Facebook Twitter

საქმე №ას-224-216-2013 8 აპრილი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - შპს „ბ-ი“, თ. ძ-ე, გ. კ-ი, ა. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

და.ს საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“, რ. გ-ის, გ. კ-სა და ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა შპს „ბ-ის“, თ. ძ-სა და გ. კ-ის მოსარჩელის სასარგებლოდ 538914,53 ლარისა და პირგასამტეხლოს - 88205,015 ლარის სოლიდარულად დაკისრება, დავალიანების დაფარვის მიზნით ნ. კ-სა და ა. მ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, გ. ნ-ის ქN5-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს „ბ-ის“, თ. ძ-სა და გ. კ-ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან მისი დაფარვა.

ნ. კ-მა და ა. მ-მა მიუთითეს, რომ ნაწილობრივ ცნობდნენ სარჩელს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნებს და სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმნენ, ხოლო შპს „ბ-მა“, თ. ძ-ემ და გ. კ-მა, ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სადავო არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სარჩელი ასევე ცნეს ნასყიდობის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობით დაკისრებას არ დაეთანხმნენ და მისი შემცირება 0,01%-მდე მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი მოპასუხეების: შპს „ბ-ის“, თ. ძ-ის, გ. კ-ის, ნ. კ-სა და ა. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ს“, თ. ძ-ეს, გ. კ-ს შპს „ა-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ნასყიდობის თანხის - 538914,53 ლარის გადახდა, მათვე სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხოს - 88205,015 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ნ. კ-სა და ა. მ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, გ. ნ-ის ქ№5-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა დავალიანების დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, მისი დაფარვა დადგინდა შპს „ბ-ის“, თ. ძ-სა და გ. კ-ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ მიუთითა 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მასვე განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2013 წლის 3 იანვარს, აპელანტმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ იმყოფებოდა ქალაქში და გარკვეული გარემოებების გამო, მითითებულ ვადაში ვერ შეავსო ხარვეზი. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო 2013 წლის 9 იანვრის განჩინებით ნ. კ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა გაგრძელდა 5 (ხუთი) დღით. 2013 წლის 9 იანვრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ბიძაშვილ ქ. კ-ს ჩაბარდა 2013 წლის 14 იანვარს, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 15 იანვარს და დასრულდა 2013 წლის 21 იანვარს (19-20 იანვარი იყო დასვენების დღეები). დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტმა, მიუხედავად განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგების განმარტებისა, არ შეასრულა დავალებული საპროცესო მოქმედება. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით, 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგანაც სამართლიანი სასამართლოს ვალდებულებაა მხარეს მისცეს შესაძლებლობა, სასამართლო წესით დაიცვას ინტერესები, განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ აპელანტს საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი უკანონოდ უთხრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის განჩინებით ნ.კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. კ-მა.

უდავოა, რომ აპელანტი საქმის წარმოების განმავლობაში (სააპელაციო საჩივარში, საპროცესო ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილ განცხადებაში და სხვა) საკონტაქტო მისამართად მიუთითებდა შემდეგს: ქ.თბილისი, ძმები ზ-ის ქN12.

ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ.კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და 7-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაგრძელდა 5 (ხუთი) დღით.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 იანვრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტს და 2013 წლის 14 იანვარს ამ მისამართზე შეტყობინება ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა, აპელანტის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, ბიძაშვილმა - ქ. კ-მა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ.კ-ი არც სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესს და არც ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტს სადავოდ არ მიიჩნევს, საკასაციო სასამართლო უკრიტიკოდ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ შეტყობინების ჩაბარება განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს, 2013 წლის 15 იანვარს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 21 იანვარს, რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს, შაბათს.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი და მათი სწორად განმარტების გზით მართებულად უთხრა უარი ნ.კ-ის სააპელაციო საჩივარს განსახილველად დაშვებაზე, ვინაიდან კანონის იმპერატიულ დათქმას წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის დაცვით არ გამოასწორებს ხარვეზს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ.კ-ის მითითებას, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგანაც, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ მართლმსაჯულების არასამართლიანი სასამართლოს მიერ განხორციელება და მისი რომელი უფლება დაირღვა სასამართლოს მხრიდან, სააპელაციო პალატის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე და მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება კვლავ არ განუხორციელებია, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან – შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა, რა დროსაც სასამართლო საქმეს იხილავს მხარის მიერ ამ პრინციპების ფარგლებში თავისუფლად გამოვლენილი ნების საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს უფლება აქვს, დავა გადაწყვიტოს საკუთარი შეხედულებით (დაასრულოს მორიგებით, გამოიხმოს სარჩელი, უარი თქვას მოთხოვნაზე ან ცნოს მის წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნების კანონიერება), სასამართლოს ყოველთვის ექმნება პრეზუმფცია, რომ მხარე, რომელიც დადგენილი წესით ინფორმირებულია საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე, მისი განუხორციელებლობის ნეგატიურ შედეგებზე და არ ასრულებს დაკისრებულ მოქმედებას არასაპატიო მიზეზით, აღიარებს მისი პოზიციის უმართებულობას ან საერთოდ დაკარგული აქვს ინტერესი დავის მიმართ, ამავდროულად, იმისათვის, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის კანონით აღიარებული ინტერესები, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესი პრეზუმფციასთან ერთად, წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც დადგენილ ვადაში არ ასრულებს დაკისრებულ მოქმედებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულია საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი საბუთების განუხილველად დატოვების შესაძლებლობა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა ნ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად, ხოლო ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია დასაშვები პრეტენზია, რაც განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე