Facebook Twitter

№ას-408-386-2013 22 აპრილი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - ს. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ი-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ჩ-სა და ს. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ.ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება გ.ი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ. ხელწერილი ტ. III, ს.ფ.35), ასევე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორ გ.ი-ის წარმომადგენელი ლ. ლ-ა (იხ. რწმუნებულება ტ. I, ს.ფ.19) ესწრებოდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, გ.ი-ი არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2013 წლის 13 თებერვალს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 5 მარტი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 15 მარტი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.

რაც შეეხება საქმეში არსებულ გ.ი-ის წარმომადგენელ გ. ა-ის განცხადებას, გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (იხ.ტ.III, ს.ფ. 55), აღნიშნული ვერ ჩაითვლება მხარის მიერ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული განცხადებით კი კასატორის წარმომადგენელმა გ. ა-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2013 წლის 18 მარტს.

შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 15 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 4 აპრილს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 5 აპრილს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.III, ს.ფ.57), საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2013 წლის 5 აპრილი (იხ.ტ.III, ს.ფ. 63) რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან გ.ი-ის საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი