Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-201-194-2013 15 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ. ბ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. დ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდით დაკავებულ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (ძირითად სარჩელში), საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის სანაცვლოდ (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში არსებული 12,9 კვ.მ დამხმარე ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა საბაზრო ღირებულების 10%-ის – 200 ლარის გადახდის სანაცვლოდ შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, მისი საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას, აუდიტორული დასკვნის თანახმად, მასში სრულად არ იქნა ასახული მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, ვინაიდან სარგებლობდა და სარგებლობს 12,9 კვ.მ დამხმარე ფართითაც, რომელიც გადაწყვეტილებაში არ იქნა მითითებული.

მოსარჩელე სარგებლობს აღნიშნული ფართით, შესაბამისად, მისი საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში უნდა გადაეცეს ზემოაღნიშნული დამხმარე ნაგებობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ო. დ-ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა საცხოვრებელ სადგომზე ო. დ-ის მფლობელობის შეწყვეტა საბაზრო ღირებულების 90%-ის – 1800 ლარის გადახდის სანაცვლოდ. ხ.ბ-მა თავისი მოთხოვდა დააფუძნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონით საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრისათვის მინიჭებულ უპირატესობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. დ-ს დაეკისრა ხ. ბ-ის სასარგებლოდ ქ.თბილისში, ს-ოს ქუჩა №30-34-ში მდებარე მის მიერ დაკავებული დამხმარე ფართის – 12,9 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულების 10 %-ის – 200 ლარის გადახდა, თანხის გადახდის შემდეგ ო. დ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ს-ოს ქუჩა №30-34-ში მდებარე მის მიერ დაკავებული დამხმარე ფართის – 12,9 კვ.მ-ის მესაკუთრედ, ხ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ხ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ხ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში მდებარე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, მისი საბაზრო ღირებულების 10%-ის – 2500 ლარის მოპასუხე ხ. ბ-ისათვის გადახდის სანაცვლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგინდა შემდეგი ფაქტები:

1996 წლის 22 თებერვალს სანოტარო ფორმის დაუცველად გაფორმდა ხელწერილი მოსარჩელე ო. დ-ს, მოპასუხე ხ. ბ-სა და ს. ბ-ს შორის, რომლის თანახმად, ს-ოს ქუჩა №34-ში მდებარე ბინის მესაკუთრეებმა გ. ბ-ის უფლებამონაცვლე ს. ბ-მა და მოპასუხე ხ. ბ-მა ო. დ-ისგან მიიღეს ბინის საფასური 4500 აშშ დოლარის ოდენობით.

ხ. ბ-ი წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გ. (გ.) ბ-ის პირველი რიგის მემკვიდრის – ს. ბ-ის უფლებამონაცვლეს.

ო. დ-ი და მისი მეუღლე მ. ა-ი ქ. თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში მდებარე გ. ბ-ის სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ ფართში ჩაწერილები (რეგისტრირებულები) არიან 1996 წლის 19 აპრილიდან.

აუდიტორული ფირმა „რ-ის“ ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით, ო. დ-ის მიერ ქ. თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში დაკავებული ბინის ღირებულება შეადგენდა 25000 ლარს.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სარჩელი და მას საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში მდებარე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, მისი საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ. როგორც გადაწყვეტილებით დგინდება, მესაკუთრეს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ო. დ-ის განცხადების საფუძველზე 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: ო. დ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სადგომი, რის შედეგადაც ამ მისამართზე (ს-ოს ქუჩა №34) მდებარე უძრავ ქონებაზე მესაკუთრე ხ. ბ-ს საკუთრების უფლება აღარ დარჩა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განცხადების საფუძველზე 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: ო. დ-ს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში მდებარე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 48,27 კვ.მ.-ს, სარდაფი - 28,3 კვ.მ-ს, ეზოში არსებული სველი წერილი - 6,2 კვ.მ-ს, რაც განხორციელდა ქონების საბაზრო ღორებულების 10%-ის – 2500 ლარის მოპასუხე ხ. ბ-ისათვის გადახდის სანაცვლოდ.

ქ.თბილისში, ს-ოს ქუჩა №34-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში ცალკე მდგომი 12,9 კვ.მ ნაგებობა წარმოადგენს დამხმარე ფართს, რომელიც აშენებულია 50-იან წლებში, არის ურემონტო, ერთი სველი წერტილით და მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 2000 ლარს.

ქ. თბილისში, ს-ოს ქუჩა №30-34-ში არსებული 639 კვ.მ არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1,2,3,4,5,6,7,8,9 და 58,2 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აღრიცხულია ხ. ბ-ისა და ქ. ფ-ის სახელზე.

ქ. თბილისში, ს-ოს ქუჩა №34 შედგება მიწის ნაკვეთისაგან, რომელზეც განლაგებულია №1/1, 2/1 და 3/1 შენობა-ნაგებობები.

დავის საგანს წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნის №2 დანართზე არსებული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით №1/1 და 2/1 დამხმარე ნაგებობის ნაწილის საკუთრებაში გადაცემა.

სასამართლოს სხდომაზე აპელანტის განმარტებით, მისი პოზიცია ემყარება არა იმ გარემოებას, რომ ამჯერად სადავოდ გამხდარი ფართი არ წარმოადგენდა გარიგების საგანს, არამედ იმას, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის საფუძველზე მას, როგორც მესაკუთრეს, უნდა მინიჭებოდა უპირატესი უფლება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა” ქვეპუნქტით, მე-2 მუხლის პირველი, მეორე პუნქტებით, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით და უდავოდ მიიჩნია, რომ ო. დ-ი წარმოადგენს ქ.თბილისში, ს-ოს ქუჩა №30-34-ში არსებული საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს-ოს ქუჩა №30-34-ში მდებარე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 48,27 კვ.მ-ს, სარდაფი - 28,3 კვ.მ-ს და ეზოში არსებული სველი წერილი - 6,2 კვ.მ-ს. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ეზოში არსებული 6,2 კვ.მ სველი წერტილი ექსპერტიზის დასკვნაში არსებული 1/1 და 2/1 დამხმარე შენობა-ნაგებობების ნაწილია. საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართში შედის ასევე დამხმარე სათავსი, რომლითაც სარგებლობს მოსარგებლე, კონკრეტულ შემთხვევაში – ო. დ-ი.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მესაკუთრეს აქვს უპირატესი უფლება, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 100%-ის გადახდის შემთხვევაში, მაგრამ, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, მას შემდეგ მოსარგებლე უფლებამოსილია, მესაკუთრეს მოსთხოვოს, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. ამდენად, კანონმდებელი ითვალისწინებს მოსარგებლის მესაკუთრედ ცნობას თანხის გადახდის სანაცვლოდ, თუ მესაკუთრე არ იყენებს უფლებას, თავად გადაუხადოს კომპენსაცია.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, მართალია, მესაკუთრე ხ. ბ-ი შეგებებული სარჩელით ითხოვს კომპენსაციის – 90%-ის გადახდის სანაცვლოდ ო. დ-ის დამხმარე ნაგებობაზე მფლობელობის შეწყვეტას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მესაკუთრის ზემოხსენებული უფლება არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ უპირატეს უფლებას.

საცხოვრებელი სადგომი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცა ო. დ-ს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ეხება აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის დამხმარე ფართს, რომლის ნაწილიც ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიღებული აქვს საკუთრებში. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად არის აღნიშნული, ვინაიდან, 12,9 კვ.მ წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას, ხოლო თავად საცხოვრებელი სადგომი გადაცემული აქვს მოსარჩელეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხ. ბ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

ო. დ-ი თავისი სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ სადავო 12,9 კვ.მ არ წარმოადგენს 2008 წლის 26 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილების დავის საგანს.

სასამართლომ უგულებელყო ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო სულ სხვა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლისათვის გადაცემისა თუ მესაკუთრისათვის საკუთრებაში დატოვების საკითხი.

2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოსამართლე მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეხება საცხოვრებელი სადგომის დამხმარე ფართს, რაც ეწინააღმდეგება ო.დ-ის სარჩელში გამოთქმულ პოზიციას, რასაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით განსაზღვრულია, ეკუთვნის თუ არა 12,9 კვ.მ შენობა 2008 წლის დავის საგანს, ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ აღნიშნული ფართი 2008 წელს მიმდინარე დავის საგნის შემადგენელი ნაწილია.

გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივად წარმოადგენს წინა დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ხ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე