№ას-219-211-2012 15 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ი-მა მოპასუხეების – მ. ს-სა და ნ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა:
1. მოპასუხე მ. ს-სათვის მის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის დაკისრება;
2. მ. ი-სა და ნ. ლ-ეს შორის 2009 წლის 13 თებერვალს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2011 წლის 22 თებერვალს, იმავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ნ. ლ-ემ მოპასუხე მ. ი-ის მიმართ და მოითხოვა:
1. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის – 25000 აშშ დოლარის, სარგებლის – 3750 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 33605 აშშ დოლარის დაკისრება;
2. სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოწინააღმდეგე მხარისათვის ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით ძირითადი თანხის 0.22%-ის – 55 აშშ დოლარის დაკისრება;
3. დაკისრებული თანხების გადახდევინების სანაცვლოდ, მოპასუხე მ. ი-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქ.თ-ი, ... გამზირის 30ა, ყოფილი ... გამზირი 29, კორპუსი 1, ბინა 92) მოსარჩელე ნ. ლ-ის საკუთრებაში გადაცემა და საჯარო რეესტრში ამ უკანასკნელის საკუთრებაში აღრიცხვა.
შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, მასა და მ. ი-ს შორის 2009 წლის 13 თებერვალს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ი-მა ისესხა 25000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირაგასამტეხლოც - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.3%-ის ოდენობით. მითითებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ... გამზირის 30ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ყოფილი ... გამზირი 29, კორპუსი 1, ბინა 92). ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ასევე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გადავიდოდა ნ. ლ-ის საკუთრებაში. შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, შედეგად, მას ერიცხება დავალიანება, მათ შორის: ძირითადი თანხა – 25000 აშშ დოლარი; ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 თვის სარგებელი – 3750 აშშ დოლარი (თვეში 5%-ის ოდენობით) და საურავი – 33605 აშშ დოლარი (0.22%-ის ოდენობით საურავი 611 დღეზე), ჯამში 62355 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, შეგებებულმა მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, დავალიანების გადახდევინების სანაცვლოდ მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ბინა (ტომი 1, ს.ფ. 191-199).
შეგებებული სარჩელის მოპასუხემ – მ. ი-მა, შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს 2010 წლის ივნისის ჩათვლით ასრულებდა მ. ს-ა. შემდგომში, ვალდებულების (ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა) შესრულებაც მან იკისრა, რაც დასტურდებოდა მისი ხელწერილებით. ამდენად, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა იმ ფაქტზე მითითება, რომ თითქოს მოსარჩელემ არაერთხელ მოსთხოვა მას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ვინაიდან მას ასეთი ვალდებულება არ გააჩნდა (ტომი 1, ს.ფ. 234-243).
თ-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით:
1. მოპასუხე მ. ს-ას მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა;
2. მ. ი-ის სარჩელი 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
6. ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
7. 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის – 25000 დოლარის, სარგებლის – 3250 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 33605 აშშ დოლარის, აგრეთვე, პირგასამტეხლოს სახით სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 0.22%-ის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეს გადაეცა და მის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხე მ. ი-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მდებარე ქ.თ-ი, ... გამზირი 30ა, ყოფილი ... გამზირის 29, კორპუსი 1, ბინა 92);
8. მ. ი-ს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს დასაბუთება მ. ი-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ეფუძნება შემდეგს: მოპასუხე მ. ს-ამ მის მიერ შედგენილი ხელწერილით აღიარა მ. ი-ისგან 10000 აშშ დოლარის სესხად აღების ფაქტი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ცნო მოსარჩელის მოთხოვნა, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. რაც შეეხება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ნ. ლ-ის მიერ მისი მოტყუების ფაქტი, ამიტომ არ არსებობდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება სასამართლომ შემდეგნ.დ დაასაბუთა: საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხე მ. ი-ის მიერ ნ. ლ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული არ იყო, მას არ ჰქონდა გადახდილი ძირი თანხა, არც ერთი თვის სარგებელი, არც პირგასამტეხლო ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკუთრებაში გადასვლას. დასახელებული გარემოებები, სასამართლოს მოსაზრებით, იძლეოდა ნ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან, 417-418-ე, 286-ე მუხლებიდან, მე-300 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებიდან (ტომი 1, ს.ფ. 332-346).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 362-374).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელი მ. ი-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
4. მ. ი-ს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 25000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხისათვის სარგებელი - 3750 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო - 7637.50 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, 2011 წლის 22 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - პირგასამტეხლო ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით, რაც ერთ დღეზე 12.5 აშშ დოლარს შეადგენს;
5. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მ. ი-ის მიერ ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, სარეალიზაციოდ მიექცა მ. ი-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ... გამზირის №30ა-ში (ყოფილი ... გამზირი №29, კორპ. 1) ბინა №92, იპოთეკის საგნის მოთხოვნის ღირებულების, კერძოდ, 50000 ლარის ფარგლებში;
6. მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
7. მ. ი-ს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1770 ლარის ოდენობით;
8. ნ. ლ-ეს მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1713.85 ლარის ოდენობით;
9. ნ. ლ-ეს მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ადვოკატისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება 840 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ლ-ესა და მ. ი-ს შორის 2009 წლის 13 თებერვალს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ი-მა მიიღო 25000 აშშ დოლარი სესხის სახით, სამი თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირაგასამტეხლოც - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.3%-ის ოდენობით. მითითებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ... გამზირის 30ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ყოფილი ... გამზირი 29, კორპუსი 1, ბინა 92). ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ასევე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გადავიდოდა ნ. ლ-ის საკუთრებაში;
მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია;
2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა იპოთეკის საგნის (54.00 კვ.მ ფართის ბინა მდებარე თბილისში, ... გამზირის №30ა-92-ში, საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე მ. ი-ი) მოთხოვნის ღირებულება 50000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2009 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნის საგნის ღირებულებაა 50000 ლარი, ადგენდა უზრუნველყოფის მოცულობას (ფარგლებს). ასეთი დასკვნის გაკეთების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა თავად ხელშეკრულებაში არსებული დებულების ფორმულირება მოთხოვნის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულებაა მოთხოვნის ღირებულება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა არა იპოთეკის საგნის ღირებულება, რომელიც ბევრად უფრო აღემატებოდა მოთხოვნის ღირებულებას, არამედ იმ მოთხოვნის ზღვრული ოდენობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა აღნიშნული ქონება. შესაბამისად, მხარეებმა გაითვალისწინეს მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები, რომელიც მოიცავდა როგორ ძირითად თანხას, ასევე პროცენტს, პირგასამტეხლოსა და ყველა შესაძლო ზიანს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მ. ი-ი, თუმცა, ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოტყუებით დადების თაობაზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან აპელანტს (მოპასუხეს) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია, ამიტომ მას უნდა დაკისრებოდა სესხის ძირითადი თანხის - 25000 აშშ დოლარის და 3 თვის მიუღებელი სარგებლის - 3750 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს წლიური ოდენობა შეადგენდა 80.3 %-ს, იგი შუსაბამოდ მაღალი იყო და მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად გამოყენების მცდელობაზე მიუთითებდა. აქედან გამომდინარე, პალატამ სამართლიანად მიიჩნია პირგასამტეხლო, ყოველდღიურად, სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით.
შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება, ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შეთანხმებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე ამავე კოდექსის მე-300 მუხლზე და განმარტა, რომ მითითებული მუხლი იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით ადგენს შემდეგ წესს: 1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. 2. თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება, გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს. 3. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ 2009 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებით, მართალია, გათვალისწინებულ იქნა იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა მოვალის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული შეთანხმება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისათვის საკმარის საფუძვლად. პალატამ აღნიშნა, რომ, როგორც სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლას წინ უნდა უსწრებდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების გამო მხარეთა ერთობლივი განცხადება. აღნიშნული ნორმა შემდეგ აუცილებელ წინაპირობებს ითვალისწინებს: 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, 2. კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე; 3. ამ შეთანხმების საჯარო რეესტრში ერთობლივად წარდგენა რეგისტრაციის მიზნით. პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებაზე მოვალის იძულება დაუშვებელია. მითითებული ნორმის დანაწესი არეგულირებს ისეთ მდგომარეობას, როდესაც მოვალე ვალდებულებას ვერ ასრულებს და აღნიშნულის გამო კრედიტორთან ერთად ერთობლივი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს კრედიტორის საკუთრებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული საგნის გადაცემის თაობაზე. კანონი არ კრძალავს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამომავლოდ განსახორციელებელ მოქმედებაზე წინასწარ შეთანხმებას, მაგრამ, ამასთან, ეს შეთანხმება მხოლოდ სამომავლო მოქმედების განხორციელებაზე – ერთობლივი განცხადების შედგენაზე თანხმობას უნდა ეხებოდეს. ამდენად, დაუშვებელია, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ქონების პირდაპირ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, თუნდაც, ამგვარი შეთანხმების არსებობის პირობებში, თუ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ამგვარ ფორმაზე ვალდებული პირი თანახმა არ არის. შესაბამისად, მართალია, მოცემულ შემთხვევაში წერილობითი ფორმით გათვალისწინებულ იქნა მ. ი-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა ქონების პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის გზით, თუმცა, რადგან ვალდებულების დარღვევის ეტაპზე აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა მოვალის ნებას და იგი არ გამოთქვამდა თანხმობას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ამგვარ ფორმაზე, ამიტომ მოვალე უნდა დაკმაყოფილებულიყო ქონების რეალიზაციის გზით. საკითხის ამგვარად შეფასება, პალატის მოსაზრებით, შეესაბამებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განჩინება, საქმეზე №ას-1283-1538-09).
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ვალდებულების შესრულება წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ამომწურავ საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკის) საკუთრებაში გადასვლისას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. უზრუნველყოფის სანივთო უფლების (იპოთეკის) დადგენისას მხარეები იმთავითვე ითვალისწინებენ საგნის ღირებულებას, ამიტომ, როგორც წესი, იპოთეკის საგნის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. ამ შემთხვევაში წინდაწინ იქმნება იმის ვარაუდი, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ამ პირობებში ნათელია, თუ სად გადის მოვალის პასუხისმგებლობის ზღვარი. იგი ხელს უწყობს მოვალის ინიციატივას, აქტიურად გამოიყენოს იპოთეკა, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. ამასთან, უცვლელი რჩება იმ მესაკუთრის სამართლებრივი სტატუსი, ვინც არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნორმებს შემოაქვს სახელშეკრულებო თავისუფლების ელემენტები სანივთო სამართალში, აძლევს რა მხარეებს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე, კერძოდ იმაზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება.
სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში მხარეები თანხმდებიან ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ღირებულებაზე, ანუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, თუ რა თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს მოვალის მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის საგნით მისი ღირებულების მხოლოდ 50000 ლარის ფარგლებში. მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა საშუალებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალე მ. ი-ი, თუ საკუთარი ნებით არ შეასრულებდა ვალდებულებას სრული ოდენობით, წინამდებარე ვალდებულების იძულებით აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ 50000 ლარის ფარგლებში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. 50000 ლარის ამოღების შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება წყდებოდა, ვინაიდან 2009 წლის 13 თებერვლის გარიგებით დადგინდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის ფასი და მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი ისეთ პირობაზე, რომელიც კრედიტორს მიანიჭებდა უფლებას, მოვალის სხვა ქონებიდან ან ფულადი სახსრებიდან მოეხდინა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლომ, აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული განმარტება მომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან და ნორმის ამგვარმა განმარტებამ შემდეგ საკანონმდებლო ასახვა ჰპოვა ამავე მუხლის მე-11 ნაწილში. 2009 წლის 4 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებამდე, აღნიშნული ნორმა სასამართლო პრაქტიკით სწორედ ამგვარად განიმარტებოდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის დიდი პალატის №ბს-1537-1494 (კ-08) გადაწყვეტილება). (ტომი 2, ს.ფ. 106-128, 135-137).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფლდა სარჩელის მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ი-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით, მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფლდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე იპოთეკის საგნის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ქონების საკუთრებაში გადაცემის ნაცვლად, მისი სარეალიზაციოდ მიქცევით (ისიც 50000 ლარის ფარგლებში), სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა;
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლი. პალატის მოსაზრებით, კრედიტორს იპოთეკის საგანი საკუთრებაში ვერ გადაეცემოდა, რადგან საკუთრებაში გადასვლის მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების გამო მხარეთა ერთობლივი განცხადება. კასატორის განმარტებით, წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება შედგეს ერთობლივი განცხადება იმ პირობებში, როდესაც მოვალე საერთოდ არ აღიარებს ვალს და მოითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ამასთან, თუ ერთობლივი განცხადება შედგება და დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, მაშინ რა ფუნქცია აკისრია სასამართლოს. საქმის მასალებით და თავად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოვალეს არ გადაუხდია არც ძირი თანხა, არც მასზე დარიცხული პროცენტი და არც პირგასამტეხლო. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, დაკისრებული თანხების სანაცვლოდ, იპოთეკის საგნის პირდაპირ კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე იყო კანონიერი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ უთხრა უარი მოსარჩელეს მისი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლოს მოცულობა, სასამართლოს მიდგომა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აზრს უკარგავს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების არსებობას, ვინაიდან კრედიტორის უფლებები საგრძნობლად ირღვევა;
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 მუხლის განმარტება. ამ მუხლის პირველი ნაწილით ირკვევა, რომ მესაკუთრის განცხადებით, იპოთეკის საგნის მოთხოვნის ფასია 50000 ლარი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ეს არის ის ზღვრული თანხა, რაც შეიძლება შეიცავდეს ძირ თანხას, სარგებელს და შესაძლო ზიანს. გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება წინასწარ განისაზღვროს შესაძლო ზიანი, როდესაც 50000 ლარი თავისი მოცულობით უკვე ავსებს ძირ თანხას და სარგებელს ერთად, იგი ჯამში შეადგენს 28750 აშშ დოლარს. ხელკშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია სესხი, სარგებელი და შესაძლო ზიანი. აქ საუბარია სრულ საგანზე და არა ხელშეკრულების დადების დროისთვის განსაზღვრული საგნის ღირებულებაზე (ტომი 2, ს.ფ. 150-154).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ლ-ესა და მ. ი-ს შორის 2009 წლის 13 თებერვალს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ი-მა ნ. ლ-ისგან ისესხა 25000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით;
სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირაგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი თანხის 0.3%;
სესხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და შესაძლო ზიანის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ. ი-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ.თბილისში, ... გამზირის 30ა-ში (ყოფილი ... გამზირი #29, კორპუსი #1) მდებარე ბინა #92;
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის (მსესხებლის) მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი გადავიდოდა იპოთეკარის (გამსესხებლის) საკუთრებაში;
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა მოთხოვნის ოდენობას;
მ. ი-ს (მსესხებელს) ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია;
2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა იპოთეკის საგნის (54.00 კვ.მ ფართის ბინა მდებარე თბილისში, ... გამზირის №30ა-92-ში, საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე მ. ი-ი) მოთხოვნის ღირებულება 50000 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის შესაძლებლობას, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესაძლებლობა მოვალის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა დავას არ იწვევდა, სააპელაციო სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა კრედიტორის (მოსარჩელის) მოთხოვნა იპოთეკის საგნის მის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესაძლებლობა მოვალის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაგრამ აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენდა იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის საკმარის საფუძველს. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებაზე მოვალის იძულება არ დაიშვებოდა, კერძოდ, დაუშვებელი იყო, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ქონების პირდაპირ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, თუნდაც, შეთანხმების არსებობის პირობებში, თუ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ამგვარ ფორმაზე ვალდებული პირი თანახმა არ იყო. ასეთ შემთხვევაში, მოვალე უნდა დაკმაყოფილებულიყო ქონების რეალიზაციის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის გადასაწყვეტად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლით დასაშვებია თუ არა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლა, როცა ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით, თუ უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია, როცა მოვალე წინააღმდეგია კრედიტორთან ერთად განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის განმარტება. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის, იგი უნდა განიმარტოს არა მარტო სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ ასევე სხვა ნორმებთან კონტექსტში (სისტემურად), მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მიზნის განმარტებისათვის მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მითითებული ნორმა სამოქალაქო კოდექსის სიახლეს წარმოადგენს, კერძოდ, 2007 წლის 29 ივნისის ცვლილებებამდე, სამოქალაქო კოდექსით აკრძალული იყო იპოთეკის საგნის პირდაპირ კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა (სკ-ის 302.2 მუხლი). ამ აკრძალვის გამო, მხარეები პრაქტიკაში სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდნენ, რომლებიც ყოველთვის არ თავსდებოდა კანონის ფარგლებში. გარდა ამისა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე გაყიდვის გართულებული პროცედურა აჭიანურებდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესს, რაც იწვევდა არა მარტო კრედიტორების უკმაყოფილებას, არამედ აფერხებდა სამოქალაქო ბრუნვას. სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ზემოხსენებული ცვლილებების მიზანი იყო იპოთეკით დატვირთული ქონებიდან კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებების მარეგულირებელი ნორმების სრულყოფა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, ერთი მხრივ, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის პროცესის გამარტივებით, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით.
სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლი ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა. მითითებული ნორმის მიხედვით: 1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით; 2. თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს; 3. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოხსენებული ნორმა ადგენს შემდეგ წინაპირობებს: ა. კრედიტორი და მოვალე შეთანხმებული უნდა იყვნენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის თაობაზე; ბ. უნდა არსებობდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი; გ. კრედიტორმა და მოვალემ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ საჯარო რეესტრს იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სკ-ის მე-300 მუხლის შინაარსი ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს, მხოლოდ მოვალის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა. მითითებული ნორმის ამგვარი განმარტებით, მთლიანად მოვალის კეთილსინდისიერებაზე იქნებოდა დამოკიდებული, დათანხმდებოდა თუ არა იგი იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლას საჯარო რეესტრში ერთობლივი განცხადების წარდგენით. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ზემოხსენებული ნორმის მიზანს - შეზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოვალე აღსრულების პროცესის უსაფუძვლო გაჭიანურებაში, და ბოლოს, ამგვარი განმარტება, ფაქტობრივად, უმოქმედოდ გადააქცევდა ზემოხსენებულ ნორმას. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: - ასეთ შემთხვევაში რისი უფლება აქვს კრედიტორს? ცხადია, კრედიტორს არა აქვს უფლება, ცალმხრივად მიმართოს საჯარო რეესტრს და მოითხოვოს იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა, მაგრამ იგი უფლებამოსილია, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა, თუ, რა თქმა უნდა, დაამტკიცებს, რომ: ა. იპოთეკის ხელშეკრულებით არსებობს შეთანხმება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის თაობაზე; ბ. მოვალემ დარღვია ვალდებულება და, მიუხედავად ამისა, იგი წინააღმდეგია, კრედიტორს საკუთრებაში გადასცეს იპოთეკის საგანი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კრედიტორის ასეთი უფლებამოსილება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრედიტორი და მოვალე ხელშეკრულებით შეთანხმდნენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის თაობაზე, შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია, იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაცვლად, მოითხოვოს ამ საგნის საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად აუცილებელია ასევე გაირკვეს, დაარღვია თუ არა მოვალემ ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალემ (მოპასუხემ) დაარღვია 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს უარი ეთქვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე და შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, იგი სადავოდ ვეღარ გახდის ვერც ხელშეკრულების ნამდვილობას და ვერც დაკისრებული თანხის ოდენობას, ვინაიდან ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში იპოთეკის საგნის გადაცემის სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც საფუძვლიანს ხდის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას - იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა არა იპოთეკის საგნის ღირებულება, არამედ იმ მოთხოვნის ზღვრული ოდენობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოება მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან არსებობს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში იპოთეკის საგნის გადაცემის სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გამორიცხავს მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლების დადგენის საჭიროებას. ამ გარემოების დადგენის აუცილებლობა იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, თუ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდებოდა არა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლით, არამედ იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვით, რისი უფლებაც, მოთხოვნის დაკმაყოფილების ალტერნატივის სახით, კრედიტორს გააჩნდა (ხელშეკრულების 5.2 პუნქტი).
საკასაციო პალატა იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კრედიტორს (იპოთეკარს) საკუთრებაში უნდა გადაეცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, ვალის ოდენობა აღარაა მნიშვნელოვანი, იმის გათვალიწინებით, რომ ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას (ხელშეკრულების 5.1 პუნქტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი, ხოლო, მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლი, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი უნდა დარჩეს უცვლელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მითითებული ნორმის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი ვალდებულია, შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ამ დროს მხედველობაში მიიღება არა მარტო საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟი, არამედ, ის ხარჯებიც, რომლებიც გაიღეს მხარეებმა ქვემდგომ ინსტანციებში საქმეთა განხილვისას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ლ-ეს შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3000 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 209-210), ხოლო, საკასაციო საჩივარზე _ 2805.85 ლარი (მთლიანობაში, 5855.85 ლარი). მ. ი-ს სარჩელზე გადახდილი აქვს 630 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 125, 126), ხოლო, სააპელაციო საჩივარზე (როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) - 4850 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 13, 20). მას გადახდილი აქვს ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯი 1750 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 127). მ. ი-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და შესაბამისი პროპორციით საადვოკატო მომსახურების ხარჯის, მხარეთა შორის განაწილების თაობაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის უნდა განაწილდეს მხოლოდ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები. ნ. ლ-ეს შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, როგორც აღინიშნა, გადახდილი აქვს 5855.85 ლარი. მოპასუხე მ. ი-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4850 ლარის), ისევე როგორც საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის (1750 ლარის), მხოლოდ ნახევარი წარმოადგენს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯს, ვინაიდან მოპასუხეს სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც თავისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ამასთან, სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დავის საგნის ღირებულება, მოცემულ შემთხვევაში, იდენტურია, ვინაიდან სარჩელის დავის საგანია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო, შეგებეული სარჩელის დავის საგანია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. მართალია, მ.ი-ის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, მაგრამ დავა ქონებრივ ხასიათს ატარებს, ვინაიდან მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას არ დაეკისროს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, ანუ - შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილად უნდა იქნეს მიჩნეული მის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის (4850 ლარის) ნახევარი - 2425 ლარი, ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის (1750 ლარის) ნახევარი - 875 ლარი, სულ 3300 ლარი.
ზემოაღნიშნული ხარჯები მხარეთა შორის უნდა განაწილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, ვინაიდან ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ გაღებული თანხა უნდა მიეკუთვნოს შეგებებული სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – შეგებებული სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მ. ი-ს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა: 1. სესხის ძირითადი თანხა - 25000 აშშ დოლარი; 2. სამი თვის სარგებელი - 3750 აშშ დოლარი; 3. პირგასამტეხლო სარჩელის აღძრვამდე - 7637.5 აშშ დოლარი; 4. პირგასამტეხლო სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0.05% - 12.5 აშშ დოლარი. ამდენად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს - 37737.5 (25000+3750+7637.5+1350) აშშ დოლარს, ანუ სადავო თანხის (70655 აშშ დოლარის) 53.41%-ს, ხოლო, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ღირებულება - 32917.5 აშშ დოლარს, ანუ სადავო თანხის 46.59%-ს. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ გაღებული ხარჯები მათ შორის უნდა განაწილდეს ზემოხსენებული პროპორციით, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5855.85 ლარის 53.41%, რაც შეადგენს 3127.6 ლარს, ხოლო, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3300 ლარის 46.59%, რაც შეადგენს 1537.47 ლარს. ამასთან, ვინაიდან მოპასუხის მოთხოვნის მოცულობა ნაკლებია მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობაზე, იგი უნდა გაიქვითოს და საბოლოოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1590.13 (3127.6-1537.47=1590.13) ლარის გადახდა.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, კასატორი ფაქტობრივად სრულად ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ მისი საკასაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 80835 აშშ დოლარს, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 6000 და არა 2805.85 ლარი.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ზემოხსენებულ მოსაზრებას და აღნიშნავს შემდეგს: მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორის მიერ გასაჩივრებულია ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შეგებებული სარჩელი. მართალია, კასატორი ითხოვს ასევე მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებას, რაც ისედაც დაკისრებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მივიჩნიოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებად, რომელიც კასატორის სასარგებლოდ იყო გამოტანილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება ელემენტარულ ლოგიკას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორს გასაჩივრებული აქვს მხოლოდ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამ ნაწილში კი, საკასაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება საკასაციო საჩივარში მითითებულ ღირებულებას (33605 აშშ დოლარს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემისა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით მ. ი-ისათვის ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების სანაცვლოდ, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი - ქ.თბილისში, ... გამზირის #30ა-ში (ყოფილი ... გამზირი #29, კორპუსი #1) მდებარე ბინა #92 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...) საკუთრებაში გადაეცეს ნ. ლ-ეს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხოს გადაცემული ქონების მესაკუთრედ;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი დარჩეს უცვლელად;
6. მ. ი-ს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1590.13 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე