№ას-205-198-2013 24 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ო-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ა-მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გ. ო-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა: 1) საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ფანჯრის მეოთხედის ჩაყენებაში ხელშეშლის აღკვეთა; 2) სასაზღვრო მიჯნის 20 სმ-ით გადაწევასა და აღმართვაში ხელშეშლის აღკვეთა; 3) მოპასუხისათვის წყალსაწრეტი მილის ქუჩამდე გაგრძელების დავალება; 4) ა. ა-ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამზარეულოსა და აბაზანის სარკმელების აღდგენაში ხელშეშლისა და მათი თვითნებურად ამოშენების აკრძალვა.
მოსარჩელის განმარტებით, მას ეკუთვნის ქ. გ-ში, ე-ის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლის მეზობლადაც მდებარეობს გ. ო-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მოპასუხე 20 სმ-ით გასცდა სასაზღვრო მიჯნას და შეჭრილია ა. ა-ის კუთვნილ ნაკვეთზე, გარდა ამისა, სახლის პირველ სართულზე მდებარე აბაზანასა და სამზარეულოს სარკმლები ჰქონდა, რომლებიც მოპასუხემ თვითნებურად ამოაშენა, ასევე მოპასუხე ნებას არ აძლევს კუთვნილი სახლის მეორე სართულზე იატაკიდან 1,95 მეტრზე ჩადგას ფანჯარა. გ. ო-ის წყალსაწრეტი ანესტიანებს და აზიანებს ა. ა-ის სახლის უკანა კედელს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ო-ეს აეკრძალა ქ. გ-ში, ე-ის ქუჩა N3-ში მდებარე ა. ა-ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამზარეულოსა და აბაზანის სარკმელების აღდგენაში ხელშეშლა და მისი თვითნებურად ამოშენება, დანარჩენ ნაწილში ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ა-მა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. გ-ში, ე-ის ქუჩა N3-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 450.00 კვ.მეტრი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობით 222. 20 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 51.01.59.100. გ. ო-ის სახელზე კი, ირიცხება ქ. გ-ში, ე-ის ქუჩა N1-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 426.00 კვ.მეტრი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობი 132. 40 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი .... ა. ა-ის და გ. ო-ის მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრება. ნაკვეთებს შორის მანძილი 3.0 მეტრზე ნაკლებია.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ არ არსებობს ა. ა-ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, იატაკიდან 1,95 მ სიმაღლეზე გ. ო-ის მხარეს ფანჯრის ღიობის მოწყობის სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის არქივიდან წარმოდგენილი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით დადგენილია, რომ ა. ა-ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, გ. ო-ის მხრიდან გათვალისწინებული იყო ფანჯრები, რომლებიც იყო ამოშენებული. მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ფანჯრები თვითონ ამოაშენა და ამჟამად სურს იატაკიდან 1.95 სმ სიმაღლეზე გააკეთოს ფანჯარა, ამიტომ მოითხოვს მოპასუხეს აეკრძალოს ფანჯრის ჩაყენებაში ხელშეშლა.
პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N1–1/1254 ბრძანების მე-14 და მე-151 მუხლის შესაბამისად, ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს ღიობების მოწყობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ო-ე არ ფლობს ა. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს - 20 სმ-ს და აღნიშნა, რომ აპელანტი (მოსარჩელე) სადავო გარემოების დასამტკიცებლად უთითებდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტების 2011 წლის 31 აგვისტოს შედგენილ დათვალიერების N78 აქტზე, სადაც მითითებულია, რომ საკადასტრო მონაცემებით, ნაკვეთის ბოლოში გ. ო-ის მიწის ნაკვეთის სიგანეა 14 მეტრი 80 სმ, თუმცა ფაქტობრივად ფლობს 15 მეტრს, ანუ 20 სმ-ით მეტს.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება და მიიჩნია, რომ ამ აქტზე დაყრდნობით არ შეიძლებოდა იმის გაზიარება, რომ გ. ო-ე ფაქტობრივად ფლობდა ა. ა-ის კუთვნილ 20 სმ მიწის ნაკვეთს, რადგან აქტით ირკვეოდა, რომ დათვალიერებაში დაინტერესებული მხარეები არ მონაწილებდნენ, მათი ხელმოწერა აქტზე დაფიქსირებული არ იყო. აქტს არ ერთვოდა ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ იყო მითითებული აზომვისას გამოყენებული მასალები, ასევე ხელსაწყოები, ამიტომ ამ დოკუმენტით სარწმუნოდ და დამაჯერებლად არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ფლობდა ა. ა-ის კუთვნილ 20 სმ მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თავად მოსარჩელის შუამდგომლობით დანიშნული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ა. ა-ის ეზოს სიგანე ქუჩის მხარეს შეადგენს 16.0 მეტრს, ხოლო ნაკვეთის ბოლოში - 15.6 მეტრს. გ. ო-ის ნაკვეთის სიგანე ქუჩის მხარეს შეადგენდა 14.5 მეტრს, ხოლო ნაკვეთის ბოლოში – 14.8 მეტრს. ამასთან, ამავე დასკვნით დგინდებოდა, რომ ექსპერტებმა შეადარეს ა-ისა და ო-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები საჯარო რეესტრში მათ სახელზე რეგისტრირებულ N51.01.59.100 და N... ნაკვეთების საზღვრებთან, საიდანაც დადგინდა, რომ გ. ო-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ნაკვეთის საზღვარი არ კვეთდა ა. ა-ის სახელზე N51.01.59.100 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვარს. სააპელაციო პალატას არ გააჩნია რაიმე საფუძველი, არ გაიზიაროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მითითებული საინჟინრო ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნა. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ამ ნაწილში ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მონაცემს, რომლის მიხედვით, ა. ა-ის ნაკვეთის ბოლოში ეზოს სიგანე შეადგენს 15.8 მეტრს, რაც 20 სმ-ით მეტი იყო ექსპერტიზის მიერ მითითებულ მონაცემზე (15.6 მეტრი), აღნიშნული ცდომილება შეიძლება გამოწვეული იყოს აზომვის მეთოდებისა და აზომვისას გამოყენებული ხელსაწყოების სხვადასხვაობით, რაც არცთუ იშვიათია სასამართლო პრაქტიკაში.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ა. ა-ის სახლის უკანა კედლის დანესტიანება არ არის გამოწვეული გ. ო-ის შენობა-ნაგებობაზე მოწყობილი წყალსაწრეტი მილით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ფოტოსურათებით დგინდება, რომ გ. ო-ის შენობა-ნაგებობაზე ნამდვილად მოწყობილია წყალსაწრეტი მილი, ხოლო ა. ა-ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე კედელი არის დანესტიანებული, მაგრამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N019036-2012/03/1 დასკვნით დასტურდება, რომ წყალსაწრეტი მილიდან წყლის დინება არ არის მიმართული ა. ა-ის სახლის საძირკველში. ბუნებრივი დაქანება მიმართულია თავად გ. ო-ის მიწის ნაკვეთისაკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალსაწრეტი მილი ა. ა-ის სახლის უკანა კედლის დანესტიანებას ვერ გამოიწვევდა, ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ კედლის დანესტიანება გ. ო-ის შენობა-ნაგებობაზე მოწყობილი წყალსაწრეტი მილით იყო გამოწვეული.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ა. ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ ვარაუდს დაეყრდნო. სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ა. ა-ის მიწის ნაკვეთის სიგანე 15,6 მ-ს შეადგენს, რაც 20 სმ-ით ნაკლებია საკადასტრო მონაცემებზე. სასამართლოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისათვის უნდა მიენიჭებინა უპირატესობა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან მოსამართლემ გადმოწერა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 11.03.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარისა და 21.03.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე