№ას-1699-1593-2012 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჭ. ტ. ჯ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვაგონების მოცდენის საფასურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ს. რ-ამ “ სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხე შპს „ჭ. ტ. ჯ-ის მიმართ” და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სარკინიგზო ვაგონის დაყოვნების გამო, ვაგონით სარგებლობის საფასაურის – 22672 ლარისა და 20 თეთრის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, შპს „ს. რ-ამ“ 2007 წლის თებერვლიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით განახორციელა შპს ” ჭ. ტ. ჯ-ის” კუთვნილი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა სადგურ ფოთში. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა გადამზიდველის ვალდებულება, მოპასუხე მხარემ კი, არ უზრუნველყო ფოთის სადგურში გადაზიდული ტვირთების დროული მიღება და ვაგონების დაცლა, რამაც გამოიწვია სს ”ს. რ-ის” ვაგონების დაყოვნება 24 საათზე მეტი ვადით, რის გამოც ვაგონებით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 22672.20 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სს „ს. რ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ” ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ს. რ-ა“ 2007 წლის თებერვლიდან 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ახორციელებდა მოპასუხის კუთვნილი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვას.
საქმეში, ს.ფ. 25 – 110 –ზე წარმოდგენილი სადგურის მომსახურების, ტვირთის მიღება – ჩაბარების სამახსოვროებისა და სს „ს. რ-ის“ მიერ შედგენილი დავალიანების დაანგარიშების ცხრილის თანახმად, მოპასუხემ ვაგონები 24 საათზე მეტი ვადით მოაცდინა, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა _ 22672.20 ლარი.
მოსარჩელეს ვაგონების დაყოვნებისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის თებერვლიდან 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით.
სს „ს. რ-ამ“ ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ჭ. ტ. ჯ-ის“ მიმართ 22672.20 ლარის დაკისრების მოთხოვნით 2012 წლის 18 ივნისს;
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 668-ე, 686-ე, 316.1-ე, და 317.1-ე მუხლებით, ამასთან, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ვინაიდან, ვაგონების დაყოვნებისათვის თანხის გადახდის მოთხოვნა წარმოიშვა 2007 წლის თებერვლიდან 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით; მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა კი, გავიდა 2010 წლის ოქტომბერში, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა 2012 წლის 18 ივნისს, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან განსახილველი დავის საგანი იყო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა, უნდა გამოეყენებინა ს. სარკინიგზო კოდექსი, რომელიც სპეციალური კანონია და დეტალურადაა რეგლამენტირებული სარკინიგზო ტ.ით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. ამასთან, სასამართლოს უდავოდ უნდა მიეჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ს. რ-ის“ მიერ ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა სადგურ ფოთში განხორციელდა ს. რ-ის მეშვეობით, რადგანაც მოსარჩელის მიერ აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე წარმოდგენილ იქნა სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მირება-ჩაბარების სამახსოვროები და საგზაო უწყისი №525494, რის საფუძველზეც, 24 საატზე მეტ ვაგონის სარგებლობას ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, სასამართლოს უდავო ფაქტობრივ გარემოებად უნდა მიეჩნია , რომ სს „ს. რ-ის“ მიერ სამოქალაქო საქმეში წარდგენილი სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროების თანახმად, ს. რ-ის მიერ ასევე წარდგენილ იქნა მოპასუხის დავალიანების დაანგარიშების ცხრილი, სადაც მითითებულ იქნა, როგორც ვაგონების მოცდენის დროები, ასევე დარიცხული თანხების ოდენობა, რითაც დადასტურდა ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა 24 საათზე მეტ ვაგონის სარგებლობას.
ს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1133.61 ლარი) 70% – 793.53 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1133.61 ლარი) 70% – 793.53 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე