Facebook Twitter

Nას-267-254-2013 18 აპრილი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი. ს-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ. ა-ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჯ. ა-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ი. ს-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 32694,2 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ი. ს-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33743,45 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ი. ს-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „ი. ს-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2013 წლის 21 იანვარს ჩაიბარა, შესაბამისად, გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა 22 იანვრიდან დაიწყო და 2013 წლის 4 თებერვალს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, შეტანილია 5 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ი. ს-ის“ წარმომადგენელმა ი. ჟ-მა კერძო საჩივარი შეიტანა. მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 27 დეკემბერსაა გამოტანილი. სადავო არაა ის გარემოება, რომ გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 22 იანვრიდან, ხოლო საჩივარი წარდგენილია 5 თებერვალს, ანუ, კანონით განსაზღვრული ვადის მომდევნო დღეს, შესაბამისად, მხარემ ცალსახად დაადასტურა, რომ აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილი და ნება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე უსაფუძვლოა, ხოლო თუ მაინც დადგინდება ვადის დარღვევა, ეს დარღვევა იმდენად უმნიშვნელო და არაარსებითია, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი. ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სააპელაციო საჩივარი განუხილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გაშვების გამო დარჩა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს ვადის გაშვების ფაქტს, კერძოდ, საჩივარში მითითებულია: „სადავო არ არის, რომ გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 22 იანვრიდან, ხოლო საჩივარი წარდგენილია 05 თებერვალს, ანუ, კანონით განსაზღვრული ვადის მომდევნო დღეს, შესაბამისად, მხარემ ცალსახად დაადასტურა, რომ აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილი და ნება (ტ. მე-2, ს.ფ. 12).“

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტმა დაადასტურა გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილი, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, გარდა ამისა, ვადის გადაცილება იმდენად უმნიშვნელოა, რომ სასამართლომ მხარეს გაშვებული საპროცესო ვადა უნდა აღუდგინოს.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.

იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არ არსებობს კანონის პირდაპირი აკრძალვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი კი, იმპერატიულად კრძალავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზითაა განპირობებული თუ არა. მხედველობაში არც ის გარემოება მიიღება, აპელანტმა რამდენი დღით გადააცილა კანონით დადგენილ ვადას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ი. ს-ის“ კერძო საჩივარი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-, 65-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი. ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე