№ა-1154-ა-4-2013 5 აპრილი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. კ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე თ. ჟ-ის სარჩელისა გამო ტ. კ-ის წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას.
როგორც განცხადებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად, რის შედეგადაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება თ. ჟ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. განმცხადებელი ითხოვს როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება,
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელია განსჯადი სასამართლო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოთხოვნა ეხება როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ზემდგომმა სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმებული ნაწილის მიმართ თვითონ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ზემდგომ სასამართლოში, რომელიც თვითონ განიხილავს საკითხს მთლიანად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების შესახებ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაგანსჯადი სასამართლოა და, შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი, განიხილოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე ტ. კ-ის განცხადება, აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ამასთან, განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ იგი უფლებამოსილია, იმავე მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართოს.
განმცხადებელი ასევე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ტ. კ-ის განცხადებას საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსახილველად არ იღებს, იგი ვერც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელებს.
ტ. კ-ის განცხადებას თან ერთვის სახელწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ვინაიდან ტ. კ-ის განცხადება განუხილველად დარჩა, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს აღნიშნულ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 425-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განმცხადებელს განემარტოს, რომ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე განსჯადი სასამართლოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა;
3. ტ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სახელწმიფო ბაჟის სახით 01.04.13 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი, 01.04.13 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი, 01.04.13 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი, 01.04.13 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი, სულ 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი