საქმე №ა-264-შ-2-2013 15 აპრილი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სასომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ს-ს ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ე. ს-ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის – 20000 დრამის გადახდა მოსარჩელის სასამართლოსათვის მიმართვის მომენტიდან – 2012 წლის 30 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე, გ. ს-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 4800 დრამის გადახდა სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 30 ოქტომბერს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანმა შუამ დგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ს-ს ა. ხ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ე. ს-ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის – 20000 დრამის გადახდა მოსარჩელის სასამართლოსათვის მიმართვის მომენტიდან – 2012 წლის 30 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე, გ. ს-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 4800 დრამის გადახდა სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 30 ოქტომბერს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გ. ს-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 4800 დრამის გადახდა სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე