Facebook Twitter

საქმე №ას-183-176-2013 18 აპრილი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

A ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. რ-ოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე საქმეზე, ა. რ-ოს სარჩელის გამო, გ. ს-ის მიმართ, ანდერძის ყალბ დოკუმენტად აღიარების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. რ-ოს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. რ-ოს საკასაციო საჩივარს, საქართველოს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა, ასევე დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2013 წლის 11 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა რ.პ-ემ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინებით, რ. პ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. რ-ოს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 14 (თოთხმეტი) დღით და დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნული განჩინება ა. რ-ოს წარმომადგენელ რ. პ-ეს (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.23) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად და პირადად ჩაბარდა 2013 წლის 23 მარტს (ტ.II, ს.ფ.317).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამდენად, რამინ პაპიძისათვის ჩაბარება ითვლება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 24 მარტს და დასრულდა 2013 წლის 6 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 6 აპრილი დაემთხვა დასვენების დღეს საპროცესო ვადა დამთვარებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 8 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, აღნიშნული კი მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. რ-ოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე