საქმე №ას-96-91-2013 15 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “კ. ო-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ღ-ი, ც. პ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების მოშლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ღ-მა და ც. პ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “კ. ო-ის“ მიმართ და მოითხოვეს ზ. ღ-ის სასარგებლოდ 400 000 აშშ დოლარის, 2009 წლის 25 ივლისიდან 2010 წლის 25 ნოემბრამდე პირგასამტეხლოს – 186 500 აშშ დოლარისა და 2010 წლის 25 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,1%-ის ანაზღაურება, რაც დღეში შეადგენს 400 აშშ დოლარს, ც. პ-ის სასარგებლოდ დავალიანების თანხის – 400 000 აშშ დოლარის, 2009 წლის 25 ივლისიდან 2010 წლის 25 ნოემბრამდე პირგასამტეხლოს სახით 186 500 აშშ დოლარის, 2010 წლის 25 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,1%-ის გადახდა, რაც დღეში შეადგენს 400 აშშ დოლარს შემდეგი საფუძვლებით:
2008 წლის 12 ნოემბერს დაიდო წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხესა და შპს „კ-ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს – ზ. ღ-სა და ც. პ-ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით.
ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეებმა გაყიდეს და მოპასუხემ იყიდა შპს „კ-ის“ საწესდებო კაპიტალის მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული 50-50%. აღნიშნული შპს-ს საკუთრებას წარმოადგენდა სულ 3 752 კვ.მ მეტროსადგურ „დ-ის“ მიმდებარედ მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
შეთანხმების მიხედვით, გამყიდველებს მყიდველისათვის უნდა გადაეცა ნასყიდობის საგანი. სამეწარმეო რეესტრში შპს „კ-ის“ 100%-ის წილის მფლობელად დაფიქსირდა მოპასუხე, თუმცა მყიდველის/მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.3. მუხლის „გ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება და ნასყიდობის თანხა სრულად არ დაფარულა. ნასყიდობის თანხა სულ შეადგენდა 2 150 000 აშშ დოლარს.
2009 წლის 1 მაისს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და შესრულებული ვალდებულების დადასტურების შესახებ, რომელიც ასევე დადასტურდა სანოტარო წესით. აღნიშნული ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა მათ შორის 2008 წლის 12 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ დარჩენილ 1 646 685,04 აშშ დოლარს მყიდველი გადაიხდიდა არა უგვიანეს 2009 წლის 25 აგვისტოსი ამავე შეთანხმებით დადგენილი გრაფიკითა და ოდენობით.
მოპასუხემ გადაიხადა 846 685,04 აშშ დოლარი, თუმცა 800 000 აშშ დოლარი დღემდე არ დაუფარავს. მითითებული თანხის გადახდას იგი უშედეგოდ ჰპირდებოდა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ჩათვლით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. ღ-ისა და ც. პ-ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ხელშეკრულების მოშლილად აღიარება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შემდეგი დასაბუთებით:
მხარეთა შორის დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადებული წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს “კ. ო-ს” გადაეცა შპს „კ-ის“ ყველა და ნებისმიერი აქტივი, მათ შორის, 3 752 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 2 150 000 აშშ დოლარი. შპს „კ-ს“ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გარდა, სხვა აქტივი არ გააჩნდა. სწორედ მისი ღირებულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ფასი, რაც არ შეესაბამება რეალობას და მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას.
მხარემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, ნასყიდობის საგნის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიხადა და ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან გადასახდელი დარჩა 800 000 აშშ დოლარი. ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულება მისი დადების შემდეგ ისე შეიცვალა, რომ ამ ვალდებულების შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა, ეს არის ისეთი გარემოება, რომელიც არსებითად ცვლის სახელშეკრულებო წონასწორობას და მისი შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის მახასიათებელ „სიკეთეთა სამართლიანი გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს”. მითითებული გამოწვეულია არა მარტო შესრულების ღირებულების შემცირებით, არამედ ხელშეკრულების დადების დროისათვის ნასყიდობის საგნის ფასის მის რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამობით.
შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, როგორც იმჟამინდელი, ისე დღევანდელი მდგომარეობით ორჯერ ნაკლებია, ვიდრე შპს “კ. ო-ის“ მიერ ამჟამად ზ. ღ-ისა და ც. პ-ისათვის გადახდილი თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ღ-ისა და ც. პ-ის სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე უარი ეთქვა შპს “კ. ო-ის“ შეგებებულ სარჩელს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზ. ღ-მა და ც. პ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ისა და ც. პ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ზ. ღ-ის უფლებამონაცვლე ა. ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “კ.ო-ს“ ა. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 200 000 აშშ დოლარის გადახდა, შპს “კ.ო-ს“ ა. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 58 212.50 აშშ დოლარის, ასევე, 2012 წლის 8 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის – 200 000 აშშ დოლარის 0,025%-ის გადახდა (წლიური 9%), რაც ერთ დღეზე შეადგენს 50 აშშ დოლარს, ზ. ღ-ის უფლებამონაცვლე ც. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “კ.ო-ს“ ც. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 600 000 აშშ დოლარის გადახდა, შპს “კ.ო-ს“ ც. პ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლო – 174 637.50 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე, 2012 წლის 8 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის – 600 000 აშშ დოლარის 0,025% (წლიური 9%), რაც ერთ დღეზე შეადგენს 150 აშშ დოლარს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პალატის განმარტებით, მისი განხილვის საგანია თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერების შემოწმება.
2008 წლის 12 ნოემბერს შპს “კ.ო-სა“ და, მეორე მხრივ, ზ. ღ-სა და ც. პ-ს შორის დაიდო წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი მყიდველი ყიდულობდა „პირველი გამყიდველის“ საკუთრებაში არსებულ შპს „კ-ის“ საწესდებო კაპიტალში არსებულ 50% წილს და „მეორე გამყიდველის“ საკუთრებაში არსებულ 50% წილს, რაც ჯამში შეადგენდა შპს „კ-ის“ საწესდებო კაპიტალში წილთა 100%-ს.
ნასყიდობის ფასი – ნასყიდობის საგნის, შპს „კ-ის“ 100% წილის, ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 150 000 აშშ დოლარით ყველანაირი გადასახადის ჩათვლით. აქედან პირველი გამყიდველის კუთვნილი წილის შპს „კ-ის“ 50%-ის ნასყიდობის ფასი შეადგენდა 1 075 000 აშშ დოლარს, ხოლო მეორე გამყიდველის კუთვნილი წილის შპს „კ-ის“ 50%-ის ნასყიდობის ფასი – 1 075 000 აშშ დოლარს.
ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის თანხის გადახდის გრაფიკი. ნასყიდობის თანხის რომელიმე ნაწილის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2009 წლის 1 მაისს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და შესრულებული ვალდებულებების დადასტურების შესახებ.
შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხემ 2008 წლის 12 ნოემბერს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ვადებში გადაიხადა ნასყიდობის ფასის ნაწილი – 503 314.96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდის ახალ პირობებზე, რაც ჩაანაცვლებდა 2008 წლის 12 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ შპს „კ-ის“ წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ წესს, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ფასის დარჩენილ ნაწილს – 1 646 685.04 აშშ დოლარს მყიდველი გადაიხდიდა შემდეგი წესით: 100 აშშ დოლარს – არაუგვიანეს 2009 წლის 6 მაისისა,
150 000 აშშ დოლარს – არა უგვიანეს 2009 წლის 8 მაისისა, 450 000 აშშ დოლარს – არა უგვიანეს 2009 წლის 11 მაისისა, 150 000 აშშ დოლარს – არა უგვიანეს 2009 წლის 25 ივნისისა, 500 000 აშშ დოლარს – არა უგვიანეს 2009 წლის 25 ივლისისა, დარჩენილ 496 685.04 აშშ დოლარს – არა უგვიანეს 2009 წლის 25 აგვისტოსა.
შეთანხმების 1.2. პუნქტის თანახმად, გადასახდელი თანხის რომელიმე ნაწილის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა გამყიდველთა სასარგებლოდ პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2009 წლის 24 ივლისის წერილით მოპასუხემ დაადასტურა, რომ მას 2009 წლის 25 ივლისამდე გადასახდელი ჰქონდა მოსარჩელეთათვის 300 000 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის 25 აგვისტომდე – 500 000 აშშ დოლარი.
იმავე წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებდა შესაბამისი თანხის დადგენილ ვადებში გადახდას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, მისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ფულადი ტრანშის ჩარიცხვისთანავე დაფარვდა დავალიანებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ჩათვლით.
შპს „კ-ის“ 100%-ის წილის მესაკუთრეს და პარტნიორს წარმოადგენს შპს “კ. ო-ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით აპელანტ ზ. ღ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ც. პ-ი და ა. ღ-ი.
2012 წლის 20 აპრილის N120404804 სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, გარდაცვლილი ზ. ღ-ის დანაშთ ქონებაზე პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან ა. ღ-ი და ც. პ-ი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 319-ე მუხლის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, 477-ე მუხლის, 505-ე მუხლის დანაწესით და დაადგინა, რომ შპს “კ.ო-ს“, ზ. ღ-სა და ც. პ-ს შორის დაიდო წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კონსტიტუციური ან დეკლარაციული. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 24 ივლისს მყიდველის – შპს “კ. ო-ის“ გენერალურმა დირექტორმა მ. ს-მ დაადასტურა 800 000 აშშ დოლარის მოცულობის ფულადი ვალდებულების არსებობა. ასევე ირკვევა, რომ შეთანხმების შესაბამისად მოპასუხის მიერ 2009 წლის 25 ივლისამდე გადასახდელი 300 000 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის აგვისტომდე – 500 000 აშშ დოლარი, გადახდილი არ არის არც დღეის მდგომარეობით (აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელეთა მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შპს “კ.ო-ს“ ა. ღ-ის, როგორც ზ. ღ-ის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 200 000 აშშ დოლარის გადახდა, ც. პ-ის, როგორც ერთ-ერთი კრედიტორისა და ზ. ღ-ის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ კი, უნდა დაეკისროს 600 000 აშშ დოლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, ასევე შეთანხმებით წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და შესრულებული ვალდებულებების დადასტურების შესახებ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის თანხის რომელიმე ნაწილის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 115-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვადის გადაცილების პერიოდის და პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან სამართლიანად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ნაწილი – ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის – 0,025%-ის (წლიური 9%) მოპასუხისათვის დაკისრება. პირს რომ საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე განეთავსებინა თანხა, იგი დაახლოებით ასეთ შემოსავალს მიიღებდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “კ. ო-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად განმარტა მის მიერ გამოყენებული კანონი და საპროცესო ნორმათა დარღვევის შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
მხარეთა შორის დაიდო წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველებმა შეიძინეს შპს „კ-ის“ 50-50%, ჯამში კი საწესდებო კაპიტალის წილთა 100%. საბოლოოდ შპს კ.ო-ს“ გადაეცა შპს „კ-ის“ ყველა და ნებისმიერი აქტივი, მათ შორის, მეტროსადგურ დ-ის მიმდებარედ არსებული 3752 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 2150000 აშშ დოლარი, თუმცა შპს „კ-ს“, ხსენებული მიწის ნაკვეთის გარდა, სხვა აქტივები არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ მის ღირებულებად განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ფაქტი, რაც რეალობას არ შეესაბამება და ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.
შპს “კ. ო-მა“ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, ნასყიდობის საგნის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიხადა და დასაფარი დარჩა 800 000 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების დადების შემდეგ ნასყიდობის საგნის ღირებულება ისე შეიცვალა, რომ ამ ვალდებულების შესრულებამ მყიდველისთვის ინტერესი დაკარგა, არსებითად შეიცვალა სახელშეკრულებო წონასწორობა და მისი შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს. აღნიშნული გამოიწვია არა მხოლოდ შესრულების ღირებულების შემცირებამ, არამედ ხელშეკრულების დადების დროისათვის ნასყიდობის საგნის ფასის რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამობამ.
მითითებულის დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად შპს “კ. ო-ის“ მიერ ზემოხსენებული ხელშეკრულებით შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება როგორც იმჟამინდელი, ისე დღევანდელი მდგომარეობით, ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ამჟამად შპს “კ. ო-ის“ მიერ ზ. ღ-ისა და ც. პ-ისათვის გადახდილი თანხა.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს “კ. ო-ის“ ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შესრულებულად მართებულად ჩათვალა, თუმცა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება უკანონოდ გააუქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს “კ. ო-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “კ. ო-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “კ.ო-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ფ. ზ-ის მიერ 2013 წლის 13 თებერვალს №1 საგადასადახო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “კ. ო-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს “კ.ო-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ფ. ზ-ის მიერ 2013 წლის 13 თებერვალს №... საგადასადახო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე