№ას-177-170-2013 26 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ა-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ბმა „...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინება, 2012 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაშია ქ.თბილისში, პ-ის №25-ში მდებარე კომერციული ფართი, რომელშიც განთავსებულია მაღაზია „ბ.“. აღნიშნული კორპუსის მობინადრე ნ. გ-მა მაღაზიის ვიტრაჟის წინ, ტროტუარზე, დაიწყო შენობის სარდაფში ჩასასვლელი კიბის ჩაჭრა, რაც უშუალოდ ხელყოფს მესაკუთრის უფლებებს. ამასთან, შენობის კედელი და საძირკველი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა და მისი გადაკეთება ან მასზე რაიმე სახის ზემოქმედება საჭიროებს ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებას. ამხანაგობის წევრები კი, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტს უარყოფენ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმე №2/5579-10 ლ. ა-ის სარჩელისა გამო ნ. გ-ის წინააღმდეგ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე და სამოქალაქო საქმე №2/10425-10 ლ. ა-ის სარჩელის გამო ბმა „... 25-ის“ წინააღმდეგ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის და მიენიჭა სამოქალაქო საქმის №2/5579-10.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2009 წლის 10 ნოემბრის კრების ოქმი. ნ. გ-ს დაევალა თბილისში, გ. ქ. №25-ში მდებარე მისი კუთვნილი სარდაფის კედელში მოწყობილი ღიობის მოშლა და კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნ. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 თებერვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ქ. თბილისში, გ. გამზ. №25-ში მდებარე 103.22 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია ლ. ა-ის საკუთრების უფლება (ტომი I, ს.ფ 26-27 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
2. ქ. თბილისში, გ. გამზ. №25-ში მდებარე 8.81 კვ.მ სარდაფზე რეგისტრირებულია ნ. გ-ის საკუთრების უფლება (საქმე №2/10425-10 ს.ფ - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2009 წლის 10 ნოემბრის კრების ოქმის თანახმად, ნ. გ-ს თანხმობა მიეცა, წარდგენილი პროექტის მიხედვით თავის კუთვნილ სარდაფში მოეწყო კარი და კიბე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 10.11.2010 წლის კრების ოქმი - ტომი I, ს.ფ 44-45);
4. მიუხედავად იმისა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2009 წლის 10 ნოემბრის კრების ოქმში დაფიქსირებულია, რომ კრებამ ხმათა უმრავლესობით, კერძოდ, ამხანაგობის წევრთა ხმათა 100%-ით დაადგინა თანხმობის მიცემა ნ. გ-ის წარმოდგენილი პროექტის მიხედვით თავის კუთვნილ სარდაფში კარისა და კიბის მოწყობაზე, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ამხანაგობის კრებას არ ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 10.11.210 წლის კრების ოქმი - ტომი I; ს.ფ.44-45; მხარეთა ახსნა-განმარტებები);
5. აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ამხანაგობის 2009 წლის 10 ნოემბრის კრებას ესწრებოდა თუნდაც ამხანაგობის წევრთა 2/3, კერძოდ ამხანაგობის 95 წევრიდან 78 წევრი, რომლებმაც თანხმობა აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დაადასტურეს ხელმოწერებით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომლის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კრების თავჯდომარე. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერების სადავოობისას, მოცემულ შემთხვევაში კი, იმ გარემოების სადავოობისას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2009 წლის 10 ნოემბრის კრებას ესწრებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თუნდაც 2/3 და შედგა კვორუმი, მტკიცების ტვირთი აკისრია ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარეს, რომელიც ადგენს და ხელს აწერს კრების ოქმს და ბ) იმ პირს, ვის სასარგებლოდაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება, მოცემულ შემთხვევაში - აპელანტ ნ. გ-ს. კერძოდ, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს, რომ ამხანაგობის 2009 წლის 10 ნოემბრის კრება მოწვეული იყო კანონის დაცვით და კრებაზე შედგა კვორუმი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ (აპელანტი) ვერ დაადასტურა, ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ვერ წარმოადგინა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ის მიერ შენობის მთავარი ფასადის მხრიდან სარდაფის კედელში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უარყოფით ზეგავლენას ახდენს შენობის მდგრადობაზე. საქმეში წარმოდგენილი შპს „ს.“ მიერ მომზადებულ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (ს.ფ 161-188), ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზ-ის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის დასკვნის (ს.ფ 252-259) თანახმად, სარდაფში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები უარყოფით ზეგავლენას მოახდენს შენობის და პირველი სართულის მზიდ კონსტრუქციებზე, ხოლო შენობის რაიმე რეკონსტრუქცია, რომელიც შეასუსტებს მზიდი კონსტრუქციების სიმტკიცეს და მდგრადობას, დაუშვებელია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო სხდომაზე მიცემული ექსპერტთა განმარტებები ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ გაცემულ დასკვნებს. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე ექსპერტი ტ-ძე განმარტავდა, რომ აღნიშნული ღიობის მოსაწყობად შესრულებული სამუშაოები გავლენას არ ახდენდა შენობაზე - არც აძლიერებდა და არც ასუსტებდა შენობის კონსტრუქციას. ექსპერტ ე-ის განმარტებით კი - არათუ ღიობის გაჭრა, არამედ მთლიანი კედლის მოშლაც კი რაიმე გავლენას არ იქონიებდა შენობის მდგრადობაზე. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტთა მიერ სარწმუნოდ არ იქნა განმარტებული უთანხმოების კვალიფიციური, დოკუმენტურად დადასტურებული მოტივები მათ მიერ მომზადებულ დასკვნასა და სხდომაზე ზეპირად მიცემულ ახსნა-განმარტებას შორის. კერძოდ, თუკი გავიზიარებთ მათ მოსაზრებას წარმოებული სამუშაოების უსაფრთხოებაზე შენობის მდგომარეობასთან მიმართებაში, მაშინ საფუძველს მოკლებულია მათ მიერ გაცემული დასკვნები, როგორც პროექტის ხარვეზების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობაზე პროექტთან, ასევე კონსტრუქციის გაძლიერებისათვის შესრულებული სამუშაოების საიმედოობაზე, ხოლო ამგვარ განსხვავებულ პოზიციათა არსებობა არადამაჯერებელს ხდის საექსპერტო დასკვნაში ასახულ გარემოებებს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ამ ექსპერტთა დასკვნები და განმარტებები არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1) სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; 2) სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; 3) მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში“.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კედელი, რომელშიც გამოჭრილია სადავო ღიობი, წარმოადგენს შემომზღუდავ არამზიდ კედელს - ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას და განმარტა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი შემდეგი ობოექტების სარგებლობაში გადაცემა: დ) ტექნიკური სართულები, მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები, სახურავები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული არათუ ყველა წევრის, როგორც ეს ასახული იყო სადავო კრების ოქმში, არამედ არც წევრთა 2/3-ის თანხმობით, ამასთან, მასზე არ იყო იმ თანაზიარი მესაკუთრის თანხმობა, რომლის უშუალო სარგებლობის ნაწილში (სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლი) მოეწყო ღიობი (კარი და კიბე), რაც ნიშნავს იმას, რომ ამხანაგობის 2009 წლის 10 ნოემბრის კრების გადაწყვეტილება, როგორც კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული გარიგება, წარმოადგენს ბათილ გარიგებას. შესაბამისად, ნ. გ-ი არ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა სარდაფის კედელში კარის ღიობის მოწყობის სამუშაოები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ნ. გ-ის მიერ მოწყობილი კარის ღიობის მოშლისა და კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე.
აღნიშნული განჩინება ნ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-14, მე-17, მე-19 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი; ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ექსპერტიზის დასკვნები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ექსპერტთა ჩვენებები), მითითებული საპროცესო დარღვევების გამო, ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად, საქმეზე გამოტანილია არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს. სასამართლომ არასწორად მიიჩია, რომ კრებაზე გადაწყვეტილება 2/3-ზე ნაკლებმა წევრმა მიიღო. კრებას ამხანაგობის 95 წევრიდან 78 ესწრებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის (პ/ნ …..) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 04.03.2013 წლის N11 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე