№ას-252-242-2013 15 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ო. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 10 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ო. დ-მა მოპასუხეების: ა. ჩ-სა და შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 28 მაისის №1 აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 28 მაისის №1 აქტით ქ.ა-ში, გორის ქ.№30-ში დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: „SANYO-ს“ ფირმის ფერადი ტელევიზორი; ერთი ცალი რესივერი; „LG-ის“ ფირმის სარეცხი მანქანა; „TOHIBA-ს“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი; ავეჯი – კედელი „Simfer-ის“ ფირმის; ტელევიზორის მაგიდა; ნაჭრის სამეული; „ტრილიაჟი“; კომოდი; ორ ფრთიანი ტანსაცმლის კარადა; სამ ფრთიანი ტანსაცმლის კარადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2012 წლის 28 მაისის №1 აქტის თანახმად, მოპასუხე ა. ჩ-ი საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად (იურიდიული მისამართი – ქ.ა., გორის ქ.№30) და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება საგადასახადო დავალიანება;
მოწმეების – ე. ხ-სა და კ. დ-ის ახსნა-განმარტებისა და ახალციხის შს რაიგანყოფილების მიერ 1999 წლის 25 თებერვალს გაცემული ო. დ-ის №დ0189476 პირადობის მოწმობის თანახმად, მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2012 წლის 28 მაისის №1 აქტში მითითებულ მისამართზე (ქ.ა., გორის ქ.№30), სადაც განთავსებულია სადავო მოძრავი ნივთები, ასევე რეგისტრირებულია და ცხოვრობს მოსარჩელე ო. დ-ი და მისი ოჯახი (სულ რვა წევრი);
2010 წლის 4 მაისს კ. დ-სა და მსო ,,კ-ს“ შორის გაფორმებული №20100504KDIAK სესხის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ 800 ლარის ღირებულების ,,LG-ს“ ფირმის სარეცხი მანქანა გადახდის განვადებით შეიძინა კ. დ-მა. მოწმე კ. დ-ის ჩვენების საფუძველზე დადგინდა, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2012 წლის 28 მაისის №1 აქტით ქ.ა-ში, გორის ქ.№30-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: ,,SANYO-ის“ ფირმის ფერადი ტელევიზორი, ერთი ცალი რესივერი, ,,LG-ის“ ფირმის სარეცხი მანქანა, ,,TOHIBA-ს“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი, ავეჯი – კედელი და ,,შიმფერის” ფირმის გაზქურა, შეძენილ იქნა კ. დ-ის მიერ, რომლებიც შემდეგ საჩუქრად გადასცა მოსარჩელე ო. დიაკონაშვილს და ამჟამად წარმოადგენს მის პირადი საკუთრებას;
მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2012 წლის 28 მაისის №1 აქტით ქ.ა-ში, გორის ქ.№30-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: ტელევიზორის მაგიდა, ნაჭრის სამეული, „ტრილიაჟი“, კომოდი, 2-ფრთიანი ტანსაცმლის კარადა და 3-ფრთიანი ტანსაცმლის კარადა, შეიძინა მოსარჩელე ო. დ-მა არის მისი პირადი საკუთრება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე,105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონით დადგენილი არ არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის რაიმე სპეციალური წესი. შესაბამისად, მოძრავ ნივთზე პირის უფლების შესახებ დავაში მოწმეთა ჩვენება მტკიცებულებად დასაშვებია, ხოლო მისი შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
ქ.ა-ში, გორის ქ.№30-ში მდებარე მისამართზე, სადაც განთავსებულია სადავო მოძრავი ნივთები, რეგისტრირებულია და ცხოვრობს მოსარჩელე ო. დ-ი და მისი ოჯახი (სულ რვა წევრი). აღნიშნულისა და მოწმეთა ჩვენების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებლად მიიჩნია ამ ნივთებზე მოსარჩელე ო. დ-ის საკუთრება. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ა.ა ქვეპუნქტით, ამავე კანონის 32-ე, 44-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ხოლო მესამე პირის ქონება აღსრულების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაა გამოყენებული მხარეთა შეთანხმებით. ასეთ გარემოებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. დ-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები უნდა ამორიცხულიყო დაყადაღებული ნივთების სიიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
საგადასახადო კოდექსის 238.1 და 241.1 მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან ინდმეწარმე ა. ჩიტაშვილს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება. 2011 წლის 27 აპრილს, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი. არასწორია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს საყოფაცხოვრებო ნივთები შეცდომით დაფიქსირდა ყადაღის დადების აქტში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარემ ვერ წარადგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გახდილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომლითაც სასამართლომ მხოლოდ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებლად მიიჩნია აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთების ინდმეწარმე ა. ჩ-ის საკუთრებაში არარსებობის ფაქტი;
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ასევე უკანონოა შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის ოდენობი) დაკისრების ნაწილში, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა საქმეზე თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე №ას-262-253-2012).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე