№ას-132-126-2013 4 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ. ო. „ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს მ. ო. „ბ-ის“ სარჩელი მოპასუხე ო. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა:
ა. ო. გ-ს მოპასუხე ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 28 მაისის №117 იპოთეკის, 2010 წლის 29 მაისის №27525 კრედიტისა და გირავნობის, ასევე 2011 წლის 28 მაისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების, მთლიანობაში 19514.38 აშშ დოლარის, მათ შორის: ძირითადი თანხის – 12000 აშშ დოლარის, პროცენტის – 7514.38 აშშ დოლარის გადახდა;
ბ. ო. გ-ს შპს მ. ო. „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზემოთ დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესაბამისად სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის – ყოველთვიურად 480 აშშ დოლარის გადახდა, 2012 წლის 16 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანხის სრულ გადახდამდე);
გ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხე ო. გ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული, ქ.ბათუმში, ე-ის ქ.№16-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პროცენტის დაკისრების ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე დამდგარი პროცესუალური შედეგი მისთვის მოულოდნელია, რადგან მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ბაჟი გადაიხადა 2012 წლის 26 დეკემბერს, რაც ჩააბარა სასამართლოს. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს შესაბამისი წესით დამოწმებულ საგადახდო დავალებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ო. გ-ს, მისივე შუამდომლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ: ა. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 300.58 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით; ბ. წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში. ამავდროულად, აპელანტს განემარტა მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის პროცესუალური შედეგი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (ს.ფ. 101-104). ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული (ტომი 2, ს.ფ. 107-110).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა ო. გ-მა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან დროულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა სასამართლოში, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განუხილველად დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან, კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით, მართალია დგინდება, ო. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (ს.ფ. 114), მაგრამ არც ამ დოკუმენტით და არც საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. როგორც აღინიშნა, ხარვეზის განჩინებით აპელანტს დავალებული ჰქონდა არა მარტო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ ასევე, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში ჩააბარა, დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმის მასალებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ ო. გ-მა სააპელაციო საჩივარზე (საქმე #2/ბ-1271-2012) გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 499 ლარი, რომელიც მას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. ო. გ-ს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე (საქმე #2/ბ-1271-2012) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 499 ლარი (გადახდის თარიღი – 2012 წლის 26 დეკემბერი, საგადახადო დავალება #162532);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე