№ას-121-115-2013 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ. კ-ი“, შპს „ჰ. ჯ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვარი განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ. კ-სა“ და შპს „ჰ.ც. ჯ-ას“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის – 1 641 651.08 შვეიცარული ფრანკის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 2 ნოემბერს და შპს „ს. რ-ის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები - ფ. ყ-ა და ვ. ა-ი. ს.ფ. 227, ტ.1.). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 3 დეკემბერს და ამოიწურა 2012 წლის 17 დეკემბერს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინდა 2012 წლის 18 დეკემბერს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადა.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 18 დეკემბერს, ანუ გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელმა ვ.ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ორგანიზაციის წარმომადგენელი ფ. ყ-ა 20-30 დღის ვადაში უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელიც პასუხობდა, რომ აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება არ იყო მზად და ვერ უზრუნველყოფდნენ მის ჩაბარებას, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2012 წლის 4 დეკემბერს, კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დარღვევით, 32 დღეს შესაბამისად, მან დროულად წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რის გამოც არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელ ვ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 2 ნოემბერს და შპს „ს. რ-ის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები - ფ. ყ-ა და ვ. ა-ი. ს.ფ. 227, ტ.1.), რომლებსაც გააჩნდათ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება. აღნიშნული გარემოება სადავო არ გამხდარა.
ვინაიდან სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 2 ნოემბერს, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.11 მუხლის თანახმად, აპელანტის წარმომადგენელი ვალდებული იყო, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. ვინაიდან, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, ანუ 1 დეკემბრიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა და ამოიწურა 2012 წლის 14 დეკემბერს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 3 დეკემბერს და ამოიწურა 2012 წლის 17 დეკემბერს, ვინაიდან, ზემოაღნიშნული მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ, თუ გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული შედეგი სწორია, კერძოდ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინდა 2012 წლის 18 დეკემბერს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი 20-30 დღის ვადაში უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ ამ დროისათვის პასუხობდნენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების (მტკიცებულებების) სასამართლოსათვის წარდგენა, კერძოდ, რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უტყუარად სარწმუნოს გახდიდა მის მოსაზრებას, მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, მხარის დასახელებული არგუმენტი, საფუძველს მოკლებულია, აღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ მან დაარღვია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა, რომლის აღდგენაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელ ვ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე