Facebook Twitter
#as-110-389-08

№ა-805-შ-12-2013 15 აპრილი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ბ-გ

განხილვის საგანი – გერმანიის ბერლინის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ბერლინის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს: ი. შ-სა და ს. ბ-ს შორის, 2006 წლის 21 ივლისს ქალაქ ფიურტის მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 269/2006.

ი. შ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ი. შ-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის – გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე ს. ბ-გი, გაფრთხილებული იყო მოცემული საქმის განხილვის დროის შესახებ. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორ ი. შ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...), რაც ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73.1 მუხლებისა და 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2013 წლის 20 მარტს და დასრულდა 2013 წლის 29 მარტს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.

რამდენადაც ი. შ-ს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია – არ წარმოუდგენია ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის – გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე ს. ბ-ი გაფრთხილებული იყო მოცემული საქმის განხილვის დროის თაობაზე, შუამდგომლობა გერმანიის ბერლინის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბერლინის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების (რომლითაც გაუქმდა მხარეებს: ი. შ-სა და ს. ბ-ს შორის, 2006 წლის 21 ივლისს ქალაქ ფიურტის მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 269/2006) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე