№ ას-1663-1560-2012 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტების ბათილად ცნობა, დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ს“ წინააღმდეგ და მოითხოვა 2012 წლის 08 ნოემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №348625 და 2012 წლის 25 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №341921 აქტების ბათილად ცნობა, ასევე ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტების საფუძველზე დარიცხული თანხის 1574.66 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტები შედგენილია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია აქტის შედგენის პროცედურები, აქტის შედგენას არავინ ესწრებოდა და აქტი არავის ჩაუბარებია. მასში არ მიეთითა მოხდა თუ არა აბონენტის გათიშვა;, აუცილებელია შედგენილი აქტების დაუყოვნებლივ რეგისტრაცია სპეციალურ ჟურნალში, რომელიც უნდა ინახებოდეს ბიზნეს ცენტრში, რასაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2012 წლის 08 ნოემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №348625 აქტისა და 2012 წლის 25 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №341921 აქტის შედგენის საფუძვლები ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ შემთხვევაში, აქტი შედგა იმის გამო, რომ აღრიცხვის კვანძი გამოვიდა მწყობრიდან, მრიცხველის გაუმართაობის გამო იგი არ აღწერდა მოხმარებულ ელექტროენერგიას, ამიტომ მოხდა აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა, დარიცხვის პერიოდად მიჩნეულია აქტის შედგენამდე ბოლო ერთი თვე. 2012 წლის 25 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი შეეხება ელექტროენერგიის დატაცებას არალეგალური სადენის მეშვეობით, რის გამოც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №ა000745, მასზე 2012 წლის 02 მარტს მიღებულია ''გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ'' დადგენილება №41 და ჯ. წ-ი მიჩნეულია სამართალდამღვევად, მითითებული დადგენილება მის მიერ არ არის გასაჩივრებული. მოპასუხის განმარტებით, თუ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა 2012 წლის 02 მარტის დადგენილებას იგი უნდა გაესაჩივრებინა. ამასთან, სადავო აქტები შედგენილია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების საფუძველზე და არა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, თუ რატომ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი სადავო აქტები. ასევე საყურადღებოა, რომ მოსარჩელე არ დავობს იმაზე, თუ რამდენი დაარიცხა აქტების საფუძველზე მოპასუხემ, შესაბამისად ნებისმიერი თანხა მისთვის მიუღებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტო,ბრის განჩინებით ჯ. წ-ი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე წარმოადგენს სს „თ-ს“ აბონენტს - მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან, რომლის საფუძველზეც, ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს აბონენტს ელექტროენერგია, ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.
სს „თ-ს“ 2012 წლის 8 ნოემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №348625 აქტის თანახმად, მრიცხველი შემოწმდა ლიცენზირებული ორგანოს მიერ დამოწმებული ხელსაწყოებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მრიცხველის დისკო არ ბრუნავდა, შესაბამისად, იგი არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას; მრიცხველი მოიხსნა და გაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე. ლაბორატორიული შემოწმების დასკვნის მიხედით, მართალია, მრიცხველის ბჯენები იყო წესრიგში, მაგრამ ძაბვის კოჭა იყო დამწვარი. აღნიშნულის გათალისწინებით, მოპასუხემ აბონენტს დარიცხა აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასური, დარიცხვის პერიოდად მიჩნეულია აქტის შედგენამდე ბოლო ერთი თვე.
2012 წლის 25 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №341921 აქტის თანახმად, 2012 წლის 23 იანვარს შემოწმდა გაზომვითი მეთოდით მე-4 სადარბაზოდან მე-3 სადარბაზოში მიმავალი ძალოვანი კაბელი, ყავისფერ სადენში იყო 61 ამპერი, ხოლო მრიცხველების კარადაში შედიოდა 12 ამპერი, აიხსნა კარადის ლუქი და აღნიშნული სხვაობა გაიზომა 51-ის ნულოვან სადენში 24.01.12-ში ტელეფონოგრამით. 25.01.12-ში გამოძახებულ იქნა საკაბელო სამსახურის ლაბორატორია; აღნიშნულმა სამსახურმა შეამოწმა მიწისქვეშა კაბელი, რომელზეც დაფიქსირდა არალეგალური ხაზის დაერთება, კაბელი იყო დაზიანებული, მასზე დაერთებული უკანონო ხაზი ბორდიულის ქვების ქვეშ გადიოდა და სადარბაზოს კიბის ქვეშ სარდაფით ადიოდა ბინა №51-ის ქვეშ არსებულ საჰაერო არხში, რომელიც ბურღით იყო გახვრეტილი, უკანონო ხაზი ჩაიჭრა, კაბელი აღდგა.
მითითებული აქტის საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
აღრიცხვიანობის შემოწმების აქტების საფუძველზე მოსარჩელეს აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გადასახდელად დაერიცხა 1 574.63 ლარი.
2012 წლის 25 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი შეეხება ელექტროენერგიის დატაცებას არალეგალური სადენის მეშვეობით, რის გამოც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №ა000745, მასზე 2012 წლის 02 მარტს მიღებულია „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ №41 დადგენილება და ჯ. წ-ი მიჩნეულია სამართალდამღვევად. მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, საქმეზე მოწმედ დაკითხული ი. ნ-ის ჩვენებაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის 25 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის შესაბამისად, მოსარჩელე ჯ. წ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის დატაცებას არალეგალური სადენის მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დავის სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მართებულად მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით გამომდინარე იქედან, რომ 2008 წლის 18 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებაში ამოღებულია ძირითადი თავები და მუხლები, მათ შორის, სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკა და აქტის შედგენის პროცედურები, დარიცხვის პროცედურები და მეთოდები. 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებიდან ამოღებული თავების ნაცვლად მოცემული მომენტისათვის მოქმედებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების შესაბამისი მუხლები.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 17.1 მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აქტს განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
დადგენილების 17.3 მუხლის შესაბამისად, აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი; ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები; გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც; დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები; 17.4 მუხლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება: ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი; გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში); ე) ინფორმაცია დამიწების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება. 17.7 მუხლის მიხედვით, თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მრიცხველი შესამოწმებლად განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებულ პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 08 ნოემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №348625 აქტი შედგა იმის გამო, რომ აღრიცხვის კვანძი გამოვიდა მწყობრიდან, მრიცხველის გაუმართაობის გამო იგი არ აღწერდა მოხმარებულ ელექტროენერგიას, მრიცხველის დისკო არ ბრუნავდა, შესაბამისად, არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას; დადგენილების მოთხოვნათა დაცვით მოიხსნა მრიცხველი და გაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე, წარმოდგენილი ლაბორატორიული შემოწმების დასკვნით დასტურდება, რომ მრიცხველის ბჯენები წესრიგში იყო, მაგრამ ძაბვის კოჭა იყო დამწვარი. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ მოხდა მოსარჩელის მიმართ აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა, დარიცხვის პერიოდად მიჩნეულია აქტის შედგენამდე ბოლო ერთი თვე.
2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-8 მუხლის მიხედვით: 1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება. მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა). 2. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). 3. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
დადგენილია, რომ სს „თ-ს“ მიერ 2012 წლის 25 იანვრის აქტი შედგენილია მოსარჩელის მხრიდან ელექტროენერგიის არალეგალური მოხმარების ფაქტზე დადგენილების წესების დაცვით, კერძოდ: აქტი შეიცავს დარიცხვის პროცედურის განხორციელებისათვის საკმარის მონაცემებს, დარღვევის ფაქტის მოკლე აღწერას (მითითებას არალეგალური ხაზის მოწყობაზე) ასევე გამზომ ხელსაწყოზე და ხაზში გამავალ სიმძლავრეზე. ის ფაქტი, რომ მრიცხველი წესრიგში იმყოფებოდა, მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა; დადგენილია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მოსარჩელის მიერ ხდებოდა მრიცხველის გვერდის ავლით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: აქტზე არ არის აბონენტის ხელმოწერა; აქტი 24 საათში ყოფილა რეგისტრირებული სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში.
2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 17.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას).
მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 25 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტში გარკვევით არის აღნიშნული სს „თ-ს“ იმ თანამშრომელთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ შემოწმებაში, ხოლო მომხმარებლის დასწრებას და აქტზე ხელმოწერის სავალდებულობას დადგენილება არ ითვალისწინებს.
2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 17.8 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჩაბარდა სადავო აქტი.
2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 8.4 მუხლის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატაცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე.
დადგენილია, რომ აღრიცხვიანობის შემოწმების აქტების საფუძველზე მოსარჩელეს აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის და ასევე მომსახურების სახით გადასახდელად დაერიცხა - 1 574.63 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტების შედგენის დროს მოპასუხეს არსებითად არ დაურღვევია დადგენილებით გათვალისწინებული წესები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება; შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი, რაც ცხადყოფდა, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტების ბათილად ცნობის, დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და იგი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული საქალაქო სასამართლოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისნ 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს სადავო საკითხები უნდა გადაეწყვიტა ექსპერტიზის ჩატარების გზით და მოპასუხისგან შესაბამისი ფოტომასალის გამოთხოვის გზით, რაც მას არ განუხორციელებია; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რმლითაც დადასტურდებოდა მისი მხრიდან დასახელებული ფაქტების განზარხ ჩადენა. არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული სადავო აქტების შედგენისას დარღვეული იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 2011 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილება, ვინაიდან მათი შედგენისას არც თვითონ და არც გარეშე პირი არ ესწრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 25 იანვრის ელ/ენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი იყო კანონიერი, რომ ადგილი ჰქონდა ელ/ენერგიის დატაცებას არალეგარული სადენის მეშვეობით. ყოველივე სასამართლომ დაადგინა მოწმე ი. ნ-ის ჩვენებაზე დაყრდნობით. სასამართლოს გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებაში უნდა დაენიშნა ექსპერტიზა გარდა დასახელებულისა არ უნდა დაყრდნობოდა მოწმის ჩვენებას და გასაჩივრებულ აქტებში მოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად უნდა მოეთხოვა მოპასუხისაგან ფაქტების დამადასტურებელი ფოტომასალა. სასამართლომ პასუხი არ გასცა ყველა იმ სადავო საკითხს რაც მითითებული ჰქონდა სარჩელში და სააპელაციო საჩივარში. სასამართლომ ასევე არ გაითალისწინა ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 11 მაისის განჩინებით, კასატორს აკრძალული ჰქონდა ელ/ენერგიის შეწყვეტა. განჩინება მოპასუხეს ჩაბარდა 2012 წლის 15 მაისს, თუმცა მიუხედავად ამისა ყოველ თვეს ხდებოდა ელ/ენერგიის გათიშვა. სასამართლომ არ გამოიყენა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 11.13 მუხლი, არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სადავო საკითხები არ გაარკვია ექსპერტიზის ჩატარების და მოპასუხისაგან სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის გზით. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-8 მუხლი, ვინაიდან არ არსებობდა საქმეში კასატორის მხრიდან დასახელებული სადავო ფაქტების განზრახ ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის 1 2 ნაწ „ა“ და „ბ“ პუნქტების მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ჯ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ჯ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ჯ. წ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 10 იანვარს №... სალაროს შემოსავლის ორდერიტ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე