№ა-1078-გან-3-2013 10 აპრილი, 2013 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებლი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის Nას-662-895-04 განჩინების განმარტების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-მა სარჩელი აღძრა მ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ჩუქების ხელშკრულების გაუქმება, ბ. გ-ის სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა, გაჩუქებული ოროთახიანი ბინის 1/2-ზე თანამესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა ბ. გ-ან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და ბ.გ-ის გარდაცვალების შემდეგ რწმუნებული გ.ო-ი არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა ქონების გასხვისება. მ. მ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბ.გ-სა და მ.დ-ს შორის ქორწინების ბათილად ცნობა, მცირეწლოვან ბ.გ-ზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა და ბინიდან გამოსახლება.
აღნიშნული საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1. ქ. ბათუმში, ე-ას ქ. №54\62 ბ 201-ში მდებარე ბინა 62,2 კვ.მ მიეკუთვნოს ბ.გ-ის მცირეწლოვან მემკვიდრეს - ბ. გ-ეს;
2. ქ. ბათუმში, ჭ-ის ქ. №8-10-ში მდებარე ბინა, ქობულეთის რაიონის სოფელ ხ-ი მდებარე მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი მთლიანად, ბათუმში, გ-ის ქ. №32 ბ. №16-ში არსებული ბინა, ავტომანქანა გაზ-24 მიეკუთვნოს მ. მ-ეს და ნ. გ-ეს, ასევე არასრულწლოვან ე.და მ. გ-ს;
3. აწ გარდაცვლილი ბ. გ-ის კუთვნილი წილებიდან შპს „ბასკოში“, შპს „აკვასერვისში“, შპს „ორიონ მერიტინ ეიჯინსში“ მცირეწლოვანი ბ. გ-ე წილის საკონპენსაციოდ მემკვიდრეებისაგან იღებს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს.
2013 წლის 25 მარტს მ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 აბზაცის განმარტების მოთხოვნით მომართა. მხარე ითხოვს განიმარტოს, ნიშნავს თუ არა ბ.ბ. ძე გ-ის წილის საკომპენსაციოდ თანხის გადახდა აღნიშნულ წილზე დანარჩენი მემკვიდრეების მესაკუთრედ აღიარებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს Nბ13023376/3 და Nბ13023382/3 გადაწყვეტილებებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ნ. გ-ეს შპს „აკვასერვისისა“ და შპს „ორიონ მერიტამ ეიჯინსის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შესატანად დაევალა კანონით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რადგანაც განმცხადებელს არ წარუდგენია რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა მონაცემი, ასევე არ ირკვეოდა, ვის გადაეცა გარდაცვლილი პარტნიორის - ბ. გ-ის კუთვნილი წილები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ არის, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტიდან ნათლად ირკვევა, რომ მორიგების აქტში დასახელებული ბ. გ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები კისრულობენ ვალდებულებას კონკრეტულ საწარმოებში გარდაცვლილის წილის სანაცვლოდ კომპენსაცია გადაუხადონ მცირეწლოვან ბ. გ-ეს, ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, აღნიშნული წილები მათ საკუთრებაში გადადის.
გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები განჩინების აღსრულების შეუძლებლობას არ ადასტურებს, რაც შეეხება მხარის მოთხოვნას, რომ ჩამოითვალოს, კონკრეტულად რომელ მემკვიდრეებს გადაეცათ ბ. გ-ის კუთვნილ წილებზე საკუთრების უფლება, ამგვარი მითითება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს სცილდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი არ არსებობს და მ. მ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის Nას-662-895-04 განჩინების მე-4 აბზაცის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე