საქმე №ას-329-313-2013 30 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს.ი-ი“ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ს. ი-ი“ (საქართველო)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, შპს „ს. ი-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2008 წლის 31 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დავალდებულება 310605 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს ვალდებულების შესრულებამდე დაკისრება ნაცვლად 2013 წლის 1 იანვრისა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მე-4 და მე-6 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დავალდებულება, ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „პ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ი-სა“ (საქართველოს ოფისი) და შეზღუდული პასუხისმგებლობლობის კომპანია „ს. ი-ის“ (აზერბაიჯანის ოფისი) მიმართ 2008 წლის 31 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დავალდებულების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა სს „პ. ბ-ის“ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2008 წლის 31 აგვისტოს გარიგებით შეძენილ ლიცენზირებულ პროდუქტზე პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების გაგრძელების, მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფისთვის გადასახდელი ფასი 310650 აშშ დოლარით განსაზღვრისა და მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლო სახით ყოველდღიურად 1053,49 ლარის სოლიდარულად დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:
2008 წლის 24 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე „ს.ი. ა-ი“ წარმოადგენს „მაიკროსოფტ აირლენდ ოპერეიშენს ლიმიტედის“ ავტორიზებულ მსხვილ ტრანზაქციების გამყიდველს. შპს „ს. ი-ი“ „ს.ი. ა-ის“ აგენტია მხარეთა შორის 2008 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა სს „პ. ბ-ან“ მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის ოფისის საქმიანობის განხორციელება ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროდუქციის შეკვეთის, მიწოდებისა და გადასახადების გადახდის თაობაზე. სააგენტო ხელშეკრულების 3.1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მომსახურების ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, შპს „ს. ი-ი“ ვალდებული იყო, „ს. ი. ა-ის“ გადაეხადა მომსახურების ფარგლებში მოსარჩელისაგან მიღებული თანხა. სს „პ. ბ-სა“ და შპს „ს. ი-ს“ შორის 2008 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შეიძინა მაიკროსოფტ სოფტვეარის ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები. 2008 წლის 31 დეკემბერს სს „პ. ბ-ს“, შპს „ს. ი-სა“ და „ს. ი. ა-ს“ შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი და მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, განუხრელად დაეცვათ მომსახურების, ნასყიდობისა და სააგენტო ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ის პირობები, რომლებიც შეეხებოდა მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას, ამ გაგრძელების ფასებს და სხვა. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ვალდებული იყვნენ, არ შეეწყვიტათ სააგენტო ხელშეკრულება სს „პ. ბ-ის“ მიმართ ნაკისრი ხელშეკრულების შესრულებამდე, ასევე განისაზღვრა ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის წესი და ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულება, უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში ბანკის უფლება, მიეღო შესრულება ახალი მხარისაგან, რაც გათვალისწინებული იყო ნასყიდობის, მომსახურებისა და სამეწარმეო ხელშეკრულებებით. 2011 წლის 31 დეკემბერს სს „პ. ბ-სა“ და შპს „ს. ი-ს“ შორის დაიდო NSL-EA/GE-1 მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მიმწოდებლისაგან (მოპასუხისაგან) მიიღო „Microsoft-ის“ ლიცენზირებული პროდუქცია. მომსახურების საფასურის, საერთო ღირებულების გადახდა წარმოებდა 3 წლის განმავლობაში ხელშეკრულების დანართით დადგენილი წესით. 3 წლის მანძილზე გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 2106988,1 ლარით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა დამკვეთის უფლება, მოეთხოვა იმავე ვადით (3 წლით) მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელება 2008 წლის 24 ნოემბრის სამეწარმეო და 2008 წლის 31 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეებს 2011 წლის 23 დეკემბერს და 2011-2014 წლებისათვის მოითხოვა ლიცენზირებულ პროგრამებზე პროგრამული უზრუნველყოფის შეკვეთა 310605 აშშ დოლარად, თუმცა მოპასუხეებმა დაარღვიეს მომსახურების ხელშეკრულების 5.