Facebook Twitter

¹ ბს-58-40-კ-05 30 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: საკომპენსაციო თანხის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ., ა., არ. და რ. ე-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე მცხეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ მცხეთის რაისაბჭოს აღმასკომის 1986წ. 24 სექტემბრის @¹231 გადაწყვეტილებით მცხეთა-ღართიკარის ტერიტორიაზე 30-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოიყო 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მათ ოჯახზე გაიცა საგარანტიო წერილი, რომლითაც მშენებარე სახლისათვის ადგილის გათავისუფლების სანაცვლოდ რაიაღმასკომმა იკისრა ვალდებულება, მშენებლობის დამთავრების შემდეგ გამოეყო ბინა ახლად აშენებულ სახლში, მოქმედი კანონმდებლობისა და სანიტარული ნორმების დაცვით. 1989 წელს დაანგრიეს მათი საცხოვრებელი ბინა და დაიწყეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აშენდა ხუთივე სართულის კარკასი, რის შემდეგაც შეჩერდა მშენებლობა ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობის გამო.

ბინით დაკმაყოფილების თაობაზე წლების განმავლობაში მიმართავდნენ სხვადასხვა ორგანოებს, მაგრამ ამაოდ. 1998წ. 30 ოქტომბერს მცხეთის გამგეობამ მიიღო ¹120 დადგენილება, რომლითაც დააკმაყოფილა მათი თხოვნა და მის ოჯახს გამოუყო საცხოვრებელი ფართი მცხეთაში, ... ქუჩაზე, დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ოღონდ საცხოვრებელი ფართის დაკონკრეტება მოხდებოდა სახლის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ.

ითხოვდნენ მცხეთის რაიონის გამგეობის დავალდებულებას, სანიტარული ნორმების გათვალისწინებით 3-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების ან სამოთახიანი ბინის ღირებულების, 14000 ლარის, დაკისრებას, ასევე. მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10000 ლარის დაკისრებას.

სასამართლოს ანალოგიური სარჩელით მიმართა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა 1-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების ან შესაბამისი კომპენსაციის, 2000 ლარის, დაკისრება მცხეთის რაიონის გამგეობისათვის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განჩინებით გაერთიანდა სასამართლოს წარმოებაში არსებული ე-ებისა და ნ. გ-ის სარჩელი. მცხეთის რაიონის გამგეობასთან ერთად თანამოპასუხედ ჩართულ იქნა ქ. მცხეთის გამგეობა, ასევე, საქმეზე მესამე პირებად ჩართულ იქნენ მცხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სამმართველო და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის განყოფილება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის, მ., ა., არ. და რ. ე-ების სარჩელი და მცხეთის რაიონის გამგეობას და ქ. მცხეთის გამგეობას ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის, ხოლო ე-ების სასარგებლოდ 14000 ლარის გადახდა. მოსარჩელეებს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მცხეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცხეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა მ., ა., რ. და არ. ე-ების სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. გ-ის გარდაცვალების გამო, სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, მის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა მ. ე-ი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვისას გარკვეული არ ყოფილა, თუ რის საფუძველზე იქნენ მიჩნეული მოვალეებად მცხეთის რაიონის გამგეობა და ქ. მცხეთის გამგეობა, ხელშეკრულებიდან თუ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერც მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986წ. 24 სექტემბრის ¹231 გადაწყვეტილება და ვერც საგარანტიო ვალდებულებები ვერ დაედებოდა საფუძვლად მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ვინაიდან 1986წ. 24 სექტემბრის რაისაბჭოს აღმასკომის ¹231 გადაწყვეტილებაში მითითებული ტერიტორია ეხებოდა სხვა მიწის ნაკვეთს, ხოლო საგარანტიო წერილები, რომლებზეც მოსარჩელეები ამყარებდნენ მოთხოვნას, ხელმოწერილი იყო სხვა პირების მიერ, კერძოდ, ე-ების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი ხელმოწერილი იყო ნ. გ-ისა და მცხეთის აღმასკომის თავმჯდომარის მიერ, ხოლო საგარანტიო ვალდებულება, რომელზეც მ. ე-ი, როგორც ნ. გ-ის უფლებამონაცვლე, ამყარებდა მოთხოვნას, ხელმოწერილი იყო გ. ვ-ისა და მცხეთის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საგარანტიო წერილებით არ დასტურდებოდა მხარეთა ნების ნამდვილობა და შესაბამისად, ვერ წარმოშობდა მხარეთა შორის უფლებებსა და ვალდებულებებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ., რ. და არ. ე-ებმა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ., არ. და რ. ე-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებენ სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევებზე, ასევე, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევისა და გადაწყვეტილების იურიდიულად არასრულად დაუსაბუთებლობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და სათანადო შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე დატოვა საქმის მასალები. პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არც საგარანტიო ვალდებულებები და არც მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986წ. 24 სექტემბრის ¹231 გადაწყვეტილება ვერ დაედებოდა საფუძვლად მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან საგარანტიო ვალდებულება, რომელზეც ე-ები ამყარებდნენ მოთხოვნას სამოთახიანი ბინის ღირებულების ანაზღაურების შესახებ, ხელმოწერილი იყო მცხეთის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარისა და ნ. გ-ის მიერ, ხოლო საგარანტიო ვალდებულება, რომელზეც მ. ე-ი, როგორც ნ. გ-ის უფლებამონაცვლე, ამყარებდა მოთხოვნას, ხელმოწერილი იყო გ. ვ-ის მიერ და მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მხარეთა ნების გამოვლენა. სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ თავდაპირველი მოსარჩელეები წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, კერძოდ, გ. ვ-ი და ნ. გ-ი წარმოადგენდნენ რეგისტრირებულ მეუღლეებს, ხოლო მ. ე-ი – მათი ქალიშვილია. ამ უკანასკნელის მეუღლე იყო ა. ე-ი, არ. და ა. ე-ები კი მათი შვილები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საგარანტიო ვალდებულებებით დასტურდება მხარეთა ნების ნამდვილობა, რადგან დოკუმენტებზე ხელის მომწერი პირები ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ და მცხეთის რაიონულმა აღმასკომმა ვალდებულება იკისრა არა ოჯახის ერთი წევრის, არამედ მთელი ოჯახის მიმართ, რომელთაც ერთობლივად უნდა გაენთავისუფლებინათ ფართი 30- ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ “საგარანტიო ვალდებულება” ორივე მხარეს აკისრებდა გარკვეულ ვალდებულებებს და ეს ვალდებულებები შესრულებული იყო მოსარჩელის მიერ – მათ გაათავისუფლეს დაკავებული ფართი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.

სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია საქმის მასალებში არსებულ ქ. მცხეთის გამგეობის 1998წ. 30 ოქტომბრის ¹120 დადგენილებისათვის, რომლითაც გამგეობამ კიდევ ერთხელ აღიარა მოსარჩელეთათვის ბინის დანგრევის ფაქტი და დაადასტურა თავისი ვალდებულება საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ. “საგარანტიო ვალდებულებით” ნაკისრი ვალდებულება აღიარებულია ქ. მცხეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მიერაც საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მცხეთა-მთიანეთის მხარეში მიწერილობით.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან სკ-ის 316-317-ე მუხლების საფუძველზე ე-ები უფლებამოსილი არიან, მოსთხოვონ მოვალეს ვალდებულების შესრულება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ., რ. და არ. ე-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.