Facebook Twitter

№ას-269-257-2013 22 აპრილი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „პ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ა.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ა-ის“ სარჩელი მოპასუხე სს „პ-ის“ მიმართ პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „პ-ს“ შპს „ჯ. ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 38478.65 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „პ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სს „პ-ის“ წარმომადგენელმა ი. ჟ-მა (რომელიც ესწრებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 17 იანვარს, ე.ი. კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2013 წლის 16 იანვრიდან – გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამოიწურა 2013 წლის 29 იანვარს, რომელიც არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. საქმეში წარდგენილი სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ სს „პ-ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 30 იანვარს, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. ზემომითითებული მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „პ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დარღვეულა, ხოლო ასეთის შემთხვევაშიც, აპელანტს გაცდენილი ვადა უნდა აღუდგეს. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2012 წლის 17 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა აითვლება მისი გამოტანიდან 30-ე დღეს. კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო საჩივარი წარდგენილ იქნა 30 იანვარს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აპელანტის მიერ დაცულია. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საპროცესო ვადის დარღვევის შესახებ. ამასთან, თუკი საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი მაინც დადგინდება, ვადის გადაცდენა იმდენად უმნიშვნელო და არაარსებითია, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ ვადის აღდგენაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე სს „პ-ის“ წარმომადგენელი ი. ჟ-ი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი, მათ შორის, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 43-44, 89-95). ასეთ შემთხვევაში მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მას გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2013 წლის 16 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს. სს „პ-ის“ წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა ერთი დღის დაგვიანებით, 2013 წლის 17 იანვარს (ს.ფ. 102). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2013 წლის 16 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 29 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 30 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 103-111).

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „პ-ის“ მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. სს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე