Facebook Twitter

№ას-230-222-2013 22 აპრილი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „პ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ას“ სარჩელი მოპასუხე სს „პ-ის“ მიმართ პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „პ-ს“ შპს „მ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 17993.20 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „პ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული ხელწერილით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სს „პ-ის“ წარმომადგენელმა ი. ჟ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 8 იანვარს. საქმეში წარდგენილი რწმუნებულების მიხედვით, წარმომადგენელს მიენიჭა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს (წარმომადგენელს) უფლება აქვს გადაწყვეტილების ასლი რამდენჯერმე ჩაიბაროს, თუმცა გასაჩივრების ვადის დენა უკავშირდება მის პირველ ჩაბარებას და გადაწყვეტილების ასლის განმეორებით ჩაბარების შემთხვევაში გასაჩივრების ვადის დენა თავიდან არ იწყება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 9 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 22 იანვარს. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2013 წლის 30 იანვარს, ე.ი. დადგენილი ვადის დარვევით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. მოცემული დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესით.

დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „პ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დარღვეულა, ხოლო ასეთის შემთხვევაშიც, აპელანტს გაცდენილი ვადა უნდა აღუდგეს. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2012 წლის 24 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა აითვლება მისი გამოტანიდან 30-ე დღეს. კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 23 იანვრიდან, ხოლო საჩივარი წარდგენილ იქნა 30 იანვარს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აპელანტის მიერ დაცულია. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას გადაწყვეტილების აპელანტის მიერ 8 იანვარს ჩაბარების თაობაზე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილზე ადრე მისი ჩაბარების შემთხვევაში, ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2013 წლის 18 იანვრიდან – მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დროიდან. აღნიშნული თარიღიდან 14-დღიანი ვადის ათვლის შემთხვევაში, საპროცესო ვადა არ არის დარღვეული.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საპროცესო ვადის დარღვევის შესახებ. ამასთან, თუკი საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი მაინც დადგინდება, ვადის გადაცდენა იმდენად უმნიშვნელო და არაარსებითია, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ ვადის აღდგენაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელი ი. ჟ-ი (ს.ფ. 178-182). საქმის მასალებითვე დგინდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ი. ჟ-ს სათანადო წესით მინიჭებული ჰქონდა სს „პ-ის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით (ს.ფ. 172). მოპასუხის წარმომადგენელი, 2013 წლის 8 იანვარს, გამოცხადდა სასამართლოში და ჩაიბარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 190). მართალია, მოპასუხის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ასლი განმეორებითაც ჩაიბარა 2013 წლის 17 იანვარს, მაგრამ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეს (წარმომადგენელს) უფლება აქვს გადაწყვეტილების ასლი რამდენჯერმე ჩაიბაროს, თუმცა გასაჩივრების ვადის დენა უკავშირდება მის პირველ ჩაბარებას და გადაწყვეტილების ასლის განმეორებით ჩაბარების შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის დენა თავიდან არ დაიწყება. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების ასლის მოპასუხის წარმომადგენლისათვის პირველად ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2013 წლის 9 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 22 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 30 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 193-201).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის ათვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, თუ უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, არ გამოცხადდება სასამართლოში. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ უკრძალავს მხარეს ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ ვადაზე ადრეც, თუ სასამართლოს მომზადებული ექნება დასაბუთებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან და არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია ასევე საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონით დადგენილ ვადაზე ადრე დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამავე გადაწყვეტილების ასლის 20-დან 30 დღემდე ვადაში განმეორებით ჩაბარების მომენტიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიმართვის აკრძალვა 20 დღემდე ვადით, კანონმდებელმა დააწესა იმ მიზნით, რომ სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა (გონივრული ვადა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაზე ადრე მოამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და მას ჩააბარებს მხარეს, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „პ-ის“ მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. სს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე