საქმე №ას-340-323-2013 22 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მა, მ. ვ-ემ, ნ. ჩ-ემ, ნ. და ნ. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეები შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობდნენ შპს „ს-ი“. მუშაობის მიუხედავად, 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით მათ სრულყოფილად არ ანაზღაურებიათ კუთვნილი ხელფასი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი სახელფასო უწყისების თანახმად, სხვადასხვა დროს იცვლებოდა, რომელიც საბოლოოდ სარჩელში მითითებული ოდენობით განისაზღვრება. მოსარჩელეთა არაერთი ზეპირი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხე არ ანაზღაურებს დავალიანებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2012 წლის 12 მარტს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამ დროიდან მოყოლებული შპს „ს-ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს მხოლოდ შ. შ-ი წარმოადგენს. ნ. კ-მა 2012 წლის 13 მარტს ნ. კ-ის სახელზე დაწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურიდან გათავისუფლებისა და საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე, თუმცა საზოგადოების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნ.კ-ი ამ დოკუმენტებს შპს „ს-ს“ არ გადასცემს. ნ. კ-მა ვერ წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა ნ.კ-ის, როგორც დირექტორის ფუნქციები, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობა და წესი, აგრეთვე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-ს“ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3363.64 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს-ს“ მ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1072.73 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს-ს“ ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3539.45 ლარის გადახდა, ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-ს“ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3590.90 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს-ს“ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3181.82 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა, მ. ვ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. კ-ს უარი ეთქვათ დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმება და ნ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ, პირველ ყოვლისა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივი საფუძვლით სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზიას არ შეიცავდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ იყო გამხდარი, ამდენად, გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 12 მარტამდე შპს „ს-ის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს წარმოადგენდა ნ. კ-ი. 2011 წლის 1 სექტემბრისათვის (სადავო პერიოდის დასაწყისისათვის) ნ. კ-ის ყოველთვიური ხელფასი (დარიცხული) შეადგენდა 1250 ლარს. სადავო პერიოდში, შპს „ს-ის“ საერთო ხელმძღვანელობასა და საქმიანობაზე პერიოდულ კონტროლს ახორციელებდა შპს „ს-ის“ დირექტორი შ. შ-ი, ხოლო შპს „ს-ის“ უშუალო ხელმძღვანელობასა და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვას ახორციელებდა ნ. კ-ი. ეს უკანასკნ. შპს „ს-ის“ აღმასრულებელი დირექტორობიდან გათავისუფლდა 2012 წლის 13 მარტიდან. გათავისუფლების დროისათვის, 2012 წლის 13 მარტისათვის, მოსარჩელეს არ ჰქონდა მიღებული კუთვნილი ხელფასი 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 12 მარტამდე, შესაბამისად, შპს „ს-ს“ ნ. კ-ის მიმართ ჰქონდა სახელფასო დავალიანება 3363.64 ლარი.
პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილზე, მე-3 მუხლზე, პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში (რაც სადავოდ არც სააპელაციო საჩივრით არ იყო გამხდარი), ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა და, აქედან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები. იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იყო შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დამსაქმებელ შპს „ს-ს“ სახელფასო დავალიანების არსებობა დასაქმებულ ნ. კ-ის მიმართ, პალატამ ჩათვალა, რომ მოხმობილ ნორმათა დანაწესზე მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა თანხის, როგორც სახელფასო დავალიანების, ანაზღაურების შესახებ ნ. კ-ის სასაჩელო მოთხოვნა. სასამართლოს განმარტებით, ამ მხრივ რაიმე დასაბუთებულ პრეტენზიას სააპელაციო საჩივარი არ შეიცადა, ხოლო აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა საკმარის დასაბუთებას ნ. კ-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების კუთხით, არ იქნა გაზიარებული რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (რომლებიც სააპელაციო საჩივრით არ არის გამხდარი სადავოდ) დგინდებოდა, რომ ნ. კ-ი მუშაობდა შპს „ს-ი“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად (დირექტორად) და სადავო პერიოდში, 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 13 მარტამდე (გათავისუფლებამდე) მისი ყოველთვიური ხელფასი (დარიცხული) შეადგენდა 1250 ლარს, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ნ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლზე, 249-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა შემდეგი: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. კ-მა ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა მისი, როგორც საზოგადოების დირექტორის ფუნქციები, ანაზღაურების ოდენობა და წესი, ასევე ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ნ.კ-ი იქნებოდა უფლებამოსილი, საზოგადოებისაგან მოეთხოვა სახელფასო დავალიანების გასტუმრება, ამ მტკიცებულების გარეშე სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. აღნიშნული ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გაუქმების წინაპირობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით კს „დ. პ. ს-ოს“ მიერ 2013 წლის 21 მარტს N210303 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით კს „დ.პ. ს-ოს“ მიერ 2013 წლის 21 მარტს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე