Facebook Twitter

№ას-94-89-2013 2 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - დ. მ-ი, ლ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართეს დ. მ-მა და ლ. კ-მა მოპასუხე ზ. რ-ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2008 წლის გაზაფხულზე დ. მ-მა და ლ. კ-მა გონიოში საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, ზ. რ-ს გადასცეს 900 000 აშშ დოლარი. პროექტის ფარგლებში უნდა აშენებულიყო კომპლექსი, ხოლო ინვესტორებს უნდა მიეღოთ ბინების გაყიდვით მიღებული შემოსავალი. თანხის გადაცემის გარდა, ინვესტორები აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტის სარეკლამო კამპანიაში. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსარჩელეებს უნდა მიეღოთ სარგებელი. საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს დაეკისროს მოპასუხე ზ. რ-ს მათ სასარგებლოდ 900 000 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. მ-სა და ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. რ-ს მოსარჩელეების დ. მ-სა და ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 900 000 აშშ დოლარის გადახდა. 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. რ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. რ-მა და მოითხოვა მათი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. რ-ის წარმომადგენელმა ქ. უ-მა მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სააპელაციო საჩივრით აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რითაც ფაქტობრივად არ მისცა საშუალება აღედგინათ დარღვეული უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, აპელანტის სამუშაო ადგილის მიხედვით და ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ა. გ-ას 2012 წლის 5 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 15-დღიანი ვადის დაიწყო 2012 წლის 6 დეკემბერს და მოიწურა 2012 წლის 20 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სააპელაციო საჩივრით აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რითაც ფაქტობრივად არ მისცა საშუალება აღედგინა დარღვეული უფლებები.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რაც სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე