№ას-1612-1513-2012 5 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ს-ი
წარმომადგენელი – გ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების - ზ., თ., მ., ნ. და გ. ს-ების მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. მოპასუხე ზ. ს-ს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5300 აშშ დოლარის გადახდა;
2. არ დაკმაყოფილდა სარჩელი მ. ს-ისა და თ. ს-თვის ზემომითითებული თანხის სოლიდარული წესით გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;
3. მ. ს-ს, თ. ს-სა და ზ. ს-ს სოლიდარული წესით დაეკისრათ 3600 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე ლ. ბ-ის სასარგებლოდ;
4. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ნ. ს-ისა და გ. ს-ის მიმართ სესხის ვალდებულების შესრულების შესახებ;
5. ზ., მ. და თ. ს-ებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 227 ლარის ოდენობით;
6. მოპასუხე ზ. ს-ს მოსარჩელე ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 268 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-მა, მისთვის თანხების დაკისრების ნაწილში. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ს-ის წარმომადგენელმა გ.ნ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ აპელანტი ზ. ს-ი დაკარგულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება 2012 წლის 26 აგვისტოდან დღემდე, ამასთან, მის ოჯახს მთლ.დ მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი.
მოგვიანებით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომელსაც თან დაურთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 21 დეკემბრის №04-13-01/4272 და 17 დეკემბრის №04-13-01-4186 ცნობები. აღნიშნული ცნობების თანახმად, ზ. ს-ი წარმოადგენს თ. ს-ის ოჯახის წევრს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამ ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 47650 და იგი ძალაში შევიდა 25.10.2012 წელს. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე და 215.3 მუხლებზე და მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და ზემოხსენებული ცნობების სასამართლოში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება აპელანტ ზ. ს-ის ადგილსამყოფელი, ვინაიდან იგი დაკარგულია, ამასთან, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ეკისრებოდა თავად აპელანტს და არა მის წარმომადგენელს. შესაბამისად, წარმომადგენელი სახელმწიფო ბაჟს ვერ გადაიხდიდა. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა დამატებით წარმოადგინა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსის 2013 წლის 24 იანვრის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ზ. ს-მა 2012 წლის 15 აგვისტოს სსკგ „აეროპორტ-ბათუმის“ გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკრაინის მიმართულებით, რის შემდეგაც მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამჟამად, ზ.ს-ის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ტარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის საფუძველს, რათა საპატიოდ იქნეს მიჩნეული აპელანტის მიერ ხარვეზის დროულად შეუვსებლობა და მას აღუდგეს გაშვებული საპროცესო ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1. მოპასუხე ზ. ს-ს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5300 აშშ დოლარის გადახდა; 2. არ დაკმაყოფილდა სარჩელი მ. ს-ისა და თ. ს-თვის ზემომითითებული თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ; 3. მ. ს-ს, თ. ს-სა და ზ. ს-ს სოლიდარული წესით დაეკისრათ 3600 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე ლ. ბ-ის სასარგებლოდ; 4. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ნ. ს-ისა და გ. ს-ის მიმართ სესხის ვალდებულების შესრულების შესახებ;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, 2012 წლის 13 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ზ. ს-მა, თ. ს-მა და მ. ს-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინათ ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, ზ. ს-ს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 212 აშშ დოლარის გადახდა, მასვე, მ. და თ. ს-ებთან ერთად, დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 144 აშშ დოლარის გადახდა;
ამავე სასამართლოს 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული ზ., მ. და თ. ს-ების სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მათ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3600 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო, ზ. ს-ს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა;
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი 2012 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტ ზ. ს-ის მეუღლეს - თ. ს-ს (ტომი 2, ს.ფ. 32);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა ზ. ს-მა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორის (აპელანტის) წარმომადგენელი მიუთითებს, რომ, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 21 დეკემბრის №04-13-01/4272 და 17 დეკემბრის №04-13-01-4186 ცნობების სასამართლოში წარუდგენლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, კერძოდ, აპელანტი დაკარგულია, ვერ დგინდება მისი ადგილსამყოფელი, ხოლო, ზემოხსენებული ცნობების თაობაზე წარმომადგენლისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის იმის საფუძველს, რათა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს აპელანტის მიერ ხარვეზის დროულად შეუვსებლობა და მას აღუდგინოს გაშვებული საპროცესო ვადა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომელიც განსაზაღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ კრძალავს საპროცესო ვადის აღდგენას და, თუ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ამასთან, სახეზე უნდა იყოს ასევე სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი, რომლის დეფინიცია მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი დაკარგულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება, რამაც განაპირობა სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, ხოლო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აპელანტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის დაგვიანებით წარდგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ეს ცნობა აპელანტის წარმომადგენელს დაგვიანებით გადაეცა.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ 2012 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების საკმარის საფუძველს. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მას უკავშირდება მხოლოდ ერთი შედეგი - უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონება მინდობილი საკუთრების სახით გადაეცემა სამართავად მის კანონით მემკვიდრეებს (სკ-ის 21-ე მუხლი, სსკ-ის 320.1 მუხლი). ასეთ შემთხვევაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილი პირის ინტერესების სასამართლოში დაცვის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილი მოქალაქე, მის წარმომადგენლად მონაწილეობს პირი, რომელსაც გადაეცა სამართავად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში, იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადლებულება, რაც მას სასამართლომ დაავალა, ეკისრება იმ პირს (კანონიერ წარმომადგენელს), რომელსაც გადაეცა სამართავად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება.
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, ხოლო, ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს აპელანტის ადგილსამყოფელის დასადგენად, არ ნიშნავს იმას, რომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით შეესრულებინა ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, კერძოდ, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი ან წარედგინა ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, კერძო საჩივარზე დართული ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აპელანტის რეგისტრაციის თაობაზე, მართალია, გაცემულია 2012 წლის დეკემბერში, მაგრამ თავად ოჯახის სარეიტინგო ქულის რეგისტრაცია განხორციელდა და ძალაში შევიდა 25.10.2012 წელს, ანუ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, შესაბამისად, აპელანტს ჰქონდა საკმარისი დრო, რათა მიეღო ხსენებული ცნობა და დროულად წარედგინა იგი სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ იყო შეუძლებელი ზმოაღნიშნული ცნობის მიღება და წარდგენა სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საპროცესო ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე