საქმე №ა-1088-ა-3-2013 22 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ე. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – აქციათა გამოსყიდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ფ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ საზოგადოებაში მისი კუთვნილი აქციების შეფასებისა და გამოსყიდვის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ე. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადის დარღვევის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული ე.ფ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ფ-ას წარმომადგენელმა პ.კ-ემ, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია საკასაციო საჩივრის 1 დღის დაგვიანებით წარდგენა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა. განმცხადებლის განმარტებით, ზოგადი წესის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღეში, ამავდროულად მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30 დღეში ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ადგენს გადაწყვეტილების ჩაბარების ფიქციას, რის გამოც საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ისევე, როგორც ეს მოხდებოდა ვადის უკანასკნელ დღეს - 30-ე დღეს გადაწყვეტილების ჩაბარების შემთხვევაში. უდავოა, რომ სააპელაციო პალატამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2012 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა, მითითებული თარიღიდან 30-ე დღე 2013 წლის 23 იანვარი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის წარდგენის პირველ დღედ 2013 წლის 24 იანვარი მიიჩნევა, ხოლო 21-ე დღედ - 2013 წლის 13 და არა 12 თებერვალი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენის ფაქტს ადასტურებს. ზემოაღნიშნული გარემოებები მხარემ საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად მიიჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ე. ფ-ას განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ე. ფ-ას განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია და განმცხადებელი სადავოდ არ ხდის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა წინამდებარე საქმეზე მიღებული შემაჯამებელი აქტის - განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდნენ ე. ფ-ას წარმომადგენლები: პ.კ-ე (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.128) და პ. ლ-ე (იხ. რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.339-341).
უდავოა, რომ ე. ფ-ას ან ამ უკანასკნელის სახელით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარების თხოვნით, აპელანტის წარმომადგენლებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2013 წლის 13 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 23 იანვარი.
საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ირკვევა და განმცხადებელი სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2013 წლის 13 თებერვალს (საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით არ არის გაგზავნილი).
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ე. ფ-ა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაუბარებლობის გამო, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაუკავშირა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2013 წლის 23 იანვარს და ჩათვალა, რომ ამავე კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 12 თებერვალს, ხოლო, ვინაიდან საკასაციო საჩივარი წარდგენილი იყო 2013 წლის 13 თებერვალს, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით წარმოებაში მიღების წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებად (სსსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) მიიჩნევს განჩინებაში ასახულ სამართლის ნორმის განმარტებას, კერძოდ, განმცხადებლის მოსაზრებით, მხარის მიერ გადაწყვეტილების მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს ჩაბარებისა თუ მისი ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იწყება მომდევნო დღიდან (31-ე დღიდან). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, მათ შორის ვერც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში და განმარტავს შემდეგს:
მართალია, დადგენილი ვადის დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემთხვევასთან მიმართებაში გასაჩივრების ვადის დენის დაწყების განმსაზღვრელი სპეციალური ნორმა მოქმედ საპროცესო კანონმდებლობაში არ მოიპოვება, რის გამოც, ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეში არსებობა, თუ ეს ჩაბარება განხორციელებლულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, განაპირობებს გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შემოღებით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ნორმის დანაწესი, დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩაუბარებლობასთან მიმართებით, წარმოადგენს სპეციალურს, რომელიც გასაჩივრების ვადის დენას გარკვევით უკავშირებს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. განმცხადებლის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ვადის დენა ზოგადი წესის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან იწყება, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი წარმოადგენს საპროცესო ვადის გამოთვლის საკითხის მარეგულირებელ ზოგად ნორმას. აღნიშნულზე მეტყველებს თავად კანონმდებლის პოზიცია, კანონის ამ დანაწესის კოდექსის VII თავში (ზოგად ნაწილში) მოთავსების გამო, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლითაც იმპერატიულადაა დადგენილი, რომ მხარის მიერ გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის ვადის დასაწყისს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე წარმოადგენს და არა ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღე, როგორც ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილითაა განსაზღვრული. საყურადღებოა, რომ კანონის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მყარ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-207-200-2013, 18 მარტი, 2013 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ფ-ას მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის რომელიმე დანაწესით გათვალისწინებულ საფუძველს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით სავსებით მართებულად იქნა შეფასებული საკასაციო საჩივრის 2013 წლის 13 თებერვალს შეტანა საპროცესო ვადის დარღვევად და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ფ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. განცხადების გამო სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე