¹585-171 (კ-05) 28 თებერვალი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ზ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა.რ. შს მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამრათლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.02.05წ. განჩინება
დავის საგანი _ სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-მ 18.08.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ა\რ შინაგან საქმეთა სამმართველოს წინააღმდეგ. მოსარჩელემ აჭარის ა\რ შს სამმართველოს 23.07.01წ. ¹48 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდური შრომის (5280ლ.) ანაზღაურება და მისი წარმომადგენლის მომსახურების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯის, 250 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. ზ. ს-მ აღნიშნა, რომ 1989 წლიდან მუშაობდა შს ორგანოებში, იყო საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, 2000 წლის 14 ნოემბრამდე მუშაობდა ბათუმის პოლიციის სამმართველოს მე-... ქვეგანყოფილებაში ...-ად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წლის ბოლოს მას წარმოეშვა უსიამოვნება იმდროინდელი მთავრობის წევრებთან, რის გამოც იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო ქ. თბილისში, ვერ ახერხებდა ქ. ბათუმში ჩასვლას და ვერ ცხადდებოდა სამსახურში. მოსარჩელის განცხადებით აჭარის ა\რ იმდროინდელმა შს მინისტრმა კარგად იცოდა აღნიშნული უსიამოვნების შესახებ და მიუხედავად ამისა 23.07.01წ. ბრძანებით ზ. ს-ე სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო გაანთავისუფლა სამსახურიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო 2001 წლის იანვრიდან ბრძანების გამოცემის დღემდე მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ განთავისუფლების ბრძანების ასლი მას ჩაბარდა 17.08.04წ., რის შემდეგაც მან 18 აგვისტოს შეიტანა საჩივარი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.10.04წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზ. ს-მ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო პალატის 09.02.05წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა რომ აპელანტმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, სადავო ბრძანება გაასაჩივრა მისი მიღებიდან 3 წლისა და ერთი თვის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის 09.02.05წ. განჩინება ზ. ს-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ” კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება”, შს ორგანოების დისციპლინური წესდება, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ ადგენენ სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე ვადას და მიუთითებენ კანონმდებლობით დადგენილ ზოგად წესზე. შრომის დავათა მომწესრიგებელი სპეციალური კიანონით – შრომის კანონთა კოდექსის 204.1 მუხლით დადგენილია სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რომელიც აითვლება ბრძანების მუშაკისათვის ჩაბარების დღიდან. იგივე გამომდინარეობს ზაკ-ის 94-ე, 180-ე მუხლებიდან, სასკ-ის 22.3 მუხლის დებულებებიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 13.01.99წ. რეკომენდაციიდან.
კასატორი თვლის, რომ სამსახურიდან მისი განთავისუფლება უკანონოდ განხორციელდა. სადავო ბრძანებაში განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ატესტაციის შედეგების მიხედვით მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული სამსახურიდან განთავისუფლების თარიღი, არ არის დაზუსტებული თადარიგში დაითხოვეს თუ გაათავისუფლეს შს ორგანოებიდან. კასატორი თვლის, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონდარღვევით, რის გამო სადავო ბრძანება ზაკ-ის მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გაუქმებას ექვემდებარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ზ. ს-ე 1984 წლიდან შს სამინისტროს ორგანოებში, ხოლო 2000 წლის 14 ნოემბრამდე ბათუმის პოლიციის სამმართველოს მე-... განყოფილებაში ...-ის თანამდებობაზე მუშაობდა. 2000 წლის ბოლოს ზ. ს-მ დატოვა აჭარის ა. რ. ტერიტორია და ამის შემდეგ აღარ გამოცხადებულა სამსახურში. აჭარის ა. რ. შს მინისტრის 23.07.01წ. ¹48 ბრძანებით ზ. ს-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან ,,შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო, რაც გამოიხატა 2001 წლის იანვრიდან ბრძანების გამოცემის დღემდე სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის ა. რ. შს მინისტრის 23.07.01წ. ¹48 ბრძანების უკანონოდ ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ზ. ს-მ სარჩელით მიმართა 03.05.04წ., სადავო ბრძანების გამოცემიდან 3 წლის და 1 თვის შემდეგ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. სადავო ბრძანების გამოცემის დროს აღნიშნული მუხლის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა გასაჩივრებული აქტის ხანდაზმულობის ვადის ათვლას აქტის გაცნობიდან. საერთო წესის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კასატორი არ უარყოფს, რომ 2000 წლის ბოლოს დატოვა აჭარის ა.რ. ტერიტორია, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და მას შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 Dდღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან. ამდენად, ზ. ს-ს უნდა სცოდნოდა სამსახურიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ. ზ. ს-ე სასარჩელო განცხადებაში თავად აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 14.11.2000წ. არ იქნა დაშვებული სამსახურში მისი უშუალო უფროსის, პოლიციის მე-... განყოფილების უფროსის ო. პ-ის მიერ. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ კასატორს არ შეუტყობინებია ადმინისტრაციისათვის თავისი ადგილსამყოფელი, ხოლო ქ. ბათუმში მდებარე ბინა, სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლო დავის საგანს წარმოადგენდა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად 22.05.01წ. აუქციონზე გაიყიდა. შესაბამისად არ არსებობდა კასატორისათვის სადავო ბრძანების ჩაბარების შესაძლებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორისათვის ასევე ცნობილი იყო სამსახურიდან განთავისუფლების ზუსტი თარიღი. საქმეში დაცულია 19.02.04წ. განცხადება, რომლითაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვს სამსახურში მიღებას, კასატორი აჭარის ა.რ. იმჟამინდელი შ.ს. მინისტრის ჯ. გ-ის სახელზე შედგენილ განცხადებაში მიუთითებს, რომ ოჯახური პირობების გამო ვერ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც 2001 წლის ივლისში დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან(ს.ფ. 20). აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ს-სთვის ცნობილი იყო (ან ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ცნობილი) მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ცხადი იყო აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ამდენად, უკეთუ ზ. ს-ე თვლიდა, რომ სამსახურიდან დათხოვნით უკანონოდ შეელახა უფლება, მას შეეძლო კანონმდებლობით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში მოეთხოვა აჭარის ა. რ. შს მინისტრის 23.07.01წ. ¹48 სადავო ბრძანების ბათილად ცნობა. კასატორი ვერ უთითებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ რაიმე საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზ. ს-ს გაცდენილი აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I-ლი პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმაო საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ზ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.02.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.