Facebook Twitter

საქმე №ას-243-233-2013 8 აპრილი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის მიმართ, ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 8500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. მ-ს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. მ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 340 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა, მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და აღნიშნა, რომ მატერიალურად გაჭირვებულია, მუშაობს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრში, მისი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, ჰყავს ინვალიდი დედა, რომელიც იმავდროულად რეპრესიის მსხვერპლია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. აპელანტმა წარადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 29 იანვარს გაცემული ცნობა, რომ მ. მ-ი მუშაობს სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრში, სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 500 ლარს, ასევე წარადგინა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ს. ი. ასული კ-ე, ნ. ს. ასული კ-ე და დ. ს. ასული კ-ე აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. ასევე წარდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 15 მაისის საარქივო ცნობა ს. ნ.ს ძე კ-ის და მისი ოჯახის წევრების გადასახლების შესახებ და ცნობა ნ. ს. ასული კ-ის შესაძლებლობის მკვეთრად შეზღუდვის შესახებ, მ. და ნ. მ-ის პირადობის მოწმობებისა და ნ.კ-ის დ. მ-ან დაქორწინების მოწმობის ასლები. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე მითითებით განმარტა შემდეგი: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისაგან განთავისუფლებას. აპელანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. მ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 500 ლარი და მისი ოჯახის წევრი ინვალიდი და რეპრესიის მსხვერპლი იყო, მაგრამ ჩათვალა, რომ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდებოდა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, რადგან, სასამართლოს მოსაზრებით, შესაძლებელია, მას ანგარიშები ჰქონდეს ბანკებში, გააჩნდეს საკუთრებაში სხვა ქონება (მოძრავი ნივთები, უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების მიმართებით. პალატის განმარტებით, უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილი შუამდგომლობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე და განმარტა მხარის ვალდებულება, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმ.სად მიიჩნია, არასწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტის ხელზე ასაღები ხელფასი შედგენდა 400 ლარს, ჰყავს ინვალიდი დედა, რომელიც ამავდროულად რეპრესიების მსხვერპლია, შესაბამისად, დასტურდება მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და ისიც, რომ აპელანტი სახელმწიფო ბაჟს ვერ გადაიხდიდა, ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ-ს, შესაძლოა, ბანკში ჰქონდეს ანგარიშები გახსნილი ან გააჩნდეს სხვა ქონება. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აპელანტს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 340 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

ამავე განჩინებით საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 10 დღით და ნათლად განემარტა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები.

საქმის მასალებით დადასტურებულ ამ გარემოებებს მ.მ-ი სადავოდ წინამდებარე კერძო საჩივრით არ ხდის, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის კონტექსტში შეფასება და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

უდავოა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებისა თუ მისი გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა აპელანტს სააპელაციო საჩივრით არ დაუყენებია, შუამდგომლობის გრაფაში მან მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე მიუთითა.

დავას არ იწვევს ის გარემოებაც, რომ ხარვეზის გამოსწორებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით აპელანტმა სასამართლოში წარადგინა შემდეგი მტკიცებულებები: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 29 იანვარს გაცემული ცნობა, რომ მ. მ-ი მუშაობს სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრში, სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 500 ლარს; ბ) ბორჯომის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ს. ი. ასული კ-ე, ნ. ს. ასული კ-ე და დ. ს. ასული კ-ე აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 15 მაისის საარქივო ცნობა ს. ნ. ძე კ-ის და მისი ოჯახის წევრების გადასახლების შესახებ; დ) ცნობა ნ. ს. ასული კ-ის შესაძლებლობის მკვეთრად შეზღუდვის შესახებ; ე) მ. და ნ. მ-ის პირადობის მოწმობების ასლები; ვ) ნ.კ-ის დ. მ-ან დაქორწინების მოწმობის ასლი.

აღნიშნული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის კონტექსტში შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მხოლოდ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნები. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მ.მ-ის ხელფასი 500 ლარით განისაზღვრება და სააპელაციო პალატამ სწორედ ამგვარად დაადგინა ეს გარემოება და არა ისე, როგორც ეს კერძო საჩივარშია მითითებული, ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარე მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ამყარებს იმას, რომ მას მცირე შემოსავალი აქვს, მ.მ-ის დედა რეპრესიების მსხვერპალადაა აღიარებული და განსაზღვრული აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხი, მას მეტად სარწმუნო მტკიცებულებები ქონებრივი მდგომაროების თაობაზე სასამართლოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობაზე დართული მასალები საკმ.სს არ წარმოადგენს, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებები პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის მიღებისა თუ ქონებრივი აქტივის ქონის შესაძლებლობის ფაქტს არ გამორიცხავს (როგორც სააპელაციო პალატამ სამართლიანად აღნიშნა, საქმეში არ არის წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების არარსებობისა თუ მათზე თანხის არარსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე მტკიცებულება, რომ მხარეს სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, ქონებრივი აქტივები და სხვა სიკეთე არ გააჩნია), შესაბამისად, მხოლოდ მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები მ. მ-ის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას არ განსაზღვრავდა, მას კი ამ კუთხით მეტად სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.

თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა(see Kreuz, cited above, §§ 58 and 60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, § 36) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად უთხრა უარი აპელანტს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლო, იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, სააპელაციო საჩივარი განუხილველად კი არ უნდა დაეტოვებინა, მხარისათვის უნდა განესაზღვრა დამატებითი ვადა და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში დაეტოვებინა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან აშკარაა, რომ კანონმდებელმა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაადგინა საპროცესო კოდექსის ზოგადი დებულებებისაგან (64-ე მუხლი) განსხვავებული წესი, რაც გამორიცხავს სასამართლოს აქტიურ როლს საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუკი ამის თაობაზე არ არის მხარის ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოტივირებული შუამდგომლობა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დადგენილი საპროცესო მოქმედება (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) არ იყო შესრულებული და სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით გაგეგრძელებინა მხარისათვის საპროცესო ვადა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე