№ას-232-224-2013 23 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ს. რ-ა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ვ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ს.რ-ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „დ.ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 8039,11 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „სს-მ“, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს „დ.“, 2005 წელს შპს „ს. რ-ის“ მეშვეობით განახორციელა ტვირთების გადაზიდვა სადგურ თბილისი სატვირთოში. რ-ამ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო ტვირთის გადაზიდვის ღირებულების ანაზღაურება, რის გამოც დაერიცხა ვაგონის გამოყენებისა და ტვირთის შენახვის საფასური.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა ეხება 2005 წელს განხორციელებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, სს “ს.რ-ამ“ კი, სარჩელი აღძრა 2012 წელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს „სს-მ“ 2005 წელს შპს „ს. რ-ის“ მეშვეობით განახორციელა ტვირთების გადაზიდვა სადგურ თბილისი სატვირთოში. შპს “ს.რ-ამ“ ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხემ გადაზიდვისთვის გამოყენებული ვაგონები დააყოვნა;
2. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის ბრძანებით შპს “ს. რ-ა“ გარდაიქმნა სს „ს. რ-ად“. შპს დ. არის შპს „სს-ს“ უფლებამონაცვლე;
3. სს „ს. რ-ის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც იგი მოითხოვდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, შედგენილი იყო 2005 წლის დეკემბერში, კერძოდ, ტვირთის გადაზიდვაში გამოყენებულ ვაგონთა მიწოდების და გაყვანის უწყისი შედგენილი იყო 2005 წლის 12 დეკემბერს, შესაბამისად, მოსარჩელისათვის 2005 წლის დეკემბრიდან ცნობილი იყო, მოპასუხის მიერ ვაგონების მოცდენის გამო, მისი უფლებების დარღვევის და ამ საფუძვლით თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ. მოსარჩელე ამ უფლების რეალიზებას 2012 წლის მაისში შეეცადა;
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სს ,,ს. რ-ისათვის“ 2005 წლის დეკემბრიდან ცნობილი იყო, მოპასუხის მიერ ვაგონების მოცდენის გამო, მისი უფლებების დარღვევის და ამ საფუძვლით თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ, მას ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში ანუ 2008 წლის დეკემბრამდე უნდა აღეძრა სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ სს ,,ს. რ-ამ“ შპს „დ-ას“ წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს 2012 წლის 28 მაისს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მიმართა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ს.რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს უდავოდ უნდა მიეჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,დ-ამ“ 2005 წლის დეკემბერში შპს ,,ს. რ-ის“ მეშვეობით განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა სადგურ თბილისი სატვირთოში. შპს ,,ს. რ-ამ“ ტვირთის გადაზიდვა განახორციელა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად, ხოლო მოპასუხის მიზეზით დაყოვნდა ვაგონები, რაც დასტურდება საერთო ფორმის N3148 აქტით, ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის N4544, N4545 სამახსოვროებით, ვაგონების მიწოდების და გამოყვანის N3358 უწყისით. სასამართლოს, გარდა ს. სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა, უნდა გამოეყენებინა ს. სარკინიგზო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ს. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 401, 96 ლარის, 70% - 281,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 18.02.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 401, 96 ლარის, 70% - 281,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე