№ა-1104-ბ-4-2013 10 აპრილი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ს-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის Nას-494-841-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე შპს „ე. 94-ის“ სარჩელისა გამო სს „ე-ოს“, ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
იმავე კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომელიც მხარეებს 2008 წლის 25 თებერვალს გაეგზავნათ (ტ. მე-3, ს.ფ. 412-415). რ. ს-ი გადაწყვეტილების ჩაბარებას სადავოდ არ ხდის, ამასთან, საქმეში არსებული განცხადება ადასტურებს, რომ 2008 წლის 26 მარტის მდგომარეობით რ. ს-ს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარებული ჰქონდა (ტ. მე-4, ს.ფ. 1-7). განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შემოტანილია 2013 წლის 27 მარტს, შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წელზე მეტი დროა გასული, რ. ს-ის განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე, 426-ე, 264-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ს-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი