Facebook Twitter

№ას-369-351-2013 10 აპრილი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ოს ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო ანგარიშებიდან უკანონო ტრანზაქციების შედეგად გადარიცხული თანხების დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. დ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს-ოს ბ-ის“ მიმართ საბანკო ანგარიშებიდან უკანონო ტრანზაქციების შედეგად გადარიცხული თანხების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს-ოს ბ-ს“ თ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მისსავე საბანკო ანგარიშიდან #254225200 უკანონო საბანკო ოპერაციების შედეგად გადარიცხული 27543 აშშ დოლარის აღდგენა. მიუღებელი შემოსავლის სახით 1606.7 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 229,53 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. თ. დ-ის სასარგებლოდ სს „ს-ოს ბ-ს“ დაეკისრა 4676 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს-ოს ბ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს-ოს ბ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის ს-ოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ. ხელწერილი ტ. III, ს.ფ.69), ასევე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორ სს „ს-ოს ბ-ის“ წარმომადგენელი დ. რ-ი (იხ. მინდობილობა ტ. III, ს.ფ.42) ესწრებოდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, სს „ს-ოს ბ-ი“ არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2013 წლის 30 იანვარს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 19 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 1 მარტი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სს „ს-ოს ბ-ის“ წარმომადგენელ შ. დ-ის განცხადებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (იხ.ტ.III, ს.ფ. 88), აღნიშნული ვერ ჩაითვლება მხარის მიერ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული განცხადებით კი კასატორის წარმომადგენელმა შ. დემეტრაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2013 წლის 5 მარტს.

შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 1 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 21 მარტს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 28 მარტს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.III, ს.ფ.89), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან სს „ს-ოს ბ-ის“ საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ოს ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. სს „ს-ოს ბ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 28.03.2013 წლის N2495 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 511.67 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი