№ას-416-394-2013 25 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ფ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სოლიდარულ მოვალედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ო-ი ცნობილ იქნა ზ. ო-თან ერთად სოლიდარულ მოვალედ კ. ფ-ის სასარგებლოდ 18122 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებაში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა მ. ო-ის უძრავ ქონებაზე მდებარე – ქ...., მე-19 მ/რ, №12პ, ბინა 60, საკადასტრო კოდი №..., დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე. სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინებაზე აღნიშნული იყო, რომ მ. ო-ის რძალმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე და აღნიშნა, რომ აპელანტი ცხოვრობს ....
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების ასლი გაუგზავნა მ. ო-ს მისთვის ცნობილ უკანასკნელ და ამავე დროს აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე, შესაბამისად იგი ითვლება ჩაბარებულად 2013 წლის 23 იანვარს (ს.ფ.162). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 24 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 4 თებერვალს, ხოლო კერძო საჩივარი მ. ო-მა შეიტანა 2013 წლის 3 აპრილს (ს.ფ.184-189), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ო-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ო-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია