№ას-1668-1565-2012 5 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. კ-ე
წარმომადგენელი – ზ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ს-ას სარჩელი მოპასუხე ი. კ-ის მიმართ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მ.ს-ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. ამავდროულად, განჩინებით დადგინდა მოწინააღმდეგე მხარისათვის – ი. კ-ისათვის, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნა; ადრესატს დაევალა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენა; მასვე განემარტა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად.
2012 წლის 15 ნოემბერს ი. კ-ის წარმომადგენელმა ზ.კ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სააპელაციო შესაგებელი და იქვე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა უშუალოდ მხარეს, ი. კ-ეს. ეს უკანასკნელი 5 ნოემბრიდან დღემდე არის ავად და მკურნალობს ბორჯომის საავადმყოფოში. წარმომადგენლისათვის სააპელაციო საჩივრის თაობაზე ცნობილი გახდა 2012 წლის 15 ნოემბერს, რადგან მხარემ ავადმყოფობის გამო მითითებულ დრომდე ვერ შეძლო მისთვის შეეტყობინებინა აღნიშნული და მიეწოდებინა სასამართლო გზავნილი. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა ითხოვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის სასამართლოს მიერ საპატიოდ მიჩნევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ის წარმომადგენელ ზ.კ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ი. კ-ის მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობაზე, ვინაიდან მხარეს არ წარუდგენია აღნიშნული გარემოებების დანადასტურებელი ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა ი. კ-ის ავადმყოფობის ფაქტს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარის მიერ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევისა და საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი.
საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის საპატიოდ მიჩნევა შემდეგი საფუძვლებით:
2012 წლის 1 ნოემბერს ი. კ-ემ ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს გზავნილი (სააპელაციო საჩივარი და უწყება) თავის დროებით საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა მეორე დღეს, ოჯახური პრობლემების გამო, მას სასწრაფოდ მოუხდა გამგზავრება ბორჯომის რაიონის სოფელ ბ-ში, სადაც იგი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ოჯახურ პრობლემებს თან დაერთო ავადმყოფობა, კერძოდ, 5 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე მაღალი სიცხის გამო, აპელანტი მკურნალობას გადიოდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
15 ნოემბერს, როდესაც გაუმჯობესდა ი. კ-ის ჯანმრთელობის მდგოარეობა, ამ უკანასკნელმა შეძლო წარმომადგენლისათვის მიეწოდებინა სასამართლო გზავნილი, რომელიც ჰქონდა ნაქირავებ ბინაში, გლდანში. ამ გზავნილიდან გამომდინარე, მას შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გააჩნდა 8 ნოემბერს. იმ მიზეზით, რომ გასული იყო 1 კვირა და არსებობდა დაუსწრბელეი გადაწყვეტილების გამოტანის საშიშროება, წარმომადგენელმა სასწრაფო წესით იშუამდგომლა გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენაზე და 15 ნოემბერს შეიტანა შესაგებელი. მისი მითითებით, განცხადებასთან და საჩივართან ერთად ვერ მოხდებოდა ი. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა, რამდენადაც იმ დროისათვის მისი მკურნალობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სასწრაფო წესით განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა, ისე, რომ მათ არ მიეცათ საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა და უარი ეთქვათ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენაზე. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, იგი ადასტურებს ი. კ-ის ავადმყოფობის ფაქტს და შესაბამისობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით: 1. მ.ს-ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა; 2. მოწინააღმდეგე მხარეს – ი. კ-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და დაევალა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენა; 3. მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად (ტომი 2, ს.ფ. 2-3);
2012 წლის 30 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლომ, ი. კ-ეს, საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე, გაუგზავნა: ა. მ.ს-ას სააპელაციო საჩივრის ასლი თანდართული მასალით; ბ. აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ განჩინების ასლი. გზავნილში ადრესატს დამატებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით (ტომი 2, ს.ფ. 5);
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებული გზავნილი ი. კ-ეს პირადად ჩაბარდა 2012 წლის 1 ნოემბერს (ტომი 2, ს.ფ. 7);
2012 წლის 15 ნოემბერს ი. კ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარუდგინა სააპელაციო შესაგებელი და მოითხოვა შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა (ტომი 2, ს.ფ. 8-16);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ის წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, 17-19).
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო შესაგებლის დროულად წარდგენა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო შპს „ჯ-ის“ ბ-ის საექიმო უბნის ექმის 2012 წლის 15 ნოემბრის ცნობა ი. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 30).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომელიც განსაზაღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ კრძალავს საპროცესო ვადის აღდგენას და, თუ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ამასთან, სახეზე უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობის საპატიო მიზეზი, რომლის დეფინიცია მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მისმა მარწმუნებელმა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო შესაგებლის დროულად წარდგენა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ ი. კ-ეს, ოჯახში გამოძახებით, მიაკითხა უბნის ექიმმა 2012 წლის 5 ნოემბერს და მისცა დანიშნულება ბინაზე, ხოლო, ამავე წლის 15 ნოემბერს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამდენად, წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ ი.კ-ე 2012 წლის 5 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე იყო ავად, თუმცა ჯანმრთელობის ცნობაში არ არის მითითებული, რომ მას დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი და არ შეეძლო გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული ცნობით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ შეეძლო შესაგებლის სასამართლოში წარდგენა პირადად ან ფოსტის მეშვეობით. სარწმუნოდ არ არის ასევე დასაბუთებული, თუ რატომ ვერ შეძლო კერძო საჩივრის ავტორმა თავის წარმომადგენელთან დაკავშირება, რათა ამ უკანასკნელს დროულად შეეტანა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ი.კ-ეს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2012 წლის 1 ნოემბერს, ხოლო, მისი ავადმყოფობის ფაქტი დასტურდება 5 ნოემბრიდან. კერძო საჩივრის ავტორი სარწმუნოდ ვერ ასაბუთებს, თუ რამ შეუშალა ხელი, თავად წარედგინა შესაგებელი 5 ნოემბრამდე ან აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა წარმომადგენლისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, ი. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე