საქმე №ა-62-ბ-1-2013 8 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ვ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. ი. ე. დ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და კერძო საჩივრის გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ. ი. ე. დ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ბ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის - 193870 ლარისა და 3000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „კ. ი. ე. დ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 193870 ლარი და 3000 აშშ დოლარი, ასევე განაწილდა სასამართლო ხარჯები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ვ. ბ-ის წარმომადგენელ ს. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. ვ. ბ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სს „ბანკი რესპუბლიკას“ მეშვეობით 2012 წლის 23 აგვისტოს საგადახდო დავალება №401-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის ნახევარი - 2500 ლარი, განემარტა აპელანტს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, მას ერთმეოდა უფლება, კვლავ გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ბ-მა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველად იქნა დატოვებული.
ვ. ბ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა, ასევე მისი კერძო საჩივრის განხილვა, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
განმცხადებელი არ დაეთანხმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინების მსჯელობას კერძო საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გამოცხადებას არ დასწრებია არც ვ.ბ-ის და არც მისი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. აღნიშნული დადასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხდომის აუდიოჩანაწერით, ამასთანავე, ეს გარემოება ზეპირად დაადასტურეს მხარეთა წარმომადგენლებმა, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებითვე დასტურდება, რომ სასამართლო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ვ.ბ-ი, დაიწყო 14:22 საათზე და დასრულდა 3 წუთში, 14:25 საათზე. დროის ამ მონაკვეთში სასამართლო არა თუ განჩინების გამოცხადებას, მხარეთა ვინაობის დადგენასაც ვერ მოახერხებდა. სხდომის ოქმში არაა ასახული ის გარემოება, რომ ამ სხდომაზე გამოცხადებული იყო მოწინააღმდეგე მხარის შპს „კ. ი. ე. დ-ის“ დირექტორი ჩ. ჰ. პ-ი, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა სხვა საქმის განხილვა, რომელსაც განმცხადებელი, მისი განმარტებით, გაარკვევს საჭიროების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დასაბუთებული განჩინება არ გამოუცხადებია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში ასახულია მისი გასაჩივრების წესი: კერძო საჩივრის წარდგენა დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში. საკასაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის არასწორად გამოყენების გზით, არასწორადვე მიიჩნია გასაჩივრების ვადის დენის დასაწყისად დასაბუთებული განჩინების გამოცხადების დღე, რადგანაც სასამართლოს, როგორც აღინიშნა, დასაბუთებული განჩინება არ გამოუცხადებია. აღნიშნულით მძიმე მდგომარეობა ექმნება თავად მხარეს, რომელიც მოითხოვს საქმის წარმოების მოსამზადებელ ეტაპზე შეწყვეტის გამო, მის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟის სრულად დაბრუნებას. განმცხადებლის განმარტებით, მან საპროცესო ვადის დაცვით წარადგინა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე, საკასაციო სასამართლომ კი, კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის საწინააღმდეგოდ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა, რასაც შედეგად ამ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება არასწორად მოჰყვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ვ. ბ-ის განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და დადგინდა განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლში ამომწურავადაა განსაზღვრული ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რა შეიძლება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში კანონის მიზნებისათვის გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის წინაპირობა გახდეს. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
უდავოა, რომ 2012 წლის 27 სექტემბრის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლები, მხარეთა მორიგების მიზნით გადაიდო 2012 წლის 25 ოქტომბერს.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 24 ოქტომბრის განცხადებით, რომელსაც ხელს აწერს აპელანტი, განმარტებულია მხარეთა შორის მორიგების მიღწევის შეუძლებლობა, ამასთანავე, აპელანტმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნება.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმით დადასტურებულია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი ს. ლ-ე და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ე. გ-ე. ამავე სხდომის ოქმის თანახმად, აპელანტის წარმომადგენელმა დაადასტურა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობის ნამდვილობა, რომელსაც ასევე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, ხოლო სასამართლომ გამოაცხადა ადგილზე თათბირით მიღებული დასაბუთებული განჩინება.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის სასამართლოს მიერ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ხოლო მოგვიანებით, დასაბუთებული განჩინების მომზადება და მის მხარეთათვის გადაცემა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ფაქტი, რომელსაც ესწრებოდა გასაჩივრების მსურველი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი ს. ლ-ე (რწმუნებულება იხ. ტ.I. ს.ფ.96), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ს სავსებით მართებულად ეთქვა უარი კერძო საჩივრის განსახილველად მიღებაზე, ვინაიდან, დასაბუთებული განჩინების სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლი იმპერატიულად უკავშირებს კერძო საჩივრის წარდგენის 12-დღიანი საპროცესო ვადის დენის დაწყებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და კანონის სწორი განმარტების გზით აღნიშნა, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 26 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 6 ნოემბერს. საქმის მასალების თანახმად, კერძო საჩივარი წარდგენილი იყო 2012 წლის 17 დეკემბერს, საპროცესო ვადის დარღვევით (ტ. II, ს.ფ.43) სადაც კერძო საჩივრის შედგენის თარიღად 2012 წლის 15 დეკემბერი იყო მითითებული (ტ. II, ს.ფ.45).
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის წესის დარღვევაზე (სასამართლო სხდომის ჩაუტარებლობა და დასაბუთებული განჩინების გამოუცხადებლობა), თუმცა საკასაციო პალატის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ კერძო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტა, სადაც არ იყო მიწვეული მხარე (სსსკ 422-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები). პალატა ვერ დაეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით კი, განსაზღვრულია, რომ საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
ისეთ ვითარებაში, როდესაც საკასაციო სასამართლო ამოწმებს საჩივრის (იქნება ეს საკასაციო თუ კერძო საჩივარი) განსახილველად მიღებას, კანონი ამ საკითხის გადაწყვეტის წესს ადგენს მხარეთა დაუსწრებლად, ამასთანავე, 419-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ალტერნატივა კერძო საჩივრის განხილვის ფორმასთან დაკავშირებით, შეეხება არა ამ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის კვლევას, არამედ, წარმოებაში მიღებული კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლას.
აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების დანაწესი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არეგულირებს ისეთ ვითარებას, როდესაც სასამართლომ საქმე განიხილა და მხარე საერთოდ არ იყო ინფორმირებული საქმის სასამართლოში განხილვის, საპროცესო მოქმედებებისა თუ საქმის განხილვის ამა თუ იმ პროცესუალური სტადიების თაობაზე („ბ“ ქვეპუნქტი), ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უშუალო გავლენას ახდენს მხარის გარანტირებულ ინტერესზე, რომელიც საქმის განხილვაზე მოწვეული არ ყოფილა („გ“ ქვეპუნქტი). კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ამ წინაპირობების არსებობა, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მხარე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს და ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს მიუთითებს, თუმცა, ვინაიდან სასამართლო საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით არ არის შეზღუდული, არამედ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით უფლებამოსილია შეაფასოს სადავო გარემოებები და მათი სწორი კვალიფიკაციის გზით დაადგინოს ჭეშმარიტება, პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის კონტექსტში, ყურადღებას გაამახვილებს განმცხადებლის მიერ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ვ. ბ-ის განცხადებით: ა) სააპელაციო სასამართლოს სხდომა არ ჩაუტარებია; ბ) დასაბუთებული განჩინება არ გამოცხადებულა, რაც დასტურდება საქმეში არსებული აუდიოჩანაწერით; გ) აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, ხოლო შპს „კ. ი. ე. დ-ის“ დირექტორი ჩ. ჰ. პ-ი, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, სხდომის ოქმში არ არის მითითებული; დ) დასაბუთებული განჩინების გამოუცხადებლობას ადასტურებს ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ის 3 წუთი გაგრძელდა; ე) განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეს განემარტა მისი გასაჩივრების წესი: კერძო საჩივრის წარდგენა დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, რაც მხარის მიერ დაცულია.
ამ გარემოებებთან მიმართებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სასამართლოს მიერ მხარის განხორციელებული თითოეული საპროცესო მოქმედების ნამდვილად მიჩნევისათვის ადგენს საპროცესო მოქმედების ინიციატორის ვალდებულებას, დაადასტუროს სადავოდ გამხდარი გარემოებები. სადავო გარემოებების დადასტურება უკავშირდება არა მხოლოდ ფაქტებზე მითითებას, არამედ მხარეს დაკისრებული აქვს ვალდებულება, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი პოზიციის სისწორე (სსსკ 102-ე მუხლი), ამასთანავე, კანონმდებელი რაიმე შეზღუდვას მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლოსათვის წარდგენის კუთხით არ ადგენს, უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილია რა, უფლების დაცვა შეჯიბრებითობის საწყისზე, განსაზღვრულია, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასეთ ვითარებაში, მართლმსაჯულების როლი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაში გამოიხატება, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მოთხოვნის ნამდვილობის თვალსაზრისით (სსსკ 105-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის - მდივნის მიერ შედგენილი სხდომის ოქმი ნაბეჭდი სახით, სადაც ასახულია დამსწრე მხარეების ვინაობა, დასაბუთებული განჩინების სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და სხვა სადავო საკითხები, ხოლო განმცხადებელი ზეპირი მითითებებით შემოიფარგლება და მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით სურს, დაადასტუროს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს. ის ფაქტი, რომ სხდომის მიმდინარეობის დროდ ასახულია მხოლოდ 3 წუთი, ამასთან, ამავე სხდომის ოქმით დასტურდება, რომ საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში საოქმო განჩინებითაა დასრულებული (სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ცალკე არ გამოუტანია, არამედ იგი ასახულია სხდომის ოქმში), უტყუარად ვერ გახდება იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა და საქმეში წარდგენილია არარსებული საპროცესო დოკუმენტი.
რაც შეეხება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტს, სადაც მართლაც მითითებულია, რომ კერძო საჩივრის წარდგენის 12-დღიანი ვადის დენა დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან დაიწყებოდა, ვერც ეს გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებთან შესაბამისად (მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას), ზემოაღნიშნული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ეს გარემოებები ვერც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდებოდა, რადგანაც ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარეს (უფლებამოსილ წარმომადგენელს) 2012 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა საოქმო განჩინება, სადაც ზედმიწვნითაა ასახული განმცხადებლის მიერ სადავოდ მიჩნეული გარემოებები, მხარე სწორედ ამ დროიდან ითვლება ინფორმირებულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებების თაობაზე (სხდომის ჩაუტარებლობა და სხვა), ხოლო საოქმო განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი ამ კუთხით მხარის პრეტენზიებს არ შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და მისი კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე