Facebook Twitter

№ა-1104-ბ-4-2013 8 აპრილი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ს-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განჩინებისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე შპს „ე. 94-ის“ სარჩელისა გამო სს „ე-ოს“, ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას.

როგორც განცხადებითა და საქმის მასალებით ირკვევა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე. 94-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს „ე. 94-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს „ე. 94-სა“ და რ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. განმცხადებელი ითხოვს როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების, ისე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება,

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელია განსჯადი სასამართლო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოთხოვნა ეხება როგორც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას, განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ზემდგომმა სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმებული ნაწილის მიმართ თვითონ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ზემდგომ სასამართლოში, რომელიც თვითონ განიხილავს საკითხს მთლიანად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების შესახებ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაგანსჯადი სასამართლოა და, შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი, განიხილოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე რ. ს-ის განცხადება, აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ამასთან, განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ იგი უფლებამოსილია, იმავე მოთხოვნით ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განმცხადებელს განემარტოს, რომ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე განსჯადი სასამართლოა ახალციხის რაიონული სასამართლო;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი