Nას-221-213-2013 5 აპრილი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს “ თ. ს. უ. გ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ქ-ა, გ. ქ-ა, ლ. ზ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-ამ, გ. ქ-ამ და ლ. ზ-ამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს “თ. ს. უ. გ-ის“ მიმართ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ქ-ას, გ. ქ-ას, ლ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “თ.ს.უ. გ-ს“ გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს - 24 720 აშშ დოლარის გადახდა. შპს „თ. ს. უ. გ-ს“ გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას სასარგებლოდ 2012 წლის 17 იანვრის ჩათვლით დაეკისრა საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს 8 222,25 ლარის გადახდა. შპს „თ. ს. უ. გ-ს“ გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გადასახდელი იჯარის თანხის 16 480 აშშ დოლარის გადახდა. შპს „თ.ს. უ. გ-ს“ გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 7,4 აშშ დოლარის გადახდა ყოველდღიურად 2012 წლის 17 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შპს „თ. ს. უ. გ-ს“ გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 49 512,25 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეემა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „თ. ს. უ. გ-ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა - 1700 ლარის ოდენობით და ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯების გადახდა - 200 ლარის ოდენობით, რაც ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ. ს. უ. გ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ას, გ. ქ-ას, ლ. ზ-ასა და შპს “თ. ს. უ. გ-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “თ.ს.უ. გ-ს“ გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს - 24 720 აშშ დოლარის გადახდა. შპს „თ. ს. უ. გ-ს“ გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას სასარგებლოდ დაეკისროა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 53 062,25 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გ. ქ-ას, გ. ქ-ას და ლ. ზ-ას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ასევე უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „თ. ს. უ. გ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ. ს. უ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 4 705 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინების პასუხად, შპს „თ. ს. უ. გ-ის“ წარმომადგენელმა ლ. ა-მა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 2 653.11 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და განმარტა, რომ კასატორი ამცირებდა საკასაციო მოთხოვნას და სადაოდ ხდიდა მხოლოდ მატერიალური ზიანის სახით 53 062.25 ლარის ანაზღაურების დაკისრებას. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც სადაო თანხის გათვალისწინებით წარმოადგინეს. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაგრძელდა და კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა სასამართლოში წარმოედგინა ლ. აბრამიშვილზე სათანადო წესით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, რომლითაც მას მარწმუნებელი მიანიჭებდა უფლებას, მისი სახელით ნაწილობრივ უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე ან სახელმწიფო ბაჟის სახით 4 705 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი 2 653.11 ლარის გათვალისწინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება შპს „თ. ს. უ. გ-ს“ ჩაბარდა 2013 წლის 15 მარტს (იხ.ტ.II, ს.ფ.185).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 16 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 20 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება შპს “თ. ს. უ. გ-ის“ რექტორის მ. ქ-ის 2013 წლის 27 მარტის განცხადებას ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლისა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ერთი დღით გაგრძელების თაობაზე, შემდეგი დასაბუთებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება ჩაიბარა უნივერსიტეტის კანცელარიის მენეჯერმა მ. სიხარულიძემ, რომელმაც ვერ შეძლო მიეწოდებინა ის რექტორისათვის, რადგან 15 მარტს მ. ქ-ე არ იმყოფებოდა უნივერსიტეტში, ხოლო მეორე დღეს, ანუ 16 მარტს მ. ს-ე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რექტორმა რამდენიმე დღით გაათავისუფლა სამსახურიდან. მ. ს-ეს განჩინება შენახული ქონდა თავის სამუშაო ოთახში და რექტორ მზია ქათამაძისათვის მხოლოდ 27 მარტს გახდა ცნობილი ხარვეზის განჩინების თაობაზე. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ამოიწურა 2013 წლის 20 მარტს და შპს „თ. ს. უ. გ-ის“ რექტორ მ. ქათამაძის 2013 წლის 27 მარტის განცხადებით მომართვის დროისთვის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გასული იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თ. ს. უ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ. ს. უ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს შპს „თ. ს. უ. გ-ის“ მიერ 11.03.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2 653.11 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი