Facebook Twitter

ბს-584-552(კ-კს-06) 6 ოქტომბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.06წ. განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

02.07.04წ. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარმა არქმშენინსპექციამ ამხანაგობა «... 2002-ის» მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შეჩერება და დარღვევის გამოსწორება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისში გ-ს და მ-ის ქუჩების გადაკვეთაზე მოპასუხის დაკვეთით შენდებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის განცხადებით, მშენებლობა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 15.03.02წ. ¹20/224 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა. მთავარი არქმშენინსპექციის სპეციალისტების მიერ 06.05.04წ. შედგა ოქმი. 14.05.04წ. ¹მი-126/12 შეტყობინებით დამკვეთს ეთხოვა მშენებლობის შეჩერება და 10 დღის ვადაში აღნიშნული დარღვევის გამოსწორება. მიუხედავად აღნიშნულისა ამხანაგობა «... 2002-ს» დარღვევა არ გამოუსწორებია.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.07.04წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ამხანაგობა «... 2002-ს» დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა გ-ს ქუჩა ¹2-სა და მ-ის ქ. ¹31-ის გადაკვეთაზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.09.04წ. საოქმო განჩინებით მოცემული საქმისწარმოება შეჩერდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე(მოსარჩელე ნ. ხ-ე, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური, მესამე პირი ამხანაგობა «... 2002»).

14.01.05წ. ამხანაგობა «... 2002-ის» თავმჯდომარემ საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ხ-ე (ს.ფ. 23).

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.02.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ამხანაგობა «... 2002-ს» შეთანხმებული პროექტის გაუთვალისწინებლად დაშვებული დარღვევების გამოსწორება დაევალა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.02.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.06წ. განჩინებით მესამე პირის ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-მ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.02.05წ. გადაწყვეტილების ასლი მას 31.01.06წ. ჩაჰბარდა და სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ გასაჩივრების ერთ თვიან ვადაში, 27.02.06წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რის გამო მისი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად უნდა ჩაითვალოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მისი არამარტო როგორც 16.1 მუხლით საქმეში ჩაბმული მესამე პირის, არამედ როგორც შექმნილი მდგომარეობით დაზარალებულის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.06წ. განჩინებით ნ. ხ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღინიშნა, რომ ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა კანონით დადგენილ ვადაში. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ დავაში ნ. ხ-ე მესამე პირად ჩაბმული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, რის გამო, ამავე კოდექსის 16.5 მუხლის თანახმად, მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და ნ. ხ-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის(მოპასუხის) ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ე განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე(ს.ფ. 23). ამდენად, იგი არ სარგებლობს მხარის უფელბებით, კერძოდ, მას არ გააჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება და სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნული საფუძვლით მართებულად იქნა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებული.

კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ნ. ხ-ის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილი იქნა რაიონული სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებაში აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცვით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადას და საამისოდ არაუფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა მისი დასაშვებად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო პალატა თვლის, რომ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.06წ. განჩინება ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.05წ. განჩინება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.