Facebook Twitter

№ას-80-76-2013 12 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა. +“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - დ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ს-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ. ჯ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა.+-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ. ს-ის“ მიმართ 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლის 8 დეკემბერს სს „თ. ს-ის“ და შპს „ვ-ს“ შორის გაფორმდა №2/95ს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ვ-მ“ განახორციელა ქ. თბილისში, რ-ის გამზირ №15-ში მდებარე უძრავი ქონების აღდგენა-რეკონსტრუქცია. მოსარჩელემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „თ. ს-ის“ გადაურიცხა საგარანტიო თანხა 50 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ სს „თ. ს-ი“ ვალდებული იყო შპს „ვ-ვის“ დაებრუნებინა საგარანტიო თანხა. 2005 წლის 20 ივნისს, შპს „ვ-სა“ და სს „თ. ს-ის“ შორის გაფორმდა აქტი ვალდებულების შესრულების თაობაზე. აღნიშნული აქტით მოპასუხემ დაადასტურა, რომ არ გააჩნდა რაიმე სახის მოთხოვნები ან პრეტენზიები შპს „ვ-ს“ მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. 2007 წლის 4 მაისს შპს „ვ-მ“ სს „თ. ს-ის“ მიმართ არსებული მოთხოვნა შეიტანა შპს „ა.+-ის“ საწესდებო კაპიტალში. 2010 წლის 9 ნოემბერს შპს „ა.+-მა“ წერილობით მიმართა სს „თ. ს-ის“ და მოითხოვა საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა.+“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „თ. ს-ის“ მოსარჩელე შპს „ა.+-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2011 წლის 31 მაისს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა სს „თ. ს-ის“ წარმომადგენელმა ქ. ქ-ამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინებით სს „თ. ს-ის“ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა სს „თ. ს-იმ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სს „თ. ს-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინება და საქმე სს „თ. ს-ის“ განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით სს „თ. ს-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

ზემოაღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ა.+“-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს „ა.+“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

სს „თ. ს-იმ“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. +-ის“ 92337 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი შპს „ა. +-მა“ კერძო აღმასრულებელთან წარადგინა. იძულებით აღსრულების ხარჯების დამატებით გადახდისა და სს „თ. ს-ის“ აქტივების დაყადაღების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული საზოგადოების ადმინისტრაციამ გადაიხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა; ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა. ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, აღნიშნული თანხა მხარემ კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიხადა და მას უნდა დაუბრუნდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა.+-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს „თ. ს-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა.+-ს“ სს „თ. ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 92 337 ლარისა და წლიური 10%-ის გადახდა, 2011 წლის 24 ივნისიდან 92 337 ლარის დაბრუნებამდე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ა.+“-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „ა.+“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

1. 1995 წლის 8 დეკემბერს სს „თ. ს-სა“ და შპს „ვ-ს“ შორის გაფორმდა №2/95ს ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.2 და 1.3 პუნქტების თანახმად, შპს „ვ-ს“ ვალდებულებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, რ-ის გამზირი №15-ში მდებარე შენობის აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოების სრული დაფინანსება, მშენებლობის წარმოება და ობიექტის შესაბამის კონდიციებამდე მიყვანა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, შპს „ვ-ს“ საკუთრებაში გადაეცემოდა მომსახურების ობიექტის პირველი სართული, მეორე სართული და პირველი სართულის ქვეშ განლაგებული სარდაფის და მეორე დამხმარე სართულები, ხოლო იჯარით გადაეცემოდა მესამე სართული, რომლის კოეფიციენტი და პირობები განისაზღვრებოდა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე;

2. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ხუთი საბანკო დღის განმავლობაში ინვესტორი ურიცხავს მენაშენეს 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების გარანტიის სახით. აღნიშნული თანხა შედის მომსახურების საბოლოო ღირებულებაში. ამ ვადის დარღვევისას ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება გაწყვეტილი იქნება მენაშენის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით ეს თანხა დაუბრუნდება ინვესტორს სრული ოდენობით 8.3. გათვალისწინებული საურავის ოდენობის ჩათვლით;

3. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, 4.2 მუხლში აღნიშნული თანხა მენაშენეს მიერ გამოიყენება საკუთარი შეხედულებისამებრ და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდგომი დოკუმენტაციის დამტკიცებამდე წარმოადგენს ხელშეკრულების განმსაზღვრელ თანხას. ყოველი შემდგომი დოკუმენტაციის დამტკიცებით განსაზღვრული თანხა არის მხარეების მიერ სახელმძღვანელო, ხოლო დამტკიცებული სამუშაო პროექტით დადგენილი თანხა საბოლოო;

4. შპს „ვ“-მ 1995 წლის 13 დეკემბერს სს „თ. ს-ის“ გადაურიცხა ხელშეკრულების 4.3. პუნქტით განსაზღვრული 50 000 აშშ დოლარი;

5. შპს „ვ-მ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ კი, განახორციელა ქ. თბილისში, რ-ის გამზირი №15-ში მდებარე შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია. 2005 წლის 20 ივნისს, შპს „ვ-ს“ და სს „თ. ს-ის“ შორის გაფორმდა აქტი ვალდებულების შესრულების თაობაზე. აღნიშნული აქტით სს „თ. ს-იმ“ დაადასტურა, რომ შპს „ვ-ს“ მიერ განხორციელებული სამუშაოების მიმართ რაიმე მოთხოვნები ან პრეტენზია არ გააჩნია;

6. შპს „ვ-მ“ სს „თ. ს-ის“ მიმართ 50 000 აშშ დოლარის მოთხოვნა შეიტანა შპს „ა.+-ის“ საწესდებო კაპიტალში;

7. 2010 წლის 8 დეკემბერს შპს „ა.+-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „თ. ს-ის“ მიმართ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით;

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.03.2011წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა.+-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „თ. ს-ის“ შპს „ა.+-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის სახოთ გადახდილი 2074,45 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული 2078,45 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი

9. კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის მიერ სს „თ. ს-ის“ მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე.

10. სს „თ. ს-ის“ მითითებით, Computron Industries Establishmenti-ს მიერ 2011 წლის 22 და 23 ივნისს კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ჯამში 92 337 ლარი, რომელიც მოიცავდა სასამართლოს მიერ სს „თ. ს-ის“ შპს „ა.+“-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხასა და აღსრულების ხარჯებს.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.12.2011 წლის საოქმო განჩინებით სს „თ. ს-ის“ განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ შპს „ა.+“-ის სარჩელი სს „თ. ს-ის“ მიმართ 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე აღძრულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულების არსებით პირობად განსაზღვრეს, რომ შპს ,,ვ”-ს უნდა უზრუნველყო სს ,,თ. ს-ის“ 50 000 აშშ დოლარის წინასწარ გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ვ-ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ სს ,,თ. ს-ი“ ვალდებული იყო დაებრუნებინა საგარანტიო თანხა 50 000 აშშ დოლარი; ამდენად, თავად მოსარჩელე მხარის მითითებით, შპს ,,ვ-ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე სს ,,თ. ს-ის“ 50 000 აშშ დოლარის გადახდის, ხოლო ვალდებულების შესრულების შემდეგ აღნიშნული თანხის სს ,,თ. ს-ის“ მიერ დაბრუნების ვალდებულება ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ხელშეკრულებას, ხოლო სახელშეკრულებო მოთხოვნაზე კი, ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. დადგენილია, რომ 2005 წლის 20 ივნისს შპს ,,ვ -ს“ და სს ,,თ. ს-ის“ შორის გაფორმდა აქტი ვალდებულების შერულების თაობაზე. აღნიშნული აქტით დადასტურებული იქნა შპს ,,ვ“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობოდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ, უნდა მივიჩნიოთ, რომ მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ მომენტიდან, რაც სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სს ,,თ. ს-იმ“ თანხა არ დაუბრუნა. შპს „ა.+-მა“ თანხის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა 2010 წლის 8 დეკემბერს, ანუ მოთხოვნის წარმოშობიდან სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ როდესაც სს „თ. ს-იმ“ თანხა აღმასრულებლის ანგარიშზე ჩარიცხა, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, სს „თ. ს-იმ“ აღმასრულებლის წინადადების საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით, თანხა აღმასრულებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, რაც ვერ მიიჩნევა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და განმარტა, რომ შპს „ვ-ს“ მიერ წინასწარ გადახდილი თანხა წარმოადგენდა არა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ თანხას, რომელიც მას გასაწევ მომსახურებასთან ერთად უნდა გაეღო სანაცვლოდ მისაღები ფართის ანგარიშში. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის დათქმა გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას და მიუთითებს იმაზე, რომ გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება სს „თ. ს-ის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა, თუ ხელშეკრულება შეწყდებოდა მისი ბრალეულობით და შესაბამისად, შპს „ვ“ ვერ მიიღებდა იმ ფართს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიეღო. არ არსებობს შპს „ა.+“-ს მოპასუხისათვის 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ანუ ადგენს პასუხისმგებლობის ზომას მიმღების ბრალის არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ყველა ის სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებისათვის. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების დაყოვნებისათვის შპს „ა.+–ის“ მიერ სს „თ. ს-ის“ გადასახდელი პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს საბანკო ანაბრისათვის განსაზღვრული წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთით, კერძოდ, წლიური 10%-ით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ა.+“-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, თუ რატომ გამოვიდა მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და რატომ შევიდა იგი კანონიერ ძალაში. არასწორია სასამართლოს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა შპს „ა.+-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც საგარანტიო თანხის სახით გადახდილი 50 000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ ხელშეკრულებაში არსებობს მხოლოდ ერთი ჩანაწერი ხელშეკრულების 8.3 მუხლში, რომელიც ეხება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას. ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში საგარანტიო თანხის დაბრუნების წესი ზუსტად არ არის გაწერილი ვალდებულების შესრულების ნაწილში, არ ნიშნავს, რომ 50 000 აშშ დოლარი ხელშეკრულების ღირებულებაში შემავალი თანხაა. სასამართლოს ხელშეკრულებასთან ერთად, მხარეთა შორის არსებული მიმოწერაც უნდა შეეფასებინა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, არ წარადგინა რა შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, აღიარა ვალდებულების არსებობა, რადგანაც მისთვის ცნობილი იყო, რომ გამოვიდოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ არასწორად გაავრცელა შპს „ა. +-ის“ სარჩელზე 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ სს „თ. ს-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმები დაუდო საფუძვლად. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე კი, 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. გარდა ამისა, თუნდაც სასამართლოს სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი ვადით ეხელმძღვანელა, მოცემულ სარჩელზე 6-წლიანი ხანდაზმულობა ვრცელდება, როგორც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. +-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის, 6000 ლარის, 70% - 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. +-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 01.02.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის, 70% - 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე