მე-3 სართულზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე გ. ჭ-ას სახელზე, ხოლო ამავე კორპუსში ბინა №35 აღრიცხულია ე. მ-ის სახელზე;
ე. მ-ის კუთვნილი ბინა მდებარეობს მე-4 სართულზე და განთავსებულია უშუალოდ გ. ჭ-ას კუთვნილი ბინის (№32) თავზე.
სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხეს არც პირველ ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, არც სააპელაციო შესაგებელში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სადავოდ არ გაუხდია მისი ბინიდან გ. ჭ-ას ბინაში წყლის ჩასვლის ფაქტი. მოპასუხე სადავოდ ხდიდა წყლის ჩასვლის პერიოდს, მისი მტკიცებით მისგან გ. ჭ-ას ბინაში წყლის ჩასვლის ფაქტი მოხდა არა 2009–2010 წლებში, არამედ 2000 წელს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხის პოზიციისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სათანადოდ არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და სათანადოდ არ გაუნაწილებია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შეაჩერა მოწმეების, დ.ფანჩულიძისა და გ.მ-ის ჩვენებებზე (იხ. 2012 წლის 4 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერი), რომლებიც ადასტურებდნენ, რამდენჯერმე, მათ შორის 2010 წლის ზაფხულის პერიოდში გ. ჭ-ას ბინაში წყლის ჩასვლის შესახებ გარემოებას. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო შემდეგი გარემოება: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის ზეპირი განხილვისას ე. მ-მა განმარტა, რომ მასთან ბინაში ზედა სართულიდან სისტემატურად ჰქონდა წყლის ჩამოსვლას ადგილი და მოპასუხე არ გამორიცხავდა, რომ სწორედ მე–5 სართულის ბინიდან ჩამოსული წყალი ჩაუვიდა გ.ჭ-ას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მოწმეების (დ.ფ-ე, გ.მ-ი) ჩვენებებით და მოპასუხის ახსნა-განმარტებით ფაქტობრივად დადასტურდა მოსარჩელის მიერ მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მითითებული და საქმის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ფაქტი – 2010 წელს გ. ჭ-ას კუთვნილ ბინაში ზედა სართულიდან, კერძოდ ე. მ-ის ბინიდან წყლის ჩასვლის ფაქტი.
რაც შეეხებოდა სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, კერძოდ მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ წყლის ნაკადი გ. ჭ-ას ბინაში ჩავიდა 2000 წელს და ამის შემდეგ, მათ შორის 2010 წელს, წყლის ჩასვლას გ. ჭ-ას ბინაში ადგილი აღარ ჰქონია, ასევე არგუმენტს იმის შესახებ, რომ 2010 წელს გ. ჭ-ას ბინაში წყალი შესაძლოა ჩასულიყო ე. მ-ის ბინის თავზე (მე-5 სართულზე) განთავსებული ბინიდან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საჭიროებდა დადასტურებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს – ე. მ-ს.
სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით შენიშნა, რომ მოპასუხის ინიციატივით მიწვეული მოწმის, მ.სურამელაშვილის ჩვენება (იხ. 2012 წლის 4 მასის საოქმო ჩანაწერი), არ შეიცავდა საპირისპირო მონაცემებს და არ გამორიცხავდა იმ მონაცემების ობიექტურობას, რაც დაფიქსირებული იყო დ.ფანჩულიძისა და გ.მ-ის ჩვენებებში 2010 წელს გ. ჭ-ას ბინაში წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ შეთავაზებული ზემომითითებული მტკიცების გასაზიარებლად არ იყო საკმარისი მხოლოდ მაია სურამელაშვილის ჩვენება, რომელიც ვერ აბათილებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებას 2010 წელს გ. ჭ-ას ბინაში წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის პოზიციაზე იმის შესახებ, რომ თავად მის ბინაში წყალი სისტემატიურად ჩადიოდა ზედა სართულიდან, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოპასუხეს საქმეში არ წარუდგენია.
ამდენად, მოსარჩელის ახსნა-განმარტების, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტების, ასევე დასახელებული მოწმეების ჩვენების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ჭ-ას ბინაში მის თავზე განთავსებული ბინიდან ჩავიდა წყლის ნაკადი. ამასთან, იმ პირობებში როცა ე. მ-მა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მისი ბინიდან გ. ჭ-ას სახლში ჩასული წყლის ნაკადი, თავის მხრივ მის ბინაში ჩავიდა ზედა მე-5 სართულის ბინიდან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. ჭ-ას ბინაში წყალი ჩავიდა ე. მ-ის კუთვნილი ბინიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი 2011 წლის 20 დეკემბრის №5–026872–2011 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის გასაბათილებლადაც რაიმე საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, დგინდებოდა, რომ გ. ჭ-ას კუთვნილი ბინის (რომელიც მდებარეობს ქ.თბილიში, მ-ს ქ.№16-ის მე-3 სართულზე, ბინა №32) ჭერსა და კედლებზე ზემოდან წყლის ჩასვლის შედეგად მიღებული იყო დაზიანებები, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: დაზიანებული იყო ჭერზე და კედელზე ნალესი, სამზარეულოში დაზიანებული იყო შპალერი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შეაჩერა იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული დასკვნის საფუძველზე, კერძოდ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად, ცალსახად დგინდებოდა ზემომითითებული დაზიანებების გ. ჭ-ას ბინაში წყლის ჩასვლის შედეგად მიღების ფაქტი. ამავე დასკვნით, რომლის გასაბათილებლადაც მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, დგინდებოდა, რომ წყლის ჩადინების შედეგად გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 1022 ლარი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ე. მ-ის ბინიდან წყლის ჩადინებამ გამოიწვია გ. ჭ-ას ბინის დაზიანება, რომლის აღმოსაფხვრელად საჭირო სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1022 ლარს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1542 ლარს და მიუთითა თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის შინაარსიდანაც ცალსახად ირკვეოდა, რომ სარემონტო სამუშაოებზე გასაწევი პირდაპირი დანახარჯების ოდენობა შეადგენდა 1022 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 992-ე, 412-ე მუხლებით.
საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და საბანკო შემოსავლის ორდერის მონაცემებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჭ-ამ მითითებული ექსპერტიზის დასკვნის შედგენისათვის გაწია 200 ლარის ოდენობით ხარჯი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს დააკისრა ამ ხარჯის სარჩელის მოთხოვნის პროპორციული ნაწილის – 153 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ უგულებელყო ოთხი მოწმის (გ.ბ-ე, მ.კ-ა, დ.ფ-ე, ე.მ-ი) ჩვენება, რომლებითაც დასტურდება, რომ წყლის გაჟონვის ფაქტი მოხდა 2000 წელს. საქმის განმხილველი მოსამართლე არასწორად დაეყრდნო ლ.ხ-სა და გ.მ-ის ჩვენებებს და არასწორად მიიჩნია ისინი უტყუარ მტკიცებულებებად. მათ განაცხადეს, რომ წყლის გაჟონვა მოხდა 2009-2010 წლებში, სინამდვილეში კი აღნიშნული ფაქტი მოხდა 2000 წელს, რასაც ადასტურებენ ე. მ-ის მოწმეები. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2003 წელს და შესაბამისად, გ. ჭ-ას აღარ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
კასატორის მითითებით, მოსარჩელემ მიმართა ექსპერტს, რომელმაც შეაფასა ზიანი და დაასახელა დაზიანებული ბინის სარემონტოდ საჭირო კონკრეტული თანხა. ექსპერტს არ დაუდგენია ზიანის მიყენების დრო, მას არც ის დაუდგენია, იყო თუ არა მიყენებული ზიანი უშუალოდ მ-ის ბინიდან, ხომ არ იყო იგი მიყენებული მე-5 სართულიდან, მაშინ როდესაც მე-5 სართულიდან სისტემატურად ხდებოდა წყლის გაჟონვა და ზიანდებოდა ქვედა სართულები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნით ობიექტური რეალობა არ დგინდება და სასამართლოს ეს დასკვნა არ უნდა მიეღო მტკიცებულებად.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზემოხსენებული ექსპერტი მიწვეულ იქნა გ. ჭ-ას მიერ, ექსპერტიზის ჩატარებას ე. მ-ი არ დასწრებია, რადგან მას არ შეატყობინეს ამის თაობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს უტყუარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ჭ-ამ განზრახ არ აცნობა აღნიშნულის თაობაზე ე. მ-ს, რათა ექსპერტს არ დაედგინა ობიექტური დასკვნა.
კასატორი სადავოდ ხდის მისთვის ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის ოდენობას, მას მიაჩნია, რომ მითითებული ოდენობა არ შეესაბამება რეალურ თანხას, რაც გამოიწვია 2000 წელს წყლის გაჟონვით მიყენებულმა ზიანმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ – გ. ჭ-ამ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
შეგებებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 1688.31 ლარის დაკისრება. ამ თანხიდან 200 ლარი შეადგენდა ექსპერტიზის დასკვნის საფასურს, ასანაზღაურებელი თანხა – 1442 ლარს, რწმუნებულების თანხა – 27.60 ლარს, ტექნიკური ბიუროს ამონაწერისათვის განკუთვნილი თანხა – 5.50 ლარს. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა და მოპასუხეს დააკისრა 1022 ლარისა და 153 ლარის (ჯამში 1175 ლარის) გადახდა, რაც არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი და გ. ჭ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ. ჭ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე