№ა-1104-ბ-4-2013 11 აპრილი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ს-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას.
მოცემულ შემთხვევაში, რ. ს-ი ითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის N20ა/312-07 განჩინების ბათილად ცნობას. ვინაიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ განხილულა სამოქალაქო საქმე ნომრით 20ა/312-07, განმცხადებელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით საკუთარი მოთხოვნის დაზუსტება დაევალა. ხარვეზის განჩინების პასუხად, რ. ს-მა მიუთითა, რომ ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის N2ბ/213-07 განჩინების გაუქმებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში.
ვინაიდან მხარე სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს, რ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადი არ არის, რის გამოც განუხილველად უნდა დარჩეს; ამასთან რ. ს-ს იმავე სამოქალაქო საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით განემარტა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე განსჯადი სასამართლოა ახალციხის რაიონული სასამართლო.
განცხადებას ერთვის სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ვინაიდან რ. ს-ის განცხადება განუხილველად დარჩა, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს აღნიშნულ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 424-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. რ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 11.03.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი