№ას-366-348-2013 12 აპრილი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ბ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ე. მ-სა და ნ. ბ-ს შორის საზიარო უფლება ნატურით გამოყოფით უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ბ-ის N1,3,5 / ფ-ის ქ. N7 (საკადასტრო კოდი ...), ე. მ-ს მიწის ნაკვეთის საერთო ფართიდან - 385.00 კვ.მ.-დან გამოეყო 60 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 28 აგვისტოს N029496-2012/03/1 ექსპერტიზის დასკვნისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით. მოპასუხე ნ. ბ-ს დაევალა მოსარჩელე ე. მ-ის საკუთრებაში არსებული 60 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ხელშეშლის აღკვეთა - სამშენებლო მასალის გატანა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ. ხელწერილი ტ. II, ს.ფ.34), ასევე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორი ნ. ბ-ი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. ბ-ი არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.
მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2013 წლის 31 იანვარს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 20 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 2 მარტი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ნ. ბ-ის განცხადებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (იხ.ტ.II, ს.ფ. 53), აღნიშნული ვერ ჩაითვლება მხარის მიერ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული განცხადებით კი კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2013 წლის 4 მარტს.
შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 2 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 22 მარტს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 26 მარტს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.II, ს.ფ.54), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ნ. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 26.03.2013 წლის N4595.100.1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი