Facebook Twitter

№ას-29-27-2013 4 აპრილი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. ს. მ-ა“

მესამე პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „კ. ს. მ-ის“ სარჩელი მოპასუხეების - ვ. (ო.) ა-ის, მ. კ-ის, ნ. ჯ-ის, მ. ფ-ას, ვ. ჩ-ას, ნ. ჩ-ას მიმართ:

2. დადგინდა ე-ოს ქ. №11-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვა მოპასუხეების - ვ. (ო. ა-ის, მ. კ-ის, ნ. ჯ-ის, მ.ფ-ას, ვ. ჩ-ას, ნ. ჩ-ას უკანონო მფლობელობიდან და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა;

3. სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების - ზ. დ-ას, შ. ჟ-ას, უ. დ-ას, ნ. ბ-ას, ნ. დ-ას, ბ. დ-ას, ე. დ-ას, ლ. დ-ას მიმართ ე-ოს ქ.№11-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 363-367).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. (ო.) ა-მა, მ..კ-ემ, ნ. ჯ-ემ, მ. ფ-ამ, ვ. და ნ. ჩ-მა, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 413-423).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, განჩინებით დადგინდა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში თითოეული აპელანტის: ვ. აის, მ. კ-ის, ნ. ჯ-ის, მ. ფ-ას, ვ. ჩ-ას, ნ. ჩ-ას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 160-160 ლარის გადახდა, სოლიდარულად უკვე გადახდილი 160 ლარის გამოკლებით (ტომი 2, ს.ფ. 3-5).

აპელანტებმა: ვ. ა-ა, მ. ფ-ამ და ნ. ჩ-ამ სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება. მათ განცხადებას თან დაურთეს მ. ფ-სა და ნ. ჩ-ას სახელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები. ამასთან, განმცხადებლებმა განმარტეს, რომ მანამდე წარდგენილი ქვითრით ბაჟის გადახდილ იქნა ვ. -ის სახელზე. რაც შეეხებოდა აპელანტ ვ. ჩ-ას, განმცხადებლების მითითებით, იგი გარდაიცვალა 2012 წლის 4 თებერვალს (ტომი 2, ს.ფ. 51-56).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის და ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული აპელანტების - ვ. ა-ის, მ. ფ-ას, ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა – 2012 წლის 29 მარტს, ხოლო 2012 წლის 2 მარტის განჩინებით ვ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2012 წლის 29 მარტის განჩინებით ვ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარზე ჯერ განახლდა, ხოლო, შემდეგ შეწყდა საქმის წარმოება (571-58, 72-73, 112-114).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით ვ.ა-ის, მ. ფ-სა და ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის გამო.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-ამ, რომელემაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის განჩინებით აპელანტ ვ. ჩ-ას გარდაცვალების გამო საქმის განხილვა გადაიდო ერთი წლით უფლებამონაცვლის დადგენამდე. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქმის განხილვა გადადებული იყო ერთი წლის ვადით, 2012 წლის 29 მარტს სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა მისი სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის მთავარ სხდომაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო უწყება, 2012 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე, მას პირადად ჩაბარდა ამავე წლის 1 მარტს. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის განჩინებით, აპელანტ ვ. ჩ-ას გარდაცვალების გამო, საქმის განხილვა გადადებული იყო ერთი წლის ვადით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი 2012 წლის 29 მარტს განეხილა მისი სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული აპელანტების - ვ.ა-ის, მ. ფ-სა და ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა – 2012 წლის 29 მარტს, 15-00 საათზე, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ეცნობა აპელანტ ნ. ჩ-ას (ტომი 2, ს.ფ. 574-58, 85). დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ვ.ჩ-ას სააპელაციო საჩივარზე (ტომი 2, ს.ფ. 72-73), რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერებას, ასეთი რამ მითითებულ განჩინებაში არ იკითხება, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო საქმის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამიტომ, ვახტანგ არღვლიანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე