Facebook Twitter

№ას-203-196-2013 15 აპრილი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „მ. ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „მ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს-ს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, რათა ამ უკანაკნელს აეშენებინა სადრენაჟო სისტემა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იმ მიზნით, რომ ამ ნაკვეთში მოსული ატმოსფერული ნალექი არ მოხვედრილიყო მოსარჩელის ტერიტორიაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „მ. ჯ-ას“ სარჩელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს „მ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „მ. ჯ-ას“ საკუთრებას წარმოადგენს ქ.რ-ში, თბილისი-წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 88283კვ.მ დაზუსტებული ფართი და ქ.რ-ში, „დ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 82052კვ.მ დაზუსტებული ფართი;

შპს „ს-ის“ საკუთრებას წარმოადგენს ქ.რ-ში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 740064კვ.მ დაზუსტებული ფართი;

მოსარჩელემ – შპს ,,მ. ჯ-ამ“ სასამართლოში სარჩელთან ერთად წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004759-2011/03 დასკვნა;

მოპასუხემ – შპს ,,ს-მა“ წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №017272/-2011/03 დასკვნა;

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხის განმარტება საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, მოცემული საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა სასამართლომ საქმეზე დანიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქმეზე დანიშნული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს;

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 13 თებერვლის №004504-2012/03/2 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შპს „ს-ის“ მთელ ტერიტორიაზე შეგროვილი ნალექები ვერ მოხვდება ავტოდრომის მიწაში ჩაწყობილ ორ 1000 მმ-იან მილში. ატმოსფერული ნალექების ის ნაწილი, რომელიც იღვრება და მიედინება ავტოდრომის ტერიტორიაზე, მაგრამ არ ხვდება ორ 1000 მმ-იან მილში (დაახლოებით ავტოდრომის ცენტრალურ ნაწილში), მიედინება სხვა სისტემაში, ანალოგიური სანიაღვრე დარეგულირებული ქსელის მეშვეობით. ორი 1000 მმ მილი, ავტოდრომის ცენტრალურ მონაკვეთში, მხოლოდ ნაწილია მთლიანი სისტემის, რომლის მეშვეობით გაედინება სანიაღვრე წყალი ავტოდრომის მთელი ფერდობიდან, სადაც განთავსებულია საავტომობილო ტრასები, იგულისხმება ავტოდრომის ტრასების დასავლეთის მონაკვეთი. ავტოდრომის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ავტობაზრობის მომიჯნავე ტერიტორიაზე უშუალო სიახლოვეში იალღუჯის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე ჩამოდინებულმა წყალმა, რომელიც გროვდება ბუნებრივ ქვაბულში, შეასაძლებელია დატბოროს ავტოდრომის ზედა სამხრეთის საზღვრები და უკიდურეს შემთხვევაში, შეიჭრას ავტობაზრობის ტერიტორიაზეც. გაუქმებული შემოვლითი არხის მთელ ფერდობზე ამჟამად მოწყობილია საავტომობილო ტრასის ვირაჟი მონაკვეთი, რის გამოც შეიცვალა აღნიშნული უბნის რელიეფი: აღნიშნული ფართის უმეტეს ნაწილზე, ტრასის მთელ ზედაპირს, გააჩნია დახრის კუთხე ავტობაზრობის საწინააღმდეგო მიმართულებით. დანარჩენი, მეტად მცირე ფართი ზედაპირის დახრის კუთხით მიმართულია ავტობაზრობისაკენ და ფართის სიმცირის გამო დატბორვით არ ემუქრება ავტობაზრობას. ავტოდრომის ტერიტორიას არ გააჩნია ბუნებრივი ღრმულები (ქვაბულები), ისეთი როგორც მაგალითად, ბუნებრივი ღრმული (იალღუჯის მთის ძირში), რომელიც განთავსებულია ავტოდრომის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის მიჯნაზე. აღნიშნულ ქვაბულში შესაძლებელია დიდი მოცულობის წყლის დაგროვება, რაც თავისთავად წარმოადგენს ექსტრემალურ სიტუაციას, როგორც ავტოდრომის ტერიტორიისათვის, ასევე, ავტობაზრობის ტერიტორიისათვის, ავტოდრომს გააჩნია ხელოვნურად დაწეული ადგილები, მაგრამ აღნიშნულ სივრცეს გააჩნია ნიაღვარშემკრებები და ნიაღვარგამტარი სისტემები. არ არის გადაჭრილი მეტად საპასუხისმგებლო პრობლემა, როგორც ავტობაზრობის, ასევე ავტოდრომის ტერიტორიებისათვის: იალღუჯის მთის ფერდობიდან მომდინარე წყლების დაგროვება ბუნებრივ ქვაბულში. იმ პერიოდში, როდესაც ავტოდრომის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო, წყალი თავისუფლად მიედინებოდა ავტობაზრობის ტერიტორიაზე და მოხდა დატბორვა, რის გამოც ავტობაზრობის ადმინისტრაციამ გათხარა არხი ავტოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად გაუქმებულია, რადგან აღნიშნულ ტრასაზე მოწყობილია სარბოლო ტრასები. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, რელიეფი შეიცვალა და ავტობაზრობას მითითებული მონაკვეთიდან მასიური დატბორვა არ ემუქრება;

ექსპერტ გურამ გვინჩიძის განმარტებით, ვინაიდან ავტოდრომს საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს დაკავებული, ატმოსფერული ნალექების შეგროვება ორ 1000 მმ-იან მილში ვერ მოხდება და ამ მონაკვეთზე შპს „მ. ჯ-ას“ ტერიტორიას დატბორვა არ ემუქრება, თუ არ მოხდება გაუთვალისწინებელი ბუნებრივი მოვლენები. მიუხედავად ამისა, არსებობს ორივე მხარისთვის პრობლემური მონაკვეთი, რომელიც მხარეთა ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს (11.06.2011 წ. სხდომის ოქმი).

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნას, რომ მოცემული საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხის განმარტება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ ამ მიზნით დაინიშნა სასამართლოს ინიციატივით მოცემულ საქმეზე საინჟინრო ექსპერტიზა (საქმეში მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არასრულყოფილი იყო და შესაბამისად, სრულად და ამომწურავად არ ასახავდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს). გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა დასკვნის შემდგენი ექსპერტი.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალების, მათ შორის, მხარის მიერ საქმეში წარდგენილი ფოტო და ვიდეო მასალის, ასევე ს.ფ. 201-204-ზე წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის №015902-2012/03/1 გაცნობის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის – შპს ,,მ. ჯ-ას“ ტერიტორიაზე წყლის შედინების და ამის შედეგად ტერიტორიის დატბორვის ფაქტს, მაგრამ აღნიშნულის გამო მხოლოდ მოპასუხე მხარის – შპს ,,ს-ისათვის“ დავალება იმის შესახებ, რომ უზრუნველეყო, როგორც ექსპერტის დასკვნაში და მის ზეპირ განმარტებაში აისახა, როგორც ავტობაზრობის, ასევე ავტოდრომის ტერიტორიებისათვის მეტად საპასუხისმგებლო პრობლემის გადაჭრა და იალღუჯის მთის ფერდობიდან მომდინარე წყლების არიდება შესაბამისი სისტემის მოწყობით, დაუსაბუთებელი იყო. ამ საკითხის გადაჭრა ორივე მხარის საერთო ინტერესს წარმოადგენდა მათი ტერიტორიების მდებარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, იალღუჯის მთის ფერდობიდან ჩამოდინებული ნალექი ავტოდრომის და ავტობაზრობის ტერიტორიებისათვის თანაბარი საფრთხის შემცველ და შესაბამისად, მისი არიდებისათვის მხარეთა თანაბარი პასუხისმგებლობის პრობლემად შეფასდა ექსპერტის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექსპერტის დასკვნაში ასევე აღინიშნა იმ გარემოებაზეც, რომ ავტობაზრობას გააჩნდა სათანადო ნაგებობების საკმაოდ განვითარებული სისტემა ნიაღვარდამჭერი ჭებისა და ნიაღვარგამტარი მილების სახით, რომელიც შესრულებული იყო სათანადო პროექტის მიხედვით, მაგრამ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთზე, ავტოდრომის ჩრდილოეთის საზღვრის მიჯნაზე, ავტობაზრობას არ გააჩნდა არც ნიაღვარმიმღები ჭები და არც ნიაღვარგამტარი მილები. სათანადო მოწყობილობების უქონლობას ექსპერტი ხსნიდა იმით, რომ ადრე ავტობაზრობის ადმინისტრაციამ გათხარა შემოვლითი არხი საზღვრის გასწვრივ, რათა საკუთრი ტერიტორია დაეცვა იალღუჯის მთის ფერდობებიდან და ავტოდრომის ტერიტორიიდან ჩამიმდინარე სანიაღვრე წყლებისაგან, მაგრამ არხი გათხრილ იქნა სხვის ანუ ავტოდრომის ტერიტორიაზე. ამჟამად ეს არხი გაუქმებული იყო და ავტობაზრობის ტერიტორიას ზედა საზღვარზე სანიაღვრე წყლების ასარიდებლად სათანადო მოწყობილობები არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების სამართლებრივ შეფასება და დამატებით აღნიშნა შემდეგი:

დავის საგნიდან გამომდინარე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხის განმარტება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. შესაბამისად, სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაითვალისწინა საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 თებერვლის N004504 დასკვნა, რომლის საწინააღმდეგოდ აპელანტმა მიუთითა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის მე–3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დადასტურებას საჭიროებდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის – შპს ,,მ. ჯ-ას“ ტერიტორიაზე წყლის შედინების და ტერიტორიის დატბორვის თავიდან არიდების მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარება უნდა დავალებოდა მხოლოდ მოპასუხეს – შპს ,,ს-ს“. ამ გარემოების დადასტურება არ იყო შესაძლებელი მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით და როგორც აღინიშნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 თებერვლის N004504 დასკვნაში დაწვრილებით იყო ასახული მხარეთა ტერიტორიების შესწავლის, მათი მდებარეობის გათვალისწინების შედეგად, სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, 102-ე მუხლებით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „მ. ჯ-ამ“ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება. იმ შემთხვევაში, თუკი იგი თვლიდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 13 თებერვლის №004504-2012/03/2 ექსპერტიზის დასკვნა არასრული და გაურკვეველი იყო, მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა 13 თებერვლიდან 11 ივლისამდე – პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველეყო ექსპერტიზის ჩატარება და წარედგინა სასამართლოსთვის ექსპერტის დასკვნა. მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებათა საპირისპირო შესაბამისი მტკიცებულება, მოსარჩელეს არც სააპელაციო სასამართლოში წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „მ. ჯ-ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები (ფოტო და ვიდეო მასალა). ამასთან, მიუხედავად მათი შუამდგომლობისა, ექსპერტის დაკითხვის შემდეგ მომხდარიყო მთავარი სხდომის გადადება, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები, მაგალითად: მიადგა თუ არა შპს „მ. ჯ-ას“ ორი 1000 მმ-იანი მილიდან გამოდენილი წყლის გამო ზიანი; რა ფართობზე შეგროვებული წყლის მასა ხვდება ორ 1000 მმ-იან მილში და ა.შ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში არსებული ფოტო და ვიდეომასალის საფუძველზე დგინდება, რომ შპს „მ. ჯ-ას“ მიადგა ზიანი, მაგრამ სასამართლომ არ დაადგინა, თუ ვისი ბრალით ხდება შპს „მ. ჯ-ასათვის“ ზიანის მიყენება;

სასამართლომ არ გამოიკვლია, კანონიერად განახორციელა თუ არა შპს „ს-მა“ საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემის მშენებლობა. მართალია, სასამართლო უთითებს, რომ შპს „ს-მა“ კანონიერად განახორციელა სისტემის მშენებლობა, თუმცა, საქმეში წარმოდგენილია თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარების და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის 2011 წლის 10 ოქტომბრის №1/9945 წერილი, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ შპს „ს-ის“ სახელზე ატმოსფერული ნალექების ნიაღვარმიმღები ჭებისა და სხვა ნიაღვარმიმღები არხების მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა. საქმეში წარმოდგენილია ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 2 ნოემბრის №354 ბრძანებით მოპასუხის სახელზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამდენად, სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ კონკრეტულად რაზე იყო ხსენებული ნებართვა გაცემული, კანონიერად განახორციელა თუ არა საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემის მშენებლობა შპს „ს-მა“;

კასატორი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზოლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „მ. ჯ-ას“ და შპს „ს-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ მეზობელ მიწის ნაკვეთებს. შესაბამისად, მათ მესაკუთრეებს ევალებათ პატივი სცენ ერთმანეთს და მათი კუთვნილი ქონება გამოიყენონ იმგვარად, რომ არ მიაყენონ ზიანი ერთმანეთს. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ს-მა“ მშენებლობა, კერძოდ, ატმოსფერული ნალექების ტერიტორიიდან გაყვანისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა ისე მოაწყო, რომ მის ტერიტორიაზე დაგროვებული ატმოსფერული ნალექების დაღვრა მოხდებოდა შპს „მ. ჯ-ას“ ტერიტორიაზე, რაც დიდ ზიანს მიაყენებდა მას. სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. კასატორის მითითებით, აშკარაა, რომ მოპასუხის მიერ ატმოსფერული ნალექების ტერიტორიიდან გაყვანისათვის მოწყობილი საშუალებები იმგვარადაა დაგეგმილი, რომ წყლის მოხვედრა მოხდება მის ტერიტორიაზე, რაც, ბუნებრივია, ხელყოფს შპს „მ. ჯ-ას“ უფლებებს. ამასთან, შპს „ს-მა“ მშენებლობა განახორციელა უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების (№1-1/1254) 33-ე მუხლის პირველი პუნქტით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთიდან მეზობელ ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატომსფერული ნალექები. ამ შემთხვევაში, შპს „ს-ის“ მიერ ხდება მეზობელი ნაკვეთის ინტერესების უგულებელყოფა, რაც დაუშვებელია და წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „მ. ჯ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 11 თებერვალი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე