საქმე №ას-412-390-2013 23 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „პ-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე ხ. რ-ის სარჩელის გამო, სს „პ-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „პ-ის“ წარმომადგენელმა რ. გ-ემ (იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.100), სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში – 2013 წლის 19 მარტს, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 20 მარტს და დასრულდა 2013 წლის 9 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 9 აპრილი იყო დასვენების დღე, საპროცესო ვადა დამთავრებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 10 აპრილს. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი კანცელარიას ჩაბარდა 2013 წლის 11 აპრილს (ტ.II, ს.ფ.67), ხოლო საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2013 წლის 11 აპრილია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
ამასთან, სს „პ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 10 აპრილის №STKX0001 საგადახდო დავალებით გადახდილი 2800 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. სს „პ-ს (საიდენთიფიკაციო №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 10 აპრილის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 2800 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე