Facebook Twitter

Nას-341-324-2013 22 აპრილი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ც. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ე-კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება, ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. კ-ე-კ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარებისა და ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიარებული იქნა 2011 წლის 7 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ც. გ-ის შესასრულებელი ვალდებულება კრედიტორის ნ. კ-ე-კ-ის წინაშე სესხის ძირითადი თანხის 6000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 1900 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიარებული იქნა 2011 წლის 7 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის - ც. გ-ის მიერ კრედიტორის - ნ. კ-ე-კ-ის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის - 6000 აშშ დოლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ც. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის სახით 355.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, ან - შესაბამისი დოკუმენტის, რაც კანონის საფუძველზე გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ც. გ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ს (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.15-17) 2013 წლის 10 აპრილს და ჩაიბარა პირადად მ. ჩ-მა (პირადი №...) 2013 წლის 11 აპრილს (იხ.ტ.II, ს.ფ110).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 12 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 16 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 17 აპრილს კასატორის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ც. გ-ისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ამოიწურა 2013 წლის 16 აპრილს, ხოლო დაზუსტებული საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია 2013 წლის 17 აპრილს (იხ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეტანილ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.II, ს.ფ.111), დაზუსტებული საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2013 წლის 17 აპრილი (იხ.ტ.II, ს.ფ.118), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი