საქმე №ას-133-127-2013 5 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. გ-ის განცხადების (კერძო საჩივრის) წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე გ. გ-ის სარჩელის გამო, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართ, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
გ. გ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება, ასევე განმცხადებლის პილიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე დარჩა განუხილველად, განმცხადებელს განემარტა მისი უფლება, საქმის წარმოების განახლების თაობაზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის მიმართვის, ასევე განჩინების გასაჩივრების წესისა და ვადის თაობაზე.
2013 წლის 4 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა გ. გ-ის განცხადება საქმის მასალებთან ერთად. განცხადების თანახმად გ.გ-ე მოითხოვდა საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელებას, ასევე საქმეში არსებული მისი განცხადების დაბრუნებას სრულყოფილი კერძო საჩივრის წარდგენის მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით წინამდებარე განცხადება შეფასდა, როგორც კერძო საჩივარი, შესაბამისად, დადგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა დაზუსტებული კერძო საჩივრის წარდგენა, სადაც გარკვევით მიეთითებოდა მხარის მოთხოვნა, თუ რას მოითხოვდა ის საკასაციო სასამართლოსაგან, ამ კერძო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით გ. გ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას სააპელაციო პალატის განჩინება არ გაუსაჩივრებია უზენაეს სასამართლოში, ასეთი საჩივარი ბუნებაში არ არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარემ მოითხოვა, ერთი მხრივ, მისი განცხადების ასლის გაგზავნა და, მეორე მხრივ, მისი განცხადების განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა გ. გ-ის განცხადება, საქმის მასალები და თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული გ. გ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადების განხილვა, საპროცესო სამართლით განსაზღვრული განსჯადობის წესების დაცვით, ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადი იყო.
უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 187-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრებისათვის კანონმდებელი ითვალისწინებს კერძო საჩივრის წარდგენას.
ირკვევა, რომ გ. გ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას კერძო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელებისა და საქმეში არსებული მისი განცხადების გადაცემის თხოვნით, რათა სრულყოფილი კერძო საჩივარი წარედგინა.
სააპელაციო სასამართლოს მომართვის საფუძველზე გ. გ-ის განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმებისას, გ. გ-ის განცხადება შეაფასა კერძო საჩივრად და, უფლების სასამართლოს წესით დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, მხარეს განესაზღვრა საპროცესო ვადა მისი განცხადების (საჩივრის) კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, კერძოდ, გ. გ-ეს დაევალა: ა) დაზუსტებული კერძო საჩივრის წარდგენის გზით მისი მოთხოვნის განსაზღვრა; ბ) კერძო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენა; გ) სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი განცხადებით გ. გ-ემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მას სააპელაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება არ გაუსაჩივრებია, მანვე აღნიშნა, რომ განცხადება, რომლის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრაც მხარეს საკასაციო პალატის განჩინებით დაევალა, არ წარმოადგენდა ქვემდგომი სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლითაც კანონმდებელმა დაადგინა შემდეგი: მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ 3.1 მუხლი).
დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ, კანონის ძალით, სამოქალაქო სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხარის ნებას, რომლიც თავად განსაზღვრავს რა სასამართლოსათვის მიმართვის, საქმის წარმოების დაწყებისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ზემდგომი წესით გასაჩივრების საჭიროებას, სასამართლო შეზღუდულია მხარის ამ ნებით და იხილავს მხოლოდ მასში გადმოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების ლეგიტიმურობას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს, ერთი მხრივ, განსახილველად აქვს გადაცემული საპროცესო დოკუმენტი, ხოლო მისი ავტორი წერილობით ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი არ არის საჩივარი და არ არის მიმართული ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლისაკენ, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და განიხილოს განცხადების საფუძვლიანობა. პალატის აღნიშნული განმარტება ცალსახადაა დამყარებული კანონმდებლობით გარანტირებულ უფლების სასამართლო წესით დაცვის პრონციპზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციით აღიარებული ეს დებულება ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში და დაწესებულია ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვის ხელმისაწვდომობა, თუმცა, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსსკ 2.1 მუხლი).
ამდენად, ვინაიდან გ. გ-ემ აღნიშნა, რომ საკასაციო პალატისათვის განსახილველად გადაცემული განცხადება არ წარმოადგენდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინების თაობაზე წარდგენილ კერძო საჩივარს, უფრო მეტიც, ვინაიდან მხარემ დაადასტურა, რომ ამ განჩინების თაობაზე მას საჩივარი რაიმე ფორმით არ წარუდგენია, პალატა თვლის, რომ არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს მასზე, ამასთანავე, ვინაიდან გ.გ-ე 2013 წლის 22 იანვრის განცხადებით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების დაბრუნებას, რაც საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს და დააკმაყოფილოს განცხადების მოთხოვნა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, 2013 წლის 22 იანვრის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ-ის 2013 წლის 22 იანვრის განცხადება დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე: ბ. ალავიძე