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულება და 2011 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელეს წერილობით განუცხადეს უარი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზე. ამასთან, მათ არასწორად განმარტეს ხელშეკრულების სადავო პუნქტი, თითქოს 310605 აშშ დოლარი წარმოადგენდა არა განახლებული ვადისათვის - 3 წლის მომსახურებისათვის გადასახდელ თანხას, არამედ, მხოლოდ 1 წლის მომსახურების საფასურს. ბანკმა სადავო საკითხის დარეგულირება კვლავ სცადა, როგორც წერილობით, ისე უშუალოდ მხარეებთან შეხვედრის გზით, თუმცა აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია. მოსარჩელის მითითებით, სადავო ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, მომსახურება ბანკისათვის მიეწოდებინათ შეტყობინებიდან არა უგვიანეს 30 დღისა - 2012 წლის 30 იანვრისა, რაც არ განხორციელდა. ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეებმა, ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, უნდა აანაზღაურონ პირგასამტეხლო 2012 წლის 23 იანვრიდან ნაკლის გამოსწორებამდე ხელშეკრულების ფარგლები მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე არასწორად განმარტავს 2008 წლის 31 დეკემბრის NSL-EA/GE-1 მომსახურების ხელშეკრულების 5.1 პუნქტს, აღნიშნულის გამო, არასწორია სს „პ. ბ-ის“ მტკიცება მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე, მოსარჩელეს უარი არა ხელშეკრულების დადებაზე, არამედ 3 წლის წინ შეძენილი ლიცენზირებული პროდუქციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზე ეთქვა. მომსახურების ხელშეკრულების 5.1 მუხლით განსაზღვრული იყო მოსარჩელის მხოლოდ შესაძლებლობა და მას არანაირი მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი, მოპასუხის ვალდებულების წარმომშობი დოკუმენტი არ არსებობს, ხოლო ხელშეკრულების სადავო პუნქტი წარმოადგენს მხოლოდ ოფერტს, რომელიც ნების მიმღების თანხმობას საჭიროებს და არა ოფერტის მიმღების ვალდებულებას აქცეპტზე. აღნიშნულს მოწმობს ასევე მხარეთა შორის არსებული წერილობითი მიმოწერა. საყურადღებოა, რომ მოპასუხემ ახალი შეთავაზება განახორციელა, რაც მოსარჩელისათვის აღმოჩნდა მიუღებელი. არასწორია ასევე მოსარჩელის მითითება 2008 წლის 31 დეკემბრის NSL-EA/GE-1 ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტზე, რადგანაც ხელშეკრულების ეს დებულება ადგენს მომსახურების მიწოდების ვადას დამკვეთის მიერ დამატებითი პროდუქტების შეძენაზე და არ შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის შეკვეთას. პროდუქტის შეძენა და პროგრამული უზრუნველყოფა განსხვავებული ცნებებია, რადგანაც პროგრამული უზრუნველყოფა ხორციელდება უკვე შეძენილ პროდუქტზე და საგნობრივი თვალსაზრისით განსხვავებული საქონელია. საწინააღმდეგო ვითარებაშიც კი, სახელშეკრულებო პირობა დარღვეულად ვერ ჩაითვლებოდა, რადგანაც მოცემული რეგულაციით მოწესრიგებულია დამატებითი პროდუქტის შეძენის საკითხია და არა პროგრამების განახლების გაგრძელება - პროგრამული უზრუნველყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს. ი-ს“ სს „პ. ბ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 31 დეკემბრის NSL-EA-GE-1 მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ ლიცენზირებულ პროდუქტებზე პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება სამი წლის ვადით. მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფისთვის გადასახდელი ფასი განისაზღვრა 310605 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, შპს „ს. ი-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 24 იანვრიდან დაეკისრა პირგასამტეხლო, 2008 წლის 31 დეკემბრის NSL-EA-GE-1 მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 52,67 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნები შპს „ს. ი-ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ი-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს. ი-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 24 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ყოველდღიურად დაეკისრა პირგასამტეხლოს - 52.67 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ სს „პ. ბ-ს“ შპს „ს. ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6277 ლარის, ხოლო შპს „ს. ი-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ 541 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს, ერთი მხრივ, აზერბაიჯანში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს - შპს „ს. ი-ს“, როგორც „მარწმუნებელსა“ და, მეორე მხრივ, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს - შპს „ს. ი-ს“, როგორც „წარმომადგენელს“ შორის გაფორმდა სააგენტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მარწმუნებელმა დაავალა, ხოლო წარმომადგენელმა იკისრა ვალდებულება, გაეფორმებინა მომსახურების ხელშეკრულება ლიცენზიის მიმღებთან, რომელიც ეხებოდა კორპორაციული შეთანხმების ფარგლებში პროდუქტის შეკვეთას, მიწოდებას, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერასა და ფასის დაწესების/გადახდის პირობებს, მომსახურების საფასურის მიღებას. სააგენტო ხელშეკრულებითვე განისაზღვრა წარმომადგენლის შუამავლობის საკომისიოს გადახდის ვალდებულება მარწმუნებლის მხრიდან ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და წესის შესაბამისად. სააგენტო ხელშეკრულების თანახმად, ლიცენზიის მიმღებს წარმოადგენდა სს „პ. ბ-ი“, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადოდ რეგისტრირებული, ქ.თბილისში, ა. გ-ის N154-ში მდებარე იურიდიული პირი იყო. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ 2008 წლის 24 ნოემბერის სააგენტო ხელშეკრულება გაფორმდა აზერბაიჯანში რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს შორის, რომელიც ლიცენზიის მიმღებთან სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენდა და ემსახურებოდა აზერბაიჯანში რეგისტრირებული იურიდიული პირის ინტერესებს. სს „პ. ბ-ნ“ ურთიერთობებში, 2008 წლის 31 დეკემბერს სს „პ. ბ-სა“ და შპს „ს. ი-ს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებით ურთიერთვალდებულებანი წარმოეშვათ მხოლოდ სს „პ. ბ-ს“ და აზერბაიჯანში რეგისტრირებულ საწარმოს. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სამართალურთიერთობაში, მართალია, გარეგნულად მონაწილეობს წარმომადგენელი, მაგრამ წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დადებული გარიგებით უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს, ამ ურთიერთობის შედეგები დგება უშუალოდ წარმოდგენილი პირის მიმართ, რაც განპირობებულია იმით, რომ წარმომადგენელი მოქმედებს სხვისი სახელითა და სხვისი ინტერესებისათვის. წარმომადგენლის გარიგება ნების ისეთი გამოვლენაა, რომლის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების სუბიექტები ხდებიან წარმოდგენილი და მესამე პირი. 2008 წლის 31 დეკემბერს, ერთი მხრივ, შპს „ს. ი-ს“, როგორც „მიმწოდებელსა“ და, მეორე მხრივ, სს „პ. ბ-ს“, როგორც „დამკვეთს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 1.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამკვეთს უნდა შეეკვეთა „Microsoft-ის“ ლიცენზირებული პროდუქცია. პროდუქციის საერთო ღირებულების გადახდა წარმოებდა 3 წლის განმავლობაში. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მიმწოდებლის უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, 2.1.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ მიმწოდებლისათვის დამატებითი პროდუქციის დაკვეთის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო, პროდუქცია მიეწოდებინა დაკვეთიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა საფასური და ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, 3.1 პუნქტით პროდუქციაზე ყოველწლიური საფასურის ოდენობა დადგინდა 412253,83 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების მე-4 მუხლით დადგინდა მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლები, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით მომწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მომწოდებელს უნდა გადაეხდა დამკვეთისათვის პირგასამტეხლო ნაკლის აღმოფხვრის დასრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამკვეთის მიერ იმ დროისთვის გადახდილი თანხის 0,05%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების განახლების პირობები, კერძოდ, 5.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამე წლის ბოლოსთვის დამკვეთს შეეძლო დაეკვეთა მიმწოდებლისათვის პროგრამული უზრუნველყოფა ამ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ ლიცენზირებულ პროდუქციაზე სამი წლის ვადით, იმავე პირობებით, რაც დადგენილი იყო 2008 წლის 24 ნოემბრის სამეწარმეო ხელშეკრულებითა და მომსახურების ხელშეკრულებით. ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგინდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომელიც, 7.1 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა 3 წლით და ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიზნებისათვის დადგენილი დამატებითი ვადით.
დადგენილად მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დანაწესზე და 2008 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულების 5.1 და 7.1. პუნქტების ერთობლივი ანალიზის შედეგად ჩათვალა, რომ მესამე წლის ბოლოდან ხელშეკრულების გაგრძელებაზე მხარეები შეთანხმდნენ თავად დამკვეთის ნების საფუძველზევე, 3 წლის ვადით, იმავე პირობებით, სს „პ. ბ-სა“ და შპს „ს. ი-ის“ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისათვის არ იყო აუცილებელი დამატებითი თანხმობა, პალატის მოსაზრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი იქნებოდა ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება 2008 წელსვე, ანუ თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ხელშემკვრელი მხარეების ამგვარი ნების არარსებობის შემთხვევაში, მხარეებს შესაძლებლობა ექნებოდათ 3 წლის გასვლის შემდეგ (ანუ თავდაპირველი 31.2.2008წ.-ის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ) შეთანხმებულიყვნენ ახალ პირობებზეც და საფასურზეც და არ იქნებოდა საჭირო ამაზე შეთანხმება 2008 წელს. სასამართლოს მოსაზრებით, 2008 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების 7.1 და 5.1. პუნქტებით ფაქტობრივად შეიზღუდა მიმწოდებლის ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებაზე და ამგვარ პირობას ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დათანხმდა მიმწოდებელი, შესაბამისად, მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა გრძელვადიან ვალდებულებით- სამართლებრივ ურთიერთობას. სასამართლომ ჩათვალა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, დადგენილი იყო, რომ 2011 წლის 23 დეკემბერს სს „პ.ბ-ის“ დირექტორმა შეტყობინებით მიმართა მოპასუხეებს და მოითხოვა 2008 წლის 31 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამული უზრუნველყოფის მიღება დამატებით სამი წლით. ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, პროდუქცია მიეწოდებინა დაკვეთიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, კონკრეტულ შემთხვევაში, 2012 წლის 23 იანვარს. 2011 წლის 30 დეკემბრის წერილით შპს „ს. ი-მა“ უარი განაცხადა სს „პ. ბ-ის“ მიერ შემოთავაზებული პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელებაზე. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 13 აგვისტოს გაფორმებულ „Microsoft Channal-ის“ ხელშეკრულებაზე და მის დანართზე, რომლითაც განისაზღვრა კომპანიის არაექსკლუზიური უფლება, მონაწილეობა მიეღო გარკვეულ სალიცენზიო პროგრამებში და უზრუნველეყო ლიცენზირებული პროგრამები და პროგრამული გარანტიები მომხმარებელთათვის ხელშეკრულების დანართში აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე. ხელშეკრულების „გ“ პუნქტით შპს „ს. ი-ს“ წაერთვა შუამავლობის უფლება და ასევე უფლება, ჩაეტარებინა დისტრიბუცია, მარკეტინგი ან სხვა შეთავაზებები ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილი ქვეყნების (რეგიონების) ტერიტორიის გარეთ. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და მისი დანართით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან შპს „ს. ი-ს“ აღარ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე დამკვეთისათვის (სს „პ. ბ-ი“) „Microsoft-ის“ ლიცენზირებული პროდუქციის მიწოდების ექსკლუზიური უფლება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება შპს „ს.ი-მა“ იკისრა 2008 წლის 31 დეკემბერს სს „პ. ბ-ან“ გაფორმებული ხელშეკრულებით. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ შპს „ს. ი-ს“ 2008 წლის 31 დეკემბრის NSL-EA-GE-1 მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ლიცენზირებული პროდუქტების პროგრამული უზრუნველყოფა 2013 წლის 1 იანვრიდან ვეღარ დაეკისრებოდა, ვინაიდან მისი მხრიდან არსებობდა ხელშეკრულების მოშლის პატივსადები საფუძველი, შესაბამისად, სს „პ. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს. ი-ან“ 2008 წლის 31 დეკემბრის NSL-EA-GE-1 მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ ლიცენზირებულ პროდუქტებზე პროგრამული უზრუნველყოფის სამი წლით გაგრძელების დავალდებულების თაობაზე მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, რადგან ამ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - ხელშეკრულება 2013 წლის 1 იანვრიდან მოშლილი იყო. ნაწილობრივ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ვინაიდან შპს „ს. ი-ს“ 2013 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა (და არ ჰქონდა შესრულებაზე უარის თქმის პატივსადები მიზეზი), შეესრულებინა სს „პ. ბ-ის“ წინაშე 2008 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით (5.1 და 7.1. პუნქტები) ნაკისრი ვალდებულება, პალატამ ჩათვალა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2012 წლის 24 იანვრიდან (პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დადგომის თარიღი) 2013 წლის 1 იანვრამდე შპს „ს. ი-ს“ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, ხელშეკრულების 4.2 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამკვეთის მიერ იმ დროისათვის გადახდილი თანხის 0,05%-ის ოდენობით და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო 20-ჯერ შემცირდა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისი ოდენობა განისაზღვრა 52,67 ლარით, შესაბამისად, მიიჩნია, რომ შპს „ს. ი-ს“ ვალდებულების დარღვევისათვის უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 2012 წლის 24 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებისათვის (343 დღეზე) შემცირებული ოდენობით (ყოველდღიურად 52,67 ლარის, სულ 18065,81 ლარის გადახდა).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სს „პ. ბ-ს“ შპს „ს. ი-ის“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7000 ლარი) სანაცვლოდ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული დაეკისრა 6277 ლარი, ხოლო შპს „ს. ი-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5 000 ლარი) მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად 541 ლარის ანაზღაურება. ნაწილობრივ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება საპროცესო ხარჯების არასწორი გადანაწილების თაობაზე, კერძოდ, რომ პირგასამტეხლოს შემცირება უნდა ასახულიყო სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის წილის დადგენაზე, თუმცა, პალატის შეფასებით, მხოლოდ ერთი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება არ გამოიწვევდა ხარჯების განახევრებას, ვინაიდან, ხარჯების ოდენობა დავის საგანზე იყო დამოკიდებული, მის ფულად გამოხატულებაზე და არა საქმეში მონაწილე მოპასუხეთა რაოდენობაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „პ. ბ-ა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, შპს „ს. ი-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2008 წლის 31 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დავალდებულება 310605 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების შესრულებამდე, ნაცვლად 2013 წლის 1 იანვრისა. კასატორმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მხარეებს არ მისცა შესაძლებლობა, გამოეყენებინათ პაექრობისა და რეპლიკის უფლება, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენითა და აპელანტის მიერ წარდგენილი არასაჭირო მტკიცებულების გამოკვლევით. აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტი იურიდიული ძალის არმქონეა და სასამართლოს მისთვის სამართლებრივი შეფასება არ უნდა მიენიჭებინა, რადგანაც, თავად დოკუმენტით ირკვევა, რომ ის „Microsoft-ის“ მიერ ირლანდიაშია შედგენილი, თუმცა მტკიცებულება არ შეიცავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერის სანოტარო დამოწმებასა და ნოტარიუსის უფლებამოსილების აპოსტილით დადასტურებას, დოკუმენტი ასევე არ არის ლეგალიზებული საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის N406 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. თავად ხელშეკრულების მე-5 გვერდზე განმარტებულია ტერმინი „ტერიტორია“, რომელიც არ მოიცავს განმარტებას იმის შესახებ, მასში იგულისხმებოდა თუ არა საქართველო. სასამართლო, აღნიშნულის მიუხედავად, დაეყრდნო აპელანტის მიერვე წარდგენილ მტკიცებულებას, რომლის ნამდვილობაც დადგენილი არ არის. მხარის მიერ წარდგენილ 2012 წლის 8 აგვისტოთი დათარიღებულ „Microsoft-ის“ წერილში, სადაც მითითებულია ხელშეკრულების 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებაზე, აღნიშნული არ არის მანამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის თაობაზე, რაც გამორიცხავს სადავო საკითხის ამ დოკუმენტით რეგულირების შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლომ ვერ დაასაბუთა ამ მტკიცებულების სადავო ურთიერთობასთან მიმართებაში გამოყენების მართებულობა, მოწინააღმდეგე მხარემ ეს მტკიცებულება მხოლოდ იმ მიზნით წარადგინა, რომ თავი აერიდებინა 310605 ევროს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. პალატამ სადავო დოკუმენტი სრულყოფილად არ გამოიკვლია, რადგანაც ყურადღება არ გაამახვილა მის მე-5 გვერდზე, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევაზე, რომლითაც კომპანიას უფლება აქვს, მიიღოს გადახდა იმ ლიცენზირებულ შეთავაზებაზე, რომელიც ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულად მიიჩნია და მისი გაუქმების საფუძვლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით დასაშვებად ცნობილი ახალი მტკიცებულება მიუთითა, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რა საფუძვლით გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სს „პ. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნის მიუხედავად, ვალდებულების შესრულებამდე დაკისრებოდა მოპასუხეს პირგასამტეხლო, სასამართლომ ახალი მტკიცებულების არასწორი განმარტებითა და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ჩათვალა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება 2013 წლის პირველი იანვრიდან ითვლებოდა მოშლილად. მიუხედავად მხარეთა განმარტებისა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა მისი სამომავლოდ აღსრულება, ამ საკითხზე სააპელაციო პალატას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მე-4 და მე-6 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე სახელმწიფო ბაჟის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი, ასევე არასრულყოფილად გამოიკვლია სადავო ხელშეკრულება, რის გამოც კასატორს პირგასამტეხლოს გადახდა არასწორად დაეკისრა. სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები, ასევე უსაფუძვლოდ არ დაეკისრა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება წაგებულ მხარეს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულების გაგრძელებისა და მისი ფასის ოდენობის თაობაზე და მცდარი შეფასება მისცა ვალდებულების წარმოშობის დროს. აღნიშნული განაპირობა მხარეთა შორის 2008 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 5.1 და 7.1 პუნქტების არასრულყოფილმა გამოკვლევამ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის დათქმა, რომ მომსახურების 30-დღიანი ვადა შეეხებოდა ბანკის მხრიდან ახალი პროდუქტის შესყიდვის ვალდებულებას და ხელშეკრულების არც ერთი დებულება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნების გამოვლენისათვის არც ამ პუნქტის ანალოგიის გზით გამოყენების და არც სხვა ვადის დაწესების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები 2008 წელს ხელშეკრულების ცალმხრივად, დამკვეთის ინიციატივით გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან, არამედ საჭირო იყო ხელშემკვრელ მხარეთა ორმხრივი ნება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორი არც პროგრამების და არც ლიცენზიის მწარმოებელს არ წარმოადგენდა, იგი მხოლოდ საქონლის მწარმოებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქონლით მოვაჭრე სუბიექტია, აღნიშნული გარემოება ნათლად დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ხელშეკრულებით, რომლითაც კასატორს აეკრძალა პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია. ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა სასამართლომ არასწორად დაუკავშირა მომსახურების ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტს, რადგანაც ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განმარტებულია, რომ მიწოდების 30-დღიანი ვადა ვრცელდებოდა მხოლოდ ახალი პროდუქტის მიწოდებაზე. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, რომ სადავო ხელშეკრულებით განხორციელდა ორი საქონლის: პროდუქტის - კომპიუტერული პროგრამისა და პროგრამული უზრუნველყოფის - შეძენილი პროდუქტის ლიცენზიებისა და განახლების მომსახურების შესყიდვა, ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სასამართლოს მსჯელობა ვალდებულების არსებობისა და მისი ათვლის ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინებებით სს „პ. ბ-ა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-ის“ საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „პ. ბ-ა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „პ. ბ-სა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-ის“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „პ. ბ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 19 მარტს N289194246 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ტ-ს მიერ 2013 წლის 21 მარტს N402 საგადახდო დავალებით გადახდილი 905 ლარის 70% – 633,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „პ. ბ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 19 მარტს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. კასატორ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ს. ი-ის“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ტ-ის მიერ 2013 წლის 21 მარტს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 905 ლარის 70% – 633,5 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე