Facebook Twitter

საქმე №ას-333-317-2013 18 აპრილი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ყ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე, საქმეზე, ო. ტ-სა და ე. მ-ას სარჩელის გამო, ა. ყ-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ა. ყ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით, ა. ყ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოდგენა, სადაც კონკრეტულად იქნებოდა მითითებული ის გარემოებები, რის გამოც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საჩივარში ის უთითებდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების უსწორობებზე, რაც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ გახდებოდა.

2013 წლის 8 აპრილს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ყ-მა და იშუამდგომლა ხარვეზის შევსებულად მიჩნევისა და კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე. წარმოდგენილი განცხადებით ა.ყ-ი მსჯელობს ისევ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განმცხადებელი ასაბუთებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების საფუძვლიანობას და არა სააპელაციო სასამართლოს განჩინების არამართლზომიერებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ობიექტი მოცემულ შემთხვევაში არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინება, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების განახლებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდნარე, ნათელია რომ საკასაციო სასამრთლო შეზღუდულია გადაწყვეტილების შემოწმებისას და უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ მხარის იმ ახსა-განმარტებებზე და შეამოწმოს მხოლოდ ის საპროცესო დარღვევები რაც მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებებში ან მხარე უთითებს საკასაციო საჩივარში. ამდენად, მხარის დასაბუთებულ საჩივარს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, სწორედ აქედან გამომდინარეობდა საკასაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ა. ყ-მა არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და არ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს იმ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლებელია გამხდარიყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის განსახილველად მიღების საფუძველი და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ყ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე