Facebook Twitter

№ას-396-375-2013 19 აპრილი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ყ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ყ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ყ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ყ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების ასლი 2013 წლის 7 მარტს პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ ნ. ო-ს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 271-272), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 55),

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, საპროცესო ვადის დენა განუწყვეტილივ მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროცესო ვადიდან უქმე და დასვენების დღეების გამოკლება არ ხდება. გარდა ამისა, თუ საპროცესო ვადის დენის დასაწყისი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ამ ვადის დენა უქმე ან დასვენების დღიდან იწყება, ვინაიდან კანონი ამ შემთხვევაში რაიმე გამონაკლისს არ ითვალისწინებს. სხვაგვარად წყდება საკითხი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს. ამ შემთხვევაში ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისი, მართალია, ემთხვევა დასვენების დღეს - 8 მარტს, მაგრამ აღნიშნული საპროცესო ვადის დენა მაინც ამ დღიდან იწყება, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, აქ კანონი რაიმე გამონაკლისს არ უშვებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 8 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 28 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2013 წლის 1 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 56-64).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ვ. ყ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე