Facebook Twitter

№ა-1126-ბ-5-2013 5 აპრილი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. კ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე თ. ჟ-ის სარჩელისა გამო ტ. კ-ის წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

2013 წლის 29 მარტს ტ. კ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით ტ. კ-ს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა.

2013 წლის 8 აპრილს ტ. კ-მა განცხადება წარმოდგინა, რომლის მიხედვითაც იგი უარს ამბობს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ტ. კ-მა უარი თქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, მითითებული განცხადების მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის განმეორებით მომართვა იმავე განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. კ-ის განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეწყდეს საქმის წარმოება;

2. განემარტოთ მხარეებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის განმეორებით მომართვა ამავე საქმეზე, ამავე განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით ამავე საფუძვლით, დაუშვებელია;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

მოსამართლე ვ. როინიშვილი