საქმე №ას-238-229-2013 22 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ა-ის“ დირექტორი ნ. ე-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ს. კ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. ს. კ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“ მიმართ 12941,28 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2011 წლის 24 ივლისს შპს „ს. ს. კ-ას“ მოპასუხემ მიაწოდა 34 459,59 ლარის ღირებულების 24940 ტონა ბიტუმი, აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ 2011 წლის 26 ივლისს შპს „ა-ის“ ანგარიშზე გადარიცხა მხოლოდ 15000 ლარი, ხოლო, მიწოდებული საქონლის დარჩენილი ღირებულების გადახდის შეუძლებლობის გამო, 2011 წლის 30 ივლისს შპს „ა-მა“ შპს „ს. ს. კ-ის“ საწყობიდან გაიტანა მიწოდებული ბიტუმის ძირითადი ნაწილი და დატოვა მხოლოდ 2058,72 ღირებულების 1490 ტონა ბიტუმი. მოპასუხეს მიღებული 15000 ლარიდან გატანილი ბიტუმის ღირებულება, 12941,28 ლარი, მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია (იხ. სარჩელის დაზუსტებული გარემოებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის სხდომის ოქმი).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაამყარა შემდეგი გარემოებებს:
2011 წლის 24 ივლისს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (სერია ას №...) მოსარჩელემ თავის საწყობში ჩატვირთა 24940 ტონა ბიტუმი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 34459,59 ლარი, თუმცა 2011 წლის 26 ივლისს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა მხოლოდ 15000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის - 19459,59 ლარის შეთანხმებისამებრ სამი დღის ვადაში ჩარიცხვის ვალდებულება მოსარჩელეს არ შეუსრულებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის 30 ივლისს მოპასუხემ დაიბრუნა მოსარჩელისათვის გადაცემული ბიტუმი. შპს „ს. ს. კ-ის“ ბუღალტერიაში ინჟინრის, საწყობის გამგის და მთავარი ბუღალტრის თანდასწრებით შპს „ს. ს. კ-ის“ თანამშრომელმა ვინმე მ-ა მოპასუხისაგან მიიღო ნაღდი ანგარიშწორებით 15000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს. ს. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა-ს“ შპს „ს. ს. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12941,28 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ 2011 წლის 24 ივლისის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 24 ივლისს შპს „ს. ს. კ-ას“ შპს „ა-მა“ მიაწოდა 34459,59 ლარად ღირებული 24940 ტონა ბიტუმი, მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელემ 2011 წლის 26 ივლისს მოპასუხეს გადასცა მიწოდებული ბიტუმის ღირებულების ნაწილი - 34459,59 ლარიდან - 15000 ლარი, 2011 წლის 26 ივლისს მოსარჩელემ ვერ შეძლო მიღებული ბიტუმის დარჩენილი ღირებულების - 19459,59 ლარის მოპასუხისათვის გადახდა, რის გამოც 2011 წლის 30 ივლისს შპს „ა-მა“ უარი თქვა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, კერძოდ, №705792 სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საწყობიდან გაიტანა მიწოდებული ბიტუმის უმეტესი ნაწილი და დატოვა მხოლოდ 2058,72 ლარის ღირებულების 1490 ტონა ბიტუმი ტრანსპორტში ადგილის არარსებობის გამო, ამავე ანგარიშ-ფაქტურის შესწავლით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს. ს. კ-ის“ საწყობში დარჩა 2058,72 ლარის ღირებულების 1490 ტონა ბიტუმი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა მხარეებმა შეადგინეს 2011 წლის 30 ივლისს და შეცდომით მითითებულ იქნა 2011 წლის 24 ივლისი. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ ბიტუმის გატანისას მან 15000 ლარი დაუბრუნა შპს „ს. ს. კ-ას“, რადგანაც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებისა, შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ა-ს“ 2011 წლის 30 ივლისს მოსარჩელის საწყობიდან გატანილი ბიტუმის სანაცვლოდ, შპს „ს. ს. კ-ის“ ამ უკანასკნელის მიერ ბიტუმის ღირებულების სახით 2011 წლის 26 ივლისს გადახდილი 15000 ლარი, რომელშიც შედის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 12941,28 ლარი, არ დაუბრუნებია.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 352-ე, 354-ე, 405-ე, 477-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2011 წლის 24 ივლისს მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა-მა“ მოსარჩელეს მიაწოდა 24940 ტონა ბიტუმი, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, 2011 წლის 26 ივლისს სრულად გადაეხადა ნასყიდობის თანხა. 15000 ლარის გადახდით მოსარჩელემ ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და ვერ შეძლო გადაეხადა დარჩენილი ღირებულება - 19459,59 ლარი, მოსარჩელის მიერ შესრულებულმა ვალდებულებამ მოპასუხისათვის დაკარგა ინტერესი, რის გამოც, მან უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე, რაც გამოიხატა 2011 წლის 30 ივლისს მიწოდებული ბიტუმის ძირითადი ნაწილის გატანაში. ხელშეკრულების მოშლის ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შპს „ს. ს. კ-ის“ საწყობში ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი 15000 ლარიდან დარჩა 2058,72 ლარის ღირებულების 1490 ტონა ბიტუმი, ხოლო 12941,28 ლარის ღირებულების ბიტუმი მოპასუხემ საწყობიდან გაიტანა. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად, მოპასუხე შპს „ა-ს“ წარმოეშვა გატანილი ბიტუმის შესაბამისად 2011 წლის 26 ივლისს მიღებული ნასყიდობის ღირებულების ნაწილის - 12941,28 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულება, თუმცა, მოსარჩელისათვის მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 354-ე მუხლებისა.
პალატამ მიუთითა აპელანტის იმ პრეტენზიაზეც, რომლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებას შეეხებოდა (ამ განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა მოწმის სახით ვინმე „მ-ის“ დაკითხვის თაობაზე) და არ იქნა გაზიარებული ზემოაღნიშნულის თაობაზე შპს „ა-ის“ მოსაზრებანი. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ ვერ დაასახელა მოწმედ მითითებული პირის გვარი და მისი საცხოვრებელი მისამართი, საქალაქო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოპასუხეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აპელანტის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მეორე ფაქტობრივ უსწორობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ აპელანტმა მიმართა სასამართლოს ამგვარი შუამდგომლობით, რაზეც სასამართლოს მიერ მიიღო უარი მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, პალატის მითითებით, მხარეს შეეძლო, თავად ჩაეტარებინა ექსპერტიზა ამა თუ იმ სადავო გარემოების დადგენის მიზნით და ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების სახით წარედგინა სასამართლოსათვის, რისი ვალდებულებაც მას გარკვეულწილად ეკისრებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103.1 მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“ (დირექტორი ნ. ე-ი), მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ, მართალია, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატამ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა სპეციალურ ანგარიშ-ფაქტურებზე ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, აღნიშნულით დადასტურდებოდა ამ მტკიცებულების სიყალბე, ასევე არასწორად ეთქვა უარი მხარეს შპს „ს. ს. კ-ის“ თანამშრომელ ვინმე „მ-ის“ დაკითხვის თაობაზე, აღნიშნული მოწმის ჩვენება სარჩელის უსაფუძვლობას დაადასტურებდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გააანალიზეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შეეხებოდა, ბიტუმის დაბრუნების გამო, კასატორის მიერ მიღებული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტს.
კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმეში არსებულ ანგარიშ-ფაქტურებზე ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ე-ის მიერ შპს „ა-ის“ სახელით 2013 წლის 30 მარტს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 647,06 ლარის 70% – 452,942 ლარი.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული უსაფუძვლოა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი ექსპერტიზის დანიშვნისა და ექსპერტიზის დასკვნის, როგორც ახალი მტკიცებულების საკასაციო პალატის მიერ მიღების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა მოეპოვებინა და სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ის. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა-ის“ (დირექტორი ნ. ე-ი) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ა-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ე-ის მიერ შპს „ა-ის“ სახელით 2013 წლის 30 მარტს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 647,06 ლარის 70% – 452,942 ლარი.
3. შპს „ა-ის“ შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